მესტია

დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები მალე მოიხსნება

194
(განახლებულია 15:46 26.08.2020)
მესტიის მუნიციპალიტეტში მრავალი ეფექტური ღონისძიება გატარდა, მათ შორის 5 ათასამდე ადამიანის ტესტირება, რამაც ეპიდემიის შეჩერებას შეუწყო ხელი.

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები 2 სექტემბრიდან მოიხსნება, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მესტიაში კარანტინი ნაწილობრივ მოიხსნა>>

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში 10 აგვისტოს კორონავირუსით ინფიცირების ერთბაშად 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

„დაბა მესტიასა და ლენჯერში მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ გადაწყვეტილება – 2 სექტემბრიდან გაიხსნას აღნიშნული სოფლები. დაბა მესტიასა და ლენჯერში 2 სექტემბრამდე გაგრძელდება ინტენსიური ტესტირების რეჟიმი, რაც ხელს შეუწყობს პრევენციას და სურათის ნათლად ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები ნაწილობრივ 21 აგვისტოს მოიხსნა, კერძოდ, გაიხსნა ყველა სოფელი გარდა დაბა მესტიისა და სოფელი ლენჯერისა.

ადგილობრივ მოსახლეობაში ჩატარდა 3 509 ტესტი, კიდევ 1 246 ტესტი ჩაუტარდათ იმ პირებს, ვინც მუნიციპალიტეტში კარანტინამდე ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

გამყრელიძე: ქვეყანაში გაფართოებული ტესტირება გრძელდება>>

სულ გამოვლინდა 49 დადებითი შედეგი. აქედან 29 ინფიცირებული ადგილობრივი მცხოვრებია, 20 – მათი კონტაქტი.

194
თემები:
COVID-19 საქართველოში (1777)
ლაბორატორია

საქართველოში კორონავირუსით 25–ე პაციენტი გარდაიცვალა

16
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1643 ადამიანი.

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, შესაბამისი ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გავრცელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა დღეს ორით გაიზარდა და სულ 25 ადამიანი შეადგინა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროში 640 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

16
თემები:
COVID-19 საქართველოში (1777)
საავადმყოფოს პალატა

COVID–19–ის შემთხვევების ზრდა: მედიკოსები საწოლების ეკონომიის მოწოდებით გამოდიან

14
(განახლებულია 11:13 23.09.2020)
კორონავირუსით ინფიცირებულების საგანგაშო დღიური ზრდა ლოგიკურ კითხვას იწვევს – საკმარისია თუ არა საწოლები საავადმყოფოებში?

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. თუ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ლოკალიზაცია ვერ მოხერხდება, სამედიცინო რესურსების თანაბრად განაწილება პაციენტებზე არ გამოვა, განაცხადეს მედიკოსებმა ტელეკომპანია Rustavi2–ის ეთერში.

მოსალოდნელ რისკებზე საუბრისას ექიმებმა აღნიშნეს, რომ ვირუსის მზარდი სტატისტიკის პირობებში საჭიროა, რომ სტაციონარში განთავსდნენ მხოლოდ შედარებით მძიმე პაციენტები, ხოლო ვისთანაც ვირუსი მსუბუქ ფორმებში ვითარდება, ისინი სახლში მკურნალობდნენ.

„თუ ეს ასე გაგრძელდა ორი–სამი თვის განმავლობაში, ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით პაციენტები დაგვიგროვდება, გაჭირდება მათი მოვლა, ტრიაჟი, ანალიზების დროულად გაცემა. ამიტომ საწოლები არ დავაკავოთ, ძალიან ძვირფასი რესურსი, რომელიც დასჭირდება იმ ადამიანებს, რომელთაც ავადობა ექნებათ“, – განაცხადა ალერგოლოგ–იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა

საავადმყოფოს რესურსების ეკონომიის აუცილებლობაზე ისაუბრა ასევე ინფექციონისტმა, კლინიკა NeoLab–ის კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილმა.

მეზვრიშვილი: ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება>>

„ჩაკეტვა და კარანტინები მთლიანად, რა თქმა უნდა, ვერ აჩერებს პროცესს და უბრალოდ გადაავადებს, რომ დრო იყოს მომზადებისთვის და ეს მივიღეთ ჩვენც. როდესაც შევამსუბუქეთ რეგულაციები, შესაბამისად მივიღეთ აღმავლობა. ახლა მთავარია დაიგეგმოს ამ ინფიცირებულთა მართვა. ერთ-ერთი ეს საშუალება, რომლითაც ჩვენ ეფექტურად ვმართავთ, იქნება ის, რომ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები დარჩნენ ბინაზე და ჰოსპიტალური რესურსი აღარ დავახარჯოთ მათ“, – აღნიშნა ბუწაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 4140–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643, გარდაიცვალა – 24 ადამიანი.

ამასთან, გუშინ და დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობა 200–ს გადასცა. გუშინ იყო 218, ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი – 227 შემთხვევა დაფიქსირდა. გუშინ გარდაიცვალა სამი, ხოლო დღეს კიდევ ერთი ადამიანი.

მიუხედავად ეპიდემიური სიტუაციის გაუარესებისა, საქართველოს მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ აპირებს, თუმცა დააწესა ახალი შეზღუდვები – აიკრძალა ქორწილები, ქელეხები და სხვა მასობრივი ღონისძიებები. ქვეყნის ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში გადაიდო სწავლა სკოლებში, თუმცა 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი ონლაინ–რეჟიმში მიმდინარეობს.

იგეგმება თუ არა თბილისში საველე კარვების მოწყობა? – გამყრელიძის განმარტება>>

ქვეყანაში დაკეტილია საზღვრები – მოქმედებს შეზღუდვები საერთაშორისო სახმელეთო, საზღვაო და ავიამიმოსვლაზე.


14
თემები:
COVID-19 საქართველოში (1777)