თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები დღეიდან, 2 სექტემბრიდან მთლიანად მოიხსნა და რეგიონი ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება, განაცხადა სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.
მესტიის მუნიციპალიტეტში კარანტინი 10 აგვისტოს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც სოფელ ლენჯერში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ვიბლიანის თქმით, 10 აგვისტოდან მუნიციპალიტეტში 5 ათასამდე PCR–ტესტი ჩატარდა, მათგან 1,5 ათასი განმეორებითი იყო.
„მესტიასა და ლენჯერში ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები არ გამოვლენილა. მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, სოფლებში კვლავ ჩატარდება მასობრივი თერმოსკრინინგი და PCR–კვლევა", – განაცხადა ვიბლიანმა.
გარდა ამისა, ხუთშაბათიდან, 3 სექტემბრიდან განახლდება ფრენები ნატახტრიდან მესტიის მიმართულებით. შესაბამისი ინფორმაცია მესტიის აეროპორტის Facebook-გვერდზე ვრცელდება.
აეროპორტის ინფორმაციით, მგზავრობის ღირებულება უფროსებისთვის 90 ლარია, 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასო იქნება.