პრემიერმა გახარიამ აბიტურიენტებს სტუდენტობა მიულოცა

© photo: Sputnik / Stringerთსუ
თსუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინა წელს სტუდენტი გახდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 71%, წელს კი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტების 75%-მა მოიპოვა.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა, ნათქვამია პრემიერის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აბიტურიენტების რეგისტრაცია - Sputnik საქართველო
რა შედეგებით დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები

„გილოცავთ პირველკურსელებო, თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა! მათ კი, ვინც წელს ვერ შეძლო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, გული არ გაიტეხოთ, კიდევ უფრო მეტად მოემზადეთ და მომავალ წელს აუცილებლად მიაღწიეთ მიზანს. გისურვებთ წარმატებებს, თქვენ საქართველოს საუკეთესო მომავალი ხართ!" – დაწერა გიორგი გახარიამ.

პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

„ვულოცავ ყველა ახალგაზრდას ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სტუდენტობას. ამ წლების განმავლობაში თქვენ მიერ შეძენილი ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი შექმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს! წარმატებებს გისურვებთ და მინდა ირწმუნოთ, რომ თქვენს შრომაზე, შესაძლებლობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული თქვენი მიღწევები!" – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.

წინა წელს სტუდენტი გახდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 71%, წელს კი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტების 75%-მა მოიპოვა.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 5 აგვისტოს დასრულდა. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მათზე დარეგისტრირებული იყო 39,3 ათასზე მეტი აბიტურიენტი და 3,6 ათასზე მეტი სტუდენტი.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.

ყველა ახალი ამბავი
0