რუსთაველის თეატრი

შეზღუდვები იხსნება: რა რეგულაციების დაცვა იქნება აუცილებელი თეატრებსა და კინოთეატრებში

81
(განახლებულია 16:26 26.08.2020)
თერმოსკრინინგისა და დეზინფექციის ჩატარების შესახებ ზოგადი რეკომენდაციები კინოთეატრებსა და თეატრებში უცვლელი რჩება.

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. კინოთეატრებსა და თეატრებში მაყურებელს პირბადით დაუშვებენ და თითო სკამის გამოტოვებით განათავსებენ, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ კინოთეატრები მუშაობას 15 სექტემბრიდან, ხოლო თეატრები 1 ოქტომბრიდან განაახლებენ.

ფერაძის განმარტებით, თერმოსკრინინგისა და დეზინფექციის ჩატარების შესახებ ზოგადი რეკომენდაციები კინოთეატრებსა და თეატრებში უცვლელი რჩება.

„მოგახსენებთ იმ რეკომენდაციებს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნება დაწესებული. ზოგადი მოთხოვნები, რაც შეეხება თერმოსკრინინგის ჩატარებასა და სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებას, უცვლელი რჩება. 5 კვადრატულ მეტრზე იქნება ერთი ადამიანის დაშვება“, – განაცხადა ფერაძემ.

რაც შეეხება თეატრს, განისაზღვრა ღონისძიების ჩატარების დროის მონაკვეთის ზედა ზღვარი, კერძოდ, თეატრში მაყურებლის ყოფნის მაქსიმალური დრო 3 საათი იქნება და ის მოიცავს როგორც შენობაში შესვლის, ისე დატოვების პროცესს. ღონისძიება უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო საქართველოში კინოთეატრები და თეატრები მარტის შემდეგ დახურულია.

81
თემები:
COVID-19 საქართველოში (1780)
შოთა არველაძე

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

13
(განახლებულია 12:40 23.09.2020)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. ცნობილ ფეხბურთელს შოთა არველაძეს, რომელიც ტაშკენტის საფეხბურთო კლუბ „ფახთაკორის“ მთავარი მწვრთნელია, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას უზბეკური გამოცემა Tribuna.uz-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, არველაძე გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე, რომელიც 23 სექტემბერს „ფახთაკორსა“ და „შადრი ჰუდრუს“ შორის უნდა გაიმართოს, ვერ უხელმძღვანელებს.

მედიის ინფორმაციით, შოთა არველაძე იზოლაციაშია გადაყვანილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

13
თემები:
COVID-19 საქართველოში (1780)
თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: შესაძლოა სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადების საკითხზე მსჯელობა დაიწყოს

30
(განახლებულია 11:19 23.09.2020)
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4140 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1643 პაციენტი

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. თუ მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა 200-ის ფარგლებში იქნება, სკოლებსა და ბაღებში სწავლა პირველ ოქტომბერს განახლდება, განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა  დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

ცერცვაძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ დღეს არსებული მდგომარეობა ვერ შენარჩუნდა, შესაბამისი ორგანოები სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ.

,,თუ  ქვეყანაში ეპიდვითარება ისე განვითარდება, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ს გადასცდება, როგორც ბოლო დღეებში ფიქსირდება, ალბათ, განათლების სამინისტრო და  შესაბამისი სტრუქტურები სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით  გადადების საკითხზე მსჯელობას დაიწყებენ.  თუმცა, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე  არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4140 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1643 პაციენტი, გარდაიცვალა 24 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

30
თემები:
COVID-19 საქართველოში (1780)