ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო: ეპილეფსიის მედიკამენტის მიწოდების ხარვეზი აღარ არსებობს

74
(განახლებულია 20:25 31.08.2020)
უწყების განმარტებით, „ლევეტირაცეტამის" გაცემის შეფერხების მიზეზი ერთი პროგრამიდან მეორეში მედიკამენტების გადაცემისთვის საჭირო პროცედურა გახდა.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ხარვეზი, რომელიც ეპილეფსიით დაავადებული პირებისთვის აფთიაქებიდან მედიკამენტ „ლევეტირაცეტამის" გატანას ეხებოდა, გადაჭრილია, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

ეპილეფსიით დაავადებული პაციენტების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ დაახლოებით ორი თვეა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამით ვერ სარგებლობს, რის გამოც მედიკამენტის შეძენა საკუთარი სახსრებით უწევთ. წამლის ღირებულება დაახლოებით 200 ლარია, რაც ბევრისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია.

ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ პრობლემა მოგვარდა და პაციენტების ნაწილმა აღნიშნული მედიკამენტი უკვე მიიღო.

უწყებაში ასევე განმარტეს, რომ შეფერხების მიზეზი ერთი პროგრამიდან მეორეში მედიკამენტების გადაცემისთვის საჭირო პროცედურა გახდა.

„დღევანდელი მდგომარეობით, ყველა მედიკამენტის პრობლემა მოხსნილია „ავერსის“ საააფთიაქო ქსელში. დღის ბოლოს სხვა აფთიაქებსაც ექნებათ წვდომა აღნიშნულ მედიკამენტზე", – აცხადებენ სამინისტროში.

მიმდინარე წლიდან საქართველოში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების გაცემა გამარტივდა. კერძოდ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს აღარ მოეთხოვებათ სოციალური მომსახურების სააგენტოში სპეციალური რეგისტრაციის გავლა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100) ცნობის წარდგენა. ახლა მოქალაქეებს მედიკამენტების მიღება ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტით შეუძლიათ.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა და სიმბოლურ ფასად მედიკამენტების მიღება შეუძლიათ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს, ასევე პენსიონერებს, შშმ პირებს, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეებს.

სახელმწიფო პროგრამა ასევე ვრცელდება გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული დაავადებების, მეორე ტიპის დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე მოქალაქეებზე.

სოციალურად დაუცველები და შშმ პირები, ასევე პენსიონერები მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად შეიძენენ. პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებული პირები კი მედიკამენტის შეძენისას მინიმუმ 75%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

74
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (226)
ლევან გოგიჩაიშვილი

ლევან გოგიჩაიშვილი კორონავირუსისგან განიკურნა

10
(განახლებულია 11:53 28.09.2020)
ლევან გოგიჩაიშვილმაც და მისმა მეუღლე ვიკა ბუკიამაც მკურნალობის კურსის შემდეგ ჩაიტარეს ტესტი და პასუხი უარყოფითია

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ტელეარხ „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ვიკა ბუკია კორონავირუსისგან განიკურნენ. ამის შესახებ ბუკიამ თავის Facebook–გვერდზე დაწერა.

„უარყოფითიო, ხალხნო, უარყოფითია ორივე! მორჩა კორონა:) დავამარცხეთ!“ – წერს ბუკია.

უფრო ადრე გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ დაავადება მასაც და მის მეუღლესაც მსუბუქ ფორმაში აქვთ. უფრო მეტიც, როდესაც დეპუტატის მეუღლეს აღმოაჩნდა ვირუსი, მას სიმპტომები საერთოდ არ ჰქონდა.

გოგიჩაიშვილს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდგინდა. ამის შემდეგ პარტიას „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“, რომლის პოლიტიკური მდივანიც ის არის, წინასაარჩევნო კამპანიაში პაუზის აღება მოუწია.

დეპუტატების შემდეგ აპარატის თანამშრომელი: პარლამენტში ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა>>

ამასთან, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყველა პირი, რომელთანაც გოგიჩაიშვილს ჰქონდა კონტაქტი 5 სექტემბერის შემდეგ, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს და ყველას ჩაუტარეს ტესტი კორონავირუსზე.

კორონავირუსზე მკურნალობას განაგრძობს პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი გედევან ფოფხაძე.

10
თემები:
COVID-19 საქართველოში
ილია მეორე

საქართველოს პარტიარქი უკრაინაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

22
(განახლებულია 11:38 28.09.2020)
„ვილოცებთ მათი უკვდავი სულებისთვის“ – წერს პატრიარქი უკრაინის პრეზიდენტისა და კიევის მეტროპოლიტისადმი გაგზავნილ სამძიმრის წერილებში

თბილისი, 28 სექტემბერი  — Sputnik.  საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ  ხარკოვის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი გაუგზავნა

26 სექტემბრის საღამოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-26 ხარკოვის ოლქში ქალაქ ჩუგუევთან ახლოს იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც სასწავლო ფრენას ახორციელებდა. ბორტზე იმყოფებოდა 27 ადამიანი - ეკიპაჟის 7 წევრი და 20 კურსანტი. 25 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორმა კურსანტმა თვითმფრინავიდან გადმოსვლა მოახერხა, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„ჩვენ ვლოცულობთ მათი უკვდავი სულებისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი და თანადგომა გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მთელ უკრაინელ ხალხს. დაშავებულთ კი ვუსურვებთ, ღვთის წყალობით, მალე გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია ილია მეორის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს განცხადებით, მსგავსი წერილი გაეგზავნა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, მის უნეტარესობა ონოფრეს.

22
თემები:
საქართველოს საპატრიარქო