თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების წყარო ერთ შემთხვევაში უცნობია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ხუთი ახალი შემთხვევა „იმპორტირებულია“, მათგან ერთი ტრაილერის მძღოლია; ორი შემთხვევა სვანეთის სოფელ ლენჯერს უკავშირდება, კიდევ ორი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს დადგენის მიზნით.
ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 267 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია, 24-ის კი მძიმე.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 27 პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი მძიმე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1421-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1137, გარდაიცვალა – 17, კარანტინში იმყოფება 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.