ანთებული სანთლები

საქართველოს დედაქალაქში და რეგიონებში 90-იან წლებში დაღუპული სამხედროები დაკრძალეს

390
(განახლებულია 16:17 15.08.2020)
ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების და ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა. 

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთის  შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 სამხედრო მოსამსახურე დაკრძალეს, იუწყება პირველი არხი.

ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების და ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა. 

გუშინ სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი პირადად გამოუცხადეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, დეპუტატებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების შედეგად 1990-იან წლებში უგზო-უკვლოდ 2,2 ათასზე მეტი ადამიანი დაიკარგა.

თბილისის ძმათა სასაფლაოზე ორი სამხედრო დაკრძალეს, დანარჩენების ნეშტები ოჯახებმა გადაასვენეს, რათა თავიანთი ნათესავები ოჯახურ სასაფლაოებზე დაკრძალონ.

2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის წყალობით ნაპოვნია აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 563 ადამიანის ნეშტი, საიდანაც 200-ზე მეტი იდენტიფიცირებულია. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი გრძელდება.

390
გაზის საკომპრესორო სადგური

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია EBRD–ისგან 217 მილიონ ევროს მიიღებს

27
(განახლებულია 18:01 23.09.2020)
სესხის ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების სრულ რეფინანსირებას ითვალისწინებს

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას (GOGC) ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის 217 მილიონი ევრო გამოუყო, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

GOGC–ს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების სრულ რეფინანსირებას ითვალისწინებს, რომლებიც კორპორაციამ  2016 წელს 5 წლის ვადით განათავსა და გრაფიკის მიხედვით იგი სრულად 2021 წლის აპრილში უნდა დაფარულიყო.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის განცხადებით, ეს  სასესხო ხელშეკრულება კორპორაციის გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და ასევე, მნიშვნელოვნად ამცირებს მის საფინანსო დანახარჯებს.

„მიღებული სესხის პირობები გაცილებით უკეთესია, ვიდრე პანდემიამდე რეფინანსირების პროცესის განხორციელების შემთხვევაში გვექნებოდა. საპროცენტო განაკვეთი ორჯერ ნაკლებია. გარდა ამისა, სესხის ვადა 10 წელს შეადგენს მაშინ, როდესაც ევროობლიგაციები 5–წლიანი იქნებოდა. ამდენად,  COVID 19-ით გამოწვეული გლობალური სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წარმატებით გაართვა თავი ევროობლიგაციების რეფინანსირების უზრუნველყოფის პროცესს, რაც დაგვეხმარება უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ დაგეგმილი პროექტები“, - აღნიშნა გიორგი ბახტაძემ.

კომპანიის ცნობით, საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ მსხვილ საინვესტიციო ბანკებთან თანამშრომლობით 2016 წლის ევროობლიგაციების რეფინანსირების პროცესის ორგანიზებასა და წარმართვაზე მუშაობა  წლის დასაწყისიდან აქტიურად დაიწყო. მომზადებულ იქნა პოტენციური ინვესტორებისათვის განკუთვნილი შესაბამისი საინფორმაციო პროსპექტი.

რატომ არის აქტუალური და როდის აშენდება საქართველოში გაზსაცავი>>

COVID 19-ის გავრცელების და ფინანსურ ბაზრებზე მისი უარყოფითი გავლენის გამო, რამაც ტრანზაქციის განხორციელება მისაღები პირობებით შეუძლებელი გახადა, კორპორაციამ, საინვესტიციო ბანკებთან შეთანხმებით, 2016 წლის ევროობლიგაციების გამოსყიდვაზე 2020 წლის აპრილში ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ახალი ევროობლიგაციების განთავსების გზით, უარი თქვა და რეფინანსირების ალტერნატიულ საშუალებებს მიმართა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან აქტიური მუშაობის შედეგად,  ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიმდინარე წლის  სექტემბერში 10–წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც 2016 წლის ევროობლიგაციებიდან გამომდინარე სასესხო ვალდებულების ხელსაყრელი პირობებით დაფარვის საშუალებას იძლევა.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის საქმეში. ამასთან, კორპორაცია არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ნავთობის და გაზის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო პროექტებში და აქვს ეროვნული ნავთობის კომპანიის სტატუსი. კორპორაცია პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებებში წარმოადგენს სახელმწოფო ინტერესს.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში ოპერირების დაწყების მომენტიდან ბანკმა დაახლოებით 250 ფინანსურ, კორპორაციულ და ენერგეტიკულ პროექტში 3,8 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციების 89% კერძო სექტორზე მოდის.

27
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ადამიანები პირბადეებით

შეიძლება თუ არა ორ წლამდე ბავშვებისთვის პირბადის ტარება? პედიატრის პასუხი

18
(განახლებულია 17:42 23.09.2020)
პატარა ბავშვებისთვის პირბადეების ტარება რეკომენდებული არ არის, რადგან მათ არ შეუძლიათ მათი დამოუკიდებლად გაკეთება და მოხსნა

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ამჟამად სამედიცინო ნიღბის ტარება კორონავირუსისგან თავდასაცავად საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ორ წლამდე ბავშვებისთვის მათი გამოყენება რეკომენდებული არაა, აღნიშნა პედიატრმა მაია ხერხეულიძემ.

ცერცვაძე: შესაძლოა სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადების საკითხზე მსჯელობა დაიწყოს>>

პირბადე, დისტანცია და დეზინფექცია – ეს ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციებია, რომლებსაც COVID-19–ის გავრცელების შეჩერება შეუძლია.

„ჩვენ უნდა დავიცვათ არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ გარშემომყოფებისაც... მოზარდებმა და სასკოლო ასაკის ბავშვებმა პირბადე აუცილებლად უნდა გამოიყენონ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორ წლამდე ბავშვებში პირბადე რეკომენდებული არ არის“, – განაცხადა ხერხეულიძემ პირველი არხის ეთერში.

ეპიდემიური ვითარების გამწვავების გამო ქვეყანაში სასწავლო პროცესი სრულფასოვნად ყველგან ვერ დაიწყო. დიდ ქალაქებსა და ზოგიერთ სოფელში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ბავშვებმა სკოლაში სიარული შეძლონ, ყველამ უნდა დაიცვას წესები: ატაროს პირბადე, დაიცვას ორმეტრიანი დისტანცია.

საქართველოში ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. დღეს 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 4 140 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 643, გარდაიცვალა – 25.

18
თემები:
COVID-19 საქართველოში
თინა ბოკუჩავა

საბოტაჟი და რევოლუცია: „ნაცმოძრაობა“ არჩევნების წინ პროვოკაციებზე ალაპარაკდა

0
(განახლებულია 19:22 23.09.2020)
ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გენერალურ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საპარლამენტო არჩევნების წინ პროვოკაციებს აწყობენ, განაცხადა პარტიის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნება სურს >>

ბოკუჩავას თქმით, ვიღაც მამაკაცი ტელეფონით დაუკავშირდა საოლქო კომისიების წევრებს ტყიბულში, ვანში, გორში, შუახევში, საგარეჯოში და გურჯაანში. მამაკაცი გიორგი ნოზაძის სახელით გასცემდა ყალბ ინსტრუქციებს საბოტაჟის, დესტაბილიზაციის და რევოლუციური სცენარის მითითებით.

პარტიაში ამტკიცებენ, რომ ის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით მოქმედებდა.

„ჩვენს მიერ გადამოწმდა აღნიშნული ტელეფონის ნომერი და გაირკვა, რომ ეს ტელეფონის ნომერი რეგისტრირებული არ არის ვინმე გიორგი ნოზაძის სახელზე, არამედ რეგისტრირებულია ალუდა ჯანხოთელზე, რომლის იდენტობა არ იძებნება „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ სიაში... ჩვენ შევიტანთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელს პროკურატურაში, რათა გამოიძიონ რეალურად ვინ ატარებს ამ ნომერს, რეალურად ვისი დაკვეთით ხორციელდებოდა ეს ზარები,  სადაც საუბარი იყო რევოლუციურ სცენარზე, საბოტაჟზე და არეულობაზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან საგამოძიებო ორგანოებში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს. თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.

სააკაშვილი საქართველოში შვიდი წელია არ ყოფილა. აქ ის ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააკავებენ და დააპატიმრებენ.

ამჟამად სააკაშვილი უკრაინაში ცხოვრობს, არის ამ ქვეყნის მოქალაქე და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი უკავია.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020