ლევან რატიანი

„ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულია" ლევან რატიანი შატილში დაშავებულებზე

508
(განახლებულია 19:20 24.08.2020)
შატილში 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნილი მიკროავტობუსის მგზავრებიდან სამი გადარჩა. ისინი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი გიდი და ერთი უცხოელია. 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნილი მიკროავტობუსის მგზავრებიდან სამი გადარჩა. ისინი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული. ექიმების თქმით, დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ექიმების პროგნოზი არასაიმედოა. 30 წლამდე ასაკის სამივე ქალბატონის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. ორ მათგანს სასწრაფო ოპერაცია უტარდება, განაცხადა ლევან რატიანმა.

„ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა კრიტიკულია, განსაკუთრებით მძიმეა ორი. მათ უარყოფითი დინამიკა აქვთ, დაეწყოთ შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწრაფოდ საოპერაციო ბლოკში გადაიყვანეს, მიმდინარეობს ოპერაცია. ამ ეტაპზე მესამე ქალის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, უტარდება გამოკვლევა. სამივე მათგანს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება", – განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი მედიკამენტოზური გზით არის შენარჩუნებული, სამივე შემთხვევაში პოლიტრავმა ფიქსირდება.

„მათი მდგომარეობის პერსპექტივაზე ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი", – აღნიშნა რატიანმა.

სოფელ ბისოს მკვიდრი შალვა ქეთელაური, რომლისგანაც საექსკურსიო ტურის მონაწილეებმა თაფლი იყიდეს, ვარაუდობს, რომ მიკროავტობუსს ტექნიკური პრობლემა შეექმნა.

„ჩემი ვარაუდით, მას (მიკროავტობუსს) რაღაც გაუფუჭდა... ჩემთან გაჩერდნენ, თაფლი იყიდეს და როცა წავიდნენ, რაღაცა ხმა იყო მანქანის. ვიფიქრე, გაჩერდებიან-მეთქი, თითქოს საბურავი გაუსკდათ... იქ, ქვემოთ მუშები იყვნენ, მათ თქვეს, რომ მიკროავტობუსს მოსახვევში არც კი მოუხვევია, პირდაპირ შეეჯახა მათ გაჩერებულ მანქანას. მათი მანქანაც გადააგდო და თავადაც გადავარდა დიდი სიმაღლიდან", – განუცხადა ქეთელაურმა ტელეკომპანია Rustavi2-ს.

ადგილი ჰქონდა თუ არა ტექნიკურ გაუმართაობას, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის დადგენილებას პრემიერმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

508
ნანიკო ხაზარაძე

„კარგად მაჭმევენ, წყნარად იყავი...“ - ნანიკო ხაზარაძის მამა პანსიონატიდან დედას მიმართავს

26
(განახლებულია 11:09 28.09.2020)
ყველასთვის საყვარელმა ტელეწამყვანმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ქართული რეალობისთვის უჩვეულო განცხადება გაავრცელა

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე მამის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მისი მამა, ცნობილი პროფესორი დავით ხაზარაძე, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვს, პანსიონატიდან დედას მიმართავს.

ცნობილი ექიმი ვიდეოში დედას ეუბნება, რომ დაწესებულებაში კარგად კვებავენ და სანერვიულო არაფერი აქვს, ბაღში ვარჯიშობს კიდეც.

ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ მამა, ცნობილი ექიმი და ლექტორი პან­სი­ო­ნატ­ში წა­იყ­ვა­ნა. ნა­ნი­კო ამის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუქ­ის“ პირად გვერდზე წერდა და საზოგადოებას სთხოვდა, ამისთვის არ გაეკიცხათ.

ნა­ნი­კო აღ­ნიშ­ნავად, რომ მის მა­მას ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა აქვს და ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ის თავს უკეთ იგრძნობდა პანსიონატში, რადგან ამ მდგომარეობაში მისი თუნ­დაც მომ­ვლელ­თან ერ­თად სახ­ლში მარ­ტო და­ტო­ვე­ბა რის­კია.

სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან ტელეწამყვანმა მხოლოდ დადებითი გამოხმაურება მიიღო. საზოგადოების ნაწილმა საკუთარი გამოცდილებაც კი გაუზიარა ამ მძიმე სენთან ბრძოლაში და ნანიკოს გადაწყვეტილება შეუქო.

ნანიკო ხაზარაძე წლებია მედიასივრცის შეუცვლელი მუშაკია. კარიერა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც საქართველოში მასმედია განვითარების პირველ საფეხურებს გადიოდა. პოპულარული ტელეწამყვანი ბევრი ადამიანის საყვარელ ტელესახედ იქცა. ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა ახალი საავტორო გადაცემა „საიმედო რეკომენდაციები“ დაიწყო. ტელესახე მხოლოდ საინტერესო რჩევებით არ შემოიფარგლება და მაყურებელს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხზე საკუთარ გამოცდილებას პირდაპირ ეთერში უზიარებს.

26
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ლევან გოგიჩაიშვილი

ლევან გოგიჩაიშვილი კორონავირუსისგან განიკურნა

22
(განახლებულია 11:53 28.09.2020)
ლევან გოგიჩაიშვილმაც და მისმა მეუღლე ვიკა ბუკიამაც მკურნალობის კურსის შემდეგ ჩაიტარეს ტესტი და პასუხი უარყოფითია

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ტელეარხ „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ვიკა ბუკია კორონავირუსისგან განიკურნენ. ამის შესახებ ბუკიამ თავის Facebook–გვერდზე დაწერა.

„უარყოფითიო, ხალხნო, უარყოფითია ორივე! მორჩა კორონა:) დავამარცხეთ!“ – წერს ბუკია.

უფრო ადრე გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ დაავადება მასაც და მის მეუღლესაც მსუბუქ ფორმაში აქვთ. უფრო მეტიც, როდესაც დეპუტატის მეუღლეს აღმოაჩნდა ვირუსი, მას სიმპტომები საერთოდ არ ჰქონდა.

გოგიჩაიშვილს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდგინდა. ამის შემდეგ პარტიას „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“, რომლის პოლიტიკური მდივანიც ის არის, წინასაარჩევნო კამპანიაში პაუზის აღება მოუწია.

დეპუტატების შემდეგ აპარატის თანამშრომელი: პარლამენტში ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა>>

ამასთან, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყველა პირი, რომელთანაც გოგიჩაიშვილს ჰქონდა კონტაქტი 5 სექტემბერის შემდეგ, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს და ყველას ჩაუტარეს ტესტი კორონავირუსზე.

კორონავირუსზე მკურნალობას განაგრძობს პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი გედევან ფოფხაძე.

22
თემები:
COVID-19 საქართველოში
დაკავება

ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

0
(განახლებულია 12:25 28.09.2020)
ბრალიდ დამტკიცების შემთხვევაში ორივე დაკავებულს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ურთიერთშელაპარაკების მიზეზი

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე  ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბერს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნაძალადევის რაიონში ცოტნე დადიანის ქუჩაზე ირანელი მამაკაცი  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა  და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ინციდენტის დროს  ბრალდებულთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც ირანის მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით პატიმრობას.

0