მინისტრი: სვანეთში კვების პროდუქტების დეფიციტი არ იქნება

© Sputnik / Alexander Imedashviliლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე მოახდინა ყველა სამსახურის მობილიზება მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის სურსათითა და პირველადი მოხმარების საგნების უზრუნველსაყოფად.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაღალმთიანი სვანეთის მოსახლეობას, სადაც კარანტინია გამოცხადებული, კვების პროდუქტებით მომარაგების პრობლემები არ შეექმნას, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა და შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
იმნაძე: თუ ასეთი რამდენიმე ლოკაცია გაჩნდება, დაავადებას ვეღარ შევაკავებთ

„გარკვეული სპეციფიკა აქვს სვანეთს. ეს არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, მოსახლეობა არ არის მჭიდროდ დასახლებული, გვაქვს ბევრი სოფელი, რომელიც რაიონული ცენტრიდან საკმაოდ მოშორებულია. ამიტომ საჭიროა მაღალი დონის კოორდინაცია, რისთვისაც სამინისტროს სხვადასხვა სამსახურია მობილიზებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ამ დროისათვის მოსახლეობის სურსათითა და სხვა პირველადი პროდუქციით მომარაგებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„რეგიონში არანაირი პროდუქტის დეფიციტი არ შეინიშნება. დილის მონაცემებით, ქუთაისიდან დაძრულია რამდენიმე დისტრიბუტორის მსხვილი სატვირთო მანქანა რეგიონში შესასვლელად. ასევე სტანდარტული დისტრიბუცია, რომელიც რეგიონში სურსათით მომარაგების კუთხით მუშაობდა, სტანდარტულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

პაატა იმნაძე: 30 შემთხვევა დაკავშირებულია ერთ კერასთან – ეს ძალიან ბევრია>>

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საკარანტინო შეზღუდვებმა სვანეთში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებით გარკვეულ პრობლემები გამოიწვია.

მესტია - Sputnik საქართველო
სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი საკარანტინო სივრცეებშია დაბინავებული

„ამ მომენტისთვის სვანეთის რეგიონში მერქნული რესურსის დამზადების ინტენსიური სეზონია. ძირითადი სამუშაოები ზემო სვანეთში მიმდინარეობს. გამოყოფილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღრიცხავს თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც შედის, იტვირთება მერქნული რესურსით და გამოდის რეგიონიდან. ასევე სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა კონტრაქტორი მუშაობს იმისთვის, რომ სეზონი, რომელიც ძალიან მოკლეა და დამოკიდებულია ამინდებზე, შეფერხების გარეშე წარიმართოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მესტიაში არსებული საკითხების გადასაჭრელად სპეციალურად შექმნილი რეგიონული შტაბი მუშაობს.

რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები.

ზემო სვანეთში კორონავირუსზე 4 ათასამდე ადამიანის გამოკვლევა იგეგმება>>

მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური ტესტირება კორონავირუსზე.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და აქედან 12 – მესტიის რაიონში.

ყველა ახალი ამბავი
0