ბლოკპოსტი სვანეთში

კორონავირუსის ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი „ლენჯერის კლასტერს“ უკავშირდება

525
(განახლებულია 14:04 23.08.2020)
ეპიდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა სულ 1411 ადამიანს, ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1132 ადამიანი

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული 17 ახალი შემთხვევიდან 11 უკავშირდება „ლენჯერის კლასტერს“, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კიდევ ერთი ინფიცირებული არის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ხუთი - იმპორტირებულია. მათგან სამი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია.

„11 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს და ლენჯერის კლასტერს, მაგრამ 11-დან ადგილზე მხოლოდ შვიდია დადგენილი, დანარჩენი სვანეთს გარეთ კონტაქტებია. ასევე, 17-დან ერთი ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, დანარჩენი ხუთი არის იმპორტირებული შემთხვევა. ყველას წყარო ცნობილია. იმპორტირებულებიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტს, იქ კორონავირუსზე ტესტირება გრძელდება. პირები, რომლებსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდა, მანამდე იზოლაციაში იმყოფებოდნენ, განაცხადა მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

„დღეს ისევ ვმუშაობთ ლენჯერის თემში. გვინდა, მაქსიმალურად მოვიცვათ მოსახლეობა. მესტიაში დაგვრჩა ერთი ოჯახი, რომელიც დღეს გაიტესტება. დაბა მესტიაში, სხვა ოჯახებში, რომლებიც კონტაქტები იყვნენ, განმეორებითი ტესტირების დროს არც ერთი შემთხვევა არ აღმოჩნდა. თვითონ ის პირები, რომლებსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათ კონტაქტები არ ჰყავთ. სახლებში იყვნენ, პროდუქტებს და ყველა საჭირო ნივთს, ჩვენ თავად ვაწვდიდით“, – აღნიშნა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

მაღალი ეპიდემიური რისკის გამო 10 აგვისტოს შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, მესტიისა და ლენჯერის გარდა, 21 აგვისტოდან გაიხსნა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1411-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1132 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6848, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 269 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო 31 მარტს - საყოველთაო კარანტინი.

 

525
თემები:
COVID-19 საქართველოში (1771)
ავიაკომპანია  AirZena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი

დაინიშნა ჩარტერული რეისი თბილისი-ბერლინი

45
(განახლებულია 19:57 22.09.2020)
საქართველოს საჰაერო საზღვარი კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერ ისევ დაკეტილია. სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways ჩარტერულ რეისს ბერლინის მიმართულებით 27 სექტემბერს შეასრულებს, ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

თბილისიდან ჩარტერული რეისები დაინიშნა: სტამბოლი, კიევი და მინსკი >>

თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 09:30 საათზე გაფრინდება და ბერლინში დაეშვება 11:30  საათზე. რეისი ბერლინიდან დანიშნულია 12:20 საათზე, ხოლო  თბილისში თვითმფრინავი 17:50  საათზე დაეშვება.

„აღნიშნული რეისით სარგებლობა შეუძლიათ მათ, ვინც მიემგზავრება სასწავლებლად, ან აქვს სამუშაო კონტრაქტი გერმანიაში. აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სურს სამშობლოში დაბრუნება“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ბილეთის ღირებულება 199 ევროს შეადგენს.

გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქართველი სტუდენტებისთვის თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით მორიგი სუბსიდირებული რეისი, უახლოეს პერიოდში შესრულდება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები მარტში სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. გამონაკლისის სახით მთავრობა ეხმარება ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სწავლობენ და მათთვის სპეცრეისებს ნიშნავს.

ამ დროისათვის აღნიშნული სუბსიდირებული ავიარეისებით დაახლოებით 500-მა სტუდენტმა ისარგებლა.

ბოლო დროს საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, მაგრამ ამის მიუხედავად მთავრობა მკაცრი შეზღუდვების შემოღებას არ გეგმავს. თუმცა, საქართველოს საჰაერო საზღვარი 31 ოქტომბრამდე დაკეტილი რჩება.

45
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში
გრიპის ვაქცინა

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდება

78
(განახლებულია 19:37 22.09.2020)
რესპირატორული დაავადებების გავრცელების სეზონის დაწყებასთან ერთად ქართველი მედიკოსები გრიპის ვაქცინაციის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს განკარგულებაში ექნება გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასი დოზა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

„წელს ნაყიდი გვაქვს 135 ათასი, რომლის პირველი პარტია, ჩემი ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში უნდა შემოვიდეს. და დაიწყება ვაქცინაცია... ვაქცინა ასევე შემოაქვს კერძო სექტორს და მსურველებს ნებაყოფლობით შეუძლიათ აიცრან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შეძენაზე მუშაობს.

თავად ვაქცინა ფრანგული წარმოებისაა. გამყრელიძის თქმით, ის განკუთვნილია რისკ-ჯგუფებზე, რომლებსაც ყოველ წელს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული იმუნიზაციის კომიტეტი განსაზღვრავს. რისკ-ჯგუფში შედიან ორსულები, ხანდაზმულები, ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ შეიძინა 40 ათასი დოზა, მაგრამ პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს ქვეყანამ შეიძინა უკვე 100 ათასი დოზა, საიდანაც გამოუყენებელი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა.

78
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

0
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

0
თემები:
საქართველო და კულტურა