ქართული ოცნების ოფისი

კორონავირუსის აჩრდილი: „ქართულ ოცნების" ლიდერებს ტესტირება უტარდებათ

122
(განახლებულია 20:10 31.08.2020)
საქართველოში ახალი კლასტერი გაჩნდა – „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისი, სადაც კორონავირუსით ინფიცირების უკვე სამი შემთხვევა დადასტურდა.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გუშინ, 30 აგვისტოს კორონავირუსი დაუდგინდა მმართველი პარტიის ოფისის საწყობის თანამშრომელ ქალს. ვირუსი ასევე დაუდგინდა მასთან კონტაქტში მყოფ ხუთ პირს, მათგან ორი „ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის თანამშრომელია.

ამ ეტაპზე PCR-ტესტირება უტარდება როგორც ტექნიკურ პერსონალს, ისე პარტიის ლიდერებს. ამ დროისათვის ყველა შედეგი უარყოფითია.

თვითიზოლაციაში იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რადგან კორონავირუსი დაუდასტურდა მისი პირადი დაცვის ერთ-ერთ წევრს.

ასევე კორონავირუსი დაუდგინდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელს.

სუს-ში ინფიცირებულთა ჯაჭვს დღეს კიდევ ერთი პირი დაემატა.

122
თემები:
COVID-19 საქართველოში (1783)
ლაბორატორია

ინფიცირებული მოსწავლეები, მასწავლებელი, მერიის თანამშრომლები რა ვითარებაა სამეგრელოში

29
(განახლებულია 13:02 23.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გასულ დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643 ადამიანი, გარდაიცვალა 25.

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. ზუგდიდში კორონავირუსი მერიის სამ თანამშრომელს დაუდასტურდა, სამივე მათგანი უკვე დადასტურებული შემთხვევების კლასტერს უკავშირდება, განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის  შემსრულებელმა მალხაზ თორიამ  „Sputnik-საქართველოსთან“

ამ დროისთვის ზუგდიდის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, თანამშრომელთა ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. ინფიცირებულ პირებთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი – ტესტის პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.  

თორიას განცხადებით, რეგიონში გუშინ  კორონავირუსზე PCR-ტესტი 728 მოქალაქეს ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხი 17 შემთხვევაში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან.

კორონავირუსის  შემთხვევებიდან  14  გუშინ დადასტურებული ორი მოქალაქის კონტაქტებია. სამი მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის სკოლის მოსწავლეა.  მათი ინფიცირების წყარო ქობულეთიდან მოწვეული  მასწავლებელია, რომელსაც ინფექცია აღმოაჩნდა.  რაც შეეხება სკოლას, დაწესებულება ფუნქციონირებას დისტანციური რეჟიმში  აგრძელებს. ინფიცირებულთა შორისაა აფხაზეთიდან გადმოყვანილი ერთი პირიც. 

„ამ ეტაპზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიებას ახორციელებენ.  რეგიონში გამკაცრდება  მოქალაქეების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვაზე კონტროლი“, - განაცხადა  მალხაზ თორიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გასულ დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643 ადამიანი, გარდაიცვალა 25.

ქვეყანაში ბოლო 24- საათში პაციენტის გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა – ბოლო ორ დღეში  СOVID-19-ს  ხუთი პაციენტი ემსხვერპლა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

29
თემები:
COVID-19 საქართველოში (1783)
PCR–ტესტირება ბათუმში

რთული, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება აჭარის მეთაურმა რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა

14
(განახლებულია 13:07 23.09.2020)
რეგიონი სრულ მზადყოფნაშია, რომ საშიშ ვირუსს შეებრძოლოს, სისტემა გამართულად მუშაობს ყველა დონეზე – მობილიზებულია აჭარის ლოგისტიკური, ლაბორატორიული და ეპიდემიური სიმძლავრეები

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რეგიონში ყველა უწყება გამართულად მუშაობს, ამიტომ შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობა არ არის, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის ოპერატიული შტაბის სხდომაზე.

ბოლო 24 საათში დარეგისტრირებული კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა.

„დაინფიცირებული პაციენტების მართვის ნაწილში პრიორიტეტს წარმოადგენს კლინიკური მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება. დღეს აჭარაში ჩამობრძანდა მარინა ეზუგბაია. მის კოლეგებთან ერთად ჩვენ უკვე გავაგრძელებთ ყველა კოვიდ-მართვის კლინიკასთან აქტიურ კომუნიკაციას“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში სრულად არის მობილიზებული ლოგისტიკური, ლაბორატორიული და ეპიდემიური სიმძლავრეები, ადამიანური და ტექნიკური რესურსები.

„არ იგეგმება რამე სახის მძიმე შეზღუდვების დაწესება... ახლა მოვიდა დრო, როცა უნდა მოვახდინოთ ვირუსის მართვა და ადაპტაცია... ეპიდვითარების ლოკალიზება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთიანობით, სოლიდარობით და მოქალაქეების მაქსიმალური პასუხისმგებლობით. ამას ემატება ჯანდაცვის სექტორიც, რომელიც გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ეფექტურად მართოს ეს პროცესები. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ სისტემა გამართულად მუშაობს, კიდევ უფრო მზარდი დინამიკის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს უპატრონოდ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

გაქვთ თუ არა კორონავირუსი: მსურველებს თბილისში COVID–19–ზე ტესტის ჩატარება შეუძლიათ>>

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, იმის იმედი, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება, არ უნდა გვქონდეს.

როგორც მან აღნიშნა, შემდგომი დინამიკა მთლიანად მოსახლეობაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანები არ დაიცავენ დადგენილ წესებს, შემთხვევების რაოდენობა არ შემცირდება.

14
თემები:
COVID-19 საქართველოში (1783)
კახა კალაძე

თბილისში „ფორდის“ მარკის 300 მიკროავტობუსს შემოიყვანენ

0
(განახლებულია 13:29 23.09.2020)
კახა კალაძის განცხადებით, 300 მიკროავტობუსი საკმარისი არ არის, ამიტომ საჭირო გახდება დამატებითი შესყიდვები.

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ოქტომბერში დედაქალაქში „ფორდის“ მარკის 300 ახალი სამარშრუტო ტაქსი შემოვა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ახალ მიკროავტობუსებს თბილისის მერია შეიძენს>>

კალაძის განცხადებით, ძველი მიკროავტობუსების ჩასანაცვლებლად და 300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი 15 ივლისს გამოცხადდა, ტენდერის დასრულების შემდეგ კი, 18 სექტემბერს  გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა.

„გვყავს გამარჯვებული კომპანია, „ფორდის“ მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსი ეტაპობრივად შემოვა დედაქალაქში. ოქტომბერში გარკვეული ნაწილი უკვე ადგილზე იქნება და დანარჩენიც 180 კალენდარული დღის განმავლობაში შემოვა, რათა მთლიანად ჩავანაცვლოთ მიკროავტობუსები“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, 300 მიკროავტობუსი საკმარისი არ იქნება და საჭირო გახდება დამატებითი შესყიდვების განხორციელება.

„პირველი წლების განმავლობაში თბილისში დაახლოებით 3 ათასამდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, თუმცა რეფორმით, რომელიც წამოვიწყეთ, ავტობუსების, მიკროავტობუსების რაოდენობა დაახლოებით 1200-მდე შემცირდება, მთლიან მოდერნიზებას ვაკეთებთ ქსელის, ძირითად რაიონებში ივლის 12-მეტრიანი, 10-მეტრიანი, 8-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო თბილისის რელიეფიდან გამომდინარე, არსებული ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე, საჭიროა მიკროავტობუსები“, – განაცხადა კალაძემ.

„ჩემი გეგმა მაქვს“: როგორ აპირებს თბილისის ვიცე-მერი სამარშრუტო ტაქსების პარკის განახლებას>>

თბილისს ამჟამად დაახლოებით 1,8 ათასი „მარშრუტკა" ემსახურება. დღის განმავლობაში მიკროავტობუსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

0
თემები:
თბილისი დღეს