ლევან რატიანი

როგორია შატილში დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა? ექიმების პროგნოზი

92
(განახლებულია 18:37 27.08.2020)
ექიმებს იმედი გაუჩნდათ – ავტოავარიაში დაშავებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაში, რომელიც კრიტიკულად ფასდებოდა, პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას გადარჩენილი სამი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დადებითია, განაცხადა ჟურნალისტებთან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა. 

23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან მიკროავტობუსი გადავარდა, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. მათი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად შეფასდა. ორ პაციენტს შინაგანი სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მათ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ.

„პაციენტების მდგომარეობაში გუშინდელთან შედარებით დადებითი დინამიკა აღინიშნება. ორ მათგანთან წნევა გახდა სტაბილური, ანუ შოკის კლინიკა მოიხსნა. კლინიკურ-ლაბორატორიული მდგომარეობით და ასევე ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია“, – განაცხადა რატიანმა.

მისი განმარტებით, კლინიკაში შეყვანის მომენტში პაციენტების მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუსაბამო და კრიტიკული იყო, თუმცა მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის გაუმჯობესებულია.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

92
მაია ასათიანი

„ძალიან ცუდად მოვიქეცი... არ მიმატოვოთ ამ განსაცდელში“ მაია ასათიანი დახმარებას ითხოვს

897
(განახლებულია 21:06 21.09.2020)
პოპულარული ტელეწამყვანი განსაცდელშია. ნახეთ რა შეემთხვა მაია ასათიანს და რატომ ითხოვს დახმარებას სოციალურ ქსელში.

„ბავშვი რომ დედას რაღაცას უმალავს ისეთი განცდა მაქვს, თინეიჯერობის შემდეგ ასეთი განცდა არ მქონია“, – ამბობს ტელეწამყვანი მაია ასათიანი „ინსტაგრამზე“ გავრცელებულ ვიდეოში. ჟურნალისტი საზოგადოებას საკუთარ ისტორიას უყვება და დახმარებას სთხოვს. ასათიანი ჰყვება, რომ ცუდი საქციელი ჩაიდინა, რაც სიგარეტის მოწევის განახლებას უკავშირდება.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

„ძალიან ცუდად მოვიქეცი დაახლოებით ორი კვირაა. ვიფიქრე, რომ 10 წელია დანებებული მაქვს მოწევისთვის თავი და ერთ ღერს მოვწევ მეთქი და აი ამ ერთმა ღერმა დამღუპა. რაღაც სუფრაზე ვიყავი, დავლიე ერთი ორი ჭიქა და... ჩემებმა გაიგეს, ვერ მიშველა იმათმა აკრძალვებმაც. ერთი კვირაა უკვე აღარ მივარჯიშია. ეს ვიდეოც იმიტომ ჩავწერე, რომ საკუთარი თავის შემრცხვეს. ახლა მე მჭირდება თქვენი დახმარება, არ მიმატოვოთ ამ განსაცდელის ჟამს“, – ამბობს ჟურნალისტი და „ფოლოვერებს“ სთხოვს ურჩიონ, როგორ დაანებოს მოწევას თავი.
View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა.

897
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ლაბორატორია

სოფელ შრომაში საჯარო სკოლა დაიხურა კორონავირუსი დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდგინდა

95
(განახლებულია 20:41 21.09.2020)
საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 193-ით გაიზარდა.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საჯარო სკოლა დაიხურა, მიზეზი – კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

გავრცელებული ინფოცრმაციით, კორონავირუსის ინფექცია სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც 35 პირი, მათ შორის 27 ბავშვი, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

„სკოლის 27 მოსწავლეს და 14 მასწავლებელს ტესტი უკვე ჩაუტარდა, რომლის პასუხიც 72 საათში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდება, დაიწყება წყაროების მოკვლევა, რათა გავრცელების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა კონსტანტინე ხომერიკმა.

დღეს სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა სენაკის საჯარო სკოლაც, სადაც პედაგოგსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, მასწავლებელს ვირუსი სენაკელი ქალისგან გადაედო, რომელიც დადასტურებულ შემთხვევას წარმოადგენს, მოსწავლეები კი მისი კონტაქტები არიან. სკოლის ყველა მოსწავლეს და პედაგოგს PCR-ტესტი უკვე ჩაუტარდა – პასუხები დღეს გახდება ცნობილი. 

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 193-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3695 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

95
თემები:
COVID-19 საქართველოში
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ოთხი პრინციპი: რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა გაეროში

0
თავის ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეეხო მშვიდობის, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და განათლების პრობლემებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას დაასახელა ოთხი საფუძველი, რომელზეც დგას „მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს“.

გაერო თავის იუბილეს კორონავირუსის პანდემიით შექმნილი სიტუაციის ფონზე აღნიშნავს. წევრი ქვეყნების ლიდერები რიგრიგობით გამოდიოდნენ სიტყვით ვიდეომიმართვების ფორმატში, რომელთა მთავარი გზავნილი იყო მომავლის ხედვა, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში.

პრეზიდენტის თქმით, პირველი საფუძველი არის მშვიდობა.

„მაშინ, როცა მსოფლიოში ახალი პარადიგმები იქმნება, მოვიდა დრო, შევიმუშაოთ ახალი ხედვა და გამოსავლები, რათა შეიცვალოს გაუსაძლისად „გაყინული“ მდგომარეობა. მშვიდობა და განვითარება წინსვლის ერთადერთი გზაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მეორე საფუძველია - „სიცოცხლისუნარიანი პლანეტა“.

„ჩვენ ყველა მომსწრენი გავხდით, თუ როგორი პოზიტიური გავლენა ჰქონდა ჩაკეტვებს ჩვენს გარემოზე და შეცვალა ჩვენი აღქმა... ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ იმის მიუხედავად ახდენს თუ არა ჩვენი ქმედებები გავლენას გლობალურ სურათზე, მაინც შეგვიძლია, ვითამაშოთ ექსპერიმენტული, თუმცა სამაგალითო როლი საერთო სტრატეგიის ფორმირებაში“, - ხაზგასმით აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მესამე საფუძველია - „ინკლუზიური და ჯანსაღი საზოგადოება“.

„კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა. საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია. ეს შესაძლებელი გახდა საზოგადოებას, სამედიცინო ავტორიტეტებსა და სახელმწიფოს შორის შექმნილი „ნდობის სამკუთხედისა“ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

და მეოთხე საფუძველი, უკიდურესი, მაგრამ, პრეზიდენტის თქმით, არა უკანასკნელი - „განათლებული მოქალაქეები კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში“.

„მიუხედავად ინფორმაციის სანდოობის მიმართულებითა და უსაფრთხოების კუთხით არსებული საფრთხეებისა, ინტერნეტის განვითარებამ ახალი შესაძლებლობები შექმნა განათლების, კულტურისა და კრეატიული ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გაერო შეიქმნა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და გაძლიერების, თანამშრომლობის განვითარების მიზნით. ის მოწოდებულია წარმოადგენდეს ერების შეთანხმებული მოქმედებების ცენტრს საერთო მიზნების მიღწევის გზაზე. გაეროს წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს, მისი წევრი 193 სახელმწიფოა.

0
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი