პოლიცია

თამარ ბაჩალიაშვილის ძმა: არ დავუშვებ მამაჩემის ღირსება შელახონ

621
(განახლებულია 16:30 08.08.2020)
გუშინ მედიაში გავრცელდა  ინფორმაცია, რომ 2012 წელს  თამარ ბაჩალიაშვილმა ოჯახში ძალადობის თაობაზე მამის წინააღმდეგ პოლიციაში ჩვენება მისცა.

 

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. არ დავუშვებ მამაჩემისა და ჩემი ოჯახის ღირსება შელახონ,  განაცხადა ჟურნალისტებთან გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ძმამ გიორგი ბაჩალიაშვილმა.

გუშინ მედიაში გავრცელდა  ინფორმაცია, რომ 2012 წელს  თამარ ბაჩალიაშვილმა ოჯახში ძალადობის თაობაზე მამის წინააღმდეგ პოლიციაში ჩვენება მისცა.  მის ჩვენებაში  დეტალურად არის მოთხრობილი იმის შესახებ, თუ როგორ ძალადობდა მამამისი ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ფიზიკურად დედაზე, თეონა თამაზაშვილზე. ამ ფაქტის გამო ჯუმბერ ბაჩალიაშვილს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, შემდეგ კი ოჯახური ძალადობისთვის ბრალი წარუდგინეს. თუმცა, მამაკაცი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 

როგორც  გიორგი ბაჩალიაშვილმა განაცხადა, მან  გადაწყვიტა, ეპასუხა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მისი ოჯახის ღირსების შელახვით არიან დაკავებული.

„არ დავუშვებ, რომ მამაჩემის ღირსება შელახონ. ბევრი ჭორი გავრცელდა მასზე, როგორც მოძალადე კაცზე. ჩემს დასთან ერთად 21 წელი ვიზრდებოდი. არც მე და არც თამარს მამაჩემისგან ყურადღება არ მოგვკლებია, არც დედაჩემისგან. ვინც დაკავებულია კლავიატურის კაკუნით, მობრძანდეს ჩემს სახლთან, დამიკაკუნოს და გავცემ სათანადო პასუხს“,- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ძმამ ტელეკომპანია Imedi–ის ეთერზე.

თავად გარდაცვლილი გოგონას მამა ამტკიცებს, რომ ინციდენტს, რომელიც მრავალი წლის წინ მოხდა, გოგონას ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გავლენა არ მოუხდენია.

მასმედიის ცნობით, არსებობს 2012 წლის სამედიცინო დასკვნაც, რომელშიც საუბარია გოგონას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტი  მამის წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ერთი თვის შემდეგ არის შედგენილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს (ის პროგრამისტი იყო) და წინასწარი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. 

ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

621
გაზის საკომპრესორო სადგური

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია EBRD–ისგან 217 მილიონ ევროს მიიღებს

34
(განახლებულია 18:01 23.09.2020)
სესხის ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების სრულ რეფინანსირებას ითვალისწინებს

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას (GOGC) ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის 217 მილიონი ევრო გამოუყო, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

GOGC–ს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების სრულ რეფინანსირებას ითვალისწინებს, რომლებიც კორპორაციამ  2016 წელს 5 წლის ვადით განათავსა და გრაფიკის მიხედვით იგი სრულად 2021 წლის აპრილში უნდა დაფარულიყო.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის განცხადებით, ეს  სასესხო ხელშეკრულება კორპორაციის გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და ასევე, მნიშვნელოვნად ამცირებს მის საფინანსო დანახარჯებს.

„მიღებული სესხის პირობები გაცილებით უკეთესია, ვიდრე პანდემიამდე რეფინანსირების პროცესის განხორციელების შემთხვევაში გვექნებოდა. საპროცენტო განაკვეთი ორჯერ ნაკლებია. გარდა ამისა, სესხის ვადა 10 წელს შეადგენს მაშინ, როდესაც ევროობლიგაციები 5–წლიანი იქნებოდა. ამდენად,  COVID 19-ით გამოწვეული გლობალური სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წარმატებით გაართვა თავი ევროობლიგაციების რეფინანსირების უზრუნველყოფის პროცესს, რაც დაგვეხმარება უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ დაგეგმილი პროექტები“, - აღნიშნა გიორგი ბახტაძემ.

კომპანიის ცნობით, საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ მსხვილ საინვესტიციო ბანკებთან თანამშრომლობით 2016 წლის ევროობლიგაციების რეფინანსირების პროცესის ორგანიზებასა და წარმართვაზე მუშაობა  წლის დასაწყისიდან აქტიურად დაიწყო. მომზადებულ იქნა პოტენციური ინვესტორებისათვის განკუთვნილი შესაბამისი საინფორმაციო პროსპექტი.

რატომ არის აქტუალური და როდის აშენდება საქართველოში გაზსაცავი>>

COVID 19-ის გავრცელების და ფინანსურ ბაზრებზე მისი უარყოფითი გავლენის გამო, რამაც ტრანზაქციის განხორციელება მისაღები პირობებით შეუძლებელი გახადა, კორპორაციამ, საინვესტიციო ბანკებთან შეთანხმებით, 2016 წლის ევროობლიგაციების გამოსყიდვაზე 2020 წლის აპრილში ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ახალი ევროობლიგაციების განთავსების გზით, უარი თქვა და რეფინანსირების ალტერნატიულ საშუალებებს მიმართა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან აქტიური მუშაობის შედეგად,  ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიმდინარე წლის  სექტემბერში 10–წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც 2016 წლის ევროობლიგაციებიდან გამომდინარე სასესხო ვალდებულების ხელსაყრელი პირობებით დაფარვის საშუალებას იძლევა.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის საქმეში. ამასთან, კორპორაცია არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ნავთობის და გაზის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო პროექტებში და აქვს ეროვნული ნავთობის კომპანიის სტატუსი. კორპორაცია პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებებში წარმოადგენს სახელმწოფო ინტერესს.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში ოპერირების დაწყების მომენტიდან ბანკმა დაახლოებით 250 ფინანსურ, კორპორაციულ და ენერგეტიკულ პროექტში 3,8 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციების 89% კერძო სექტორზე მოდის.

34
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ადამიანები პირბადეებით

შეიძლება თუ არა ორ წლამდე ბავშვებისთვის პირბადის ტარება? პედიატრის პასუხი

19
(განახლებულია 17:42 23.09.2020)
პატარა ბავშვებისთვის პირბადეების ტარება რეკომენდებული არ არის, რადგან მათ არ შეუძლიათ მათი დამოუკიდებლად გაკეთება და მოხსნა

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ამჟამად სამედიცინო ნიღბის ტარება კორონავირუსისგან თავდასაცავად საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ორ წლამდე ბავშვებისთვის მათი გამოყენება რეკომენდებული არაა, აღნიშნა პედიატრმა მაია ხერხეულიძემ.

ცერცვაძე: შესაძლოა სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადების საკითხზე მსჯელობა დაიწყოს>>

პირბადე, დისტანცია და დეზინფექცია – ეს ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციებია, რომლებსაც COVID-19–ის გავრცელების შეჩერება შეუძლია.

„ჩვენ უნდა დავიცვათ არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ გარშემომყოფებისაც... მოზარდებმა და სასკოლო ასაკის ბავშვებმა პირბადე აუცილებლად უნდა გამოიყენონ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორ წლამდე ბავშვებში პირბადე რეკომენდებული არ არის“, – განაცხადა ხერხეულიძემ პირველი არხის ეთერში.

ეპიდემიური ვითარების გამწვავების გამო ქვეყანაში სასწავლო პროცესი სრულფასოვნად ყველგან ვერ დაიწყო. დიდ ქალაქებსა და ზოგიერთ სოფელში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ბავშვებმა სკოლაში სიარული შეძლონ, ყველამ უნდა დაიცვას წესები: ატაროს პირბადე, დაიცვას ორმეტრიანი დისტანცია.

საქართველოში ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. დღეს 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 4 140 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 643, გარდაიცვალა – 25.

19
თემები:
COVID-19 საქართველოში
საარჩევნო პლაკატები აღმაშენებლის გამზირზე

შეადარე პარტიები და გააკეთე არჩევანი: ამომრჩევლებისთვის აპლიკაცია ამუშავდა

0
(განახლებულია 19:54 23.09.2020)
სოციალური გამოკითხვებით, საქართველოში ამომრჩევლების დიდ ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ პარტიას მისცეს ხმა

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ამუშავდა აპლიკაცია სახელწოდებით „საარჩევნო კომპასი - საქართველო“, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველს დაეხმარება პარტიების პოზიციები სხვადასხვა საკითხზე შეადაროს.

„წავალ, მაგრამ არ ვიცი, ვის მივცემ ხმას...“: დავუჯეროთ თუ არა გამოკითხვებს არჩევნების წინ >>

აპლიკაციის და ვებგვერდ Partiebi.Ge-ს პრეზენტაცია ოთხშაბათს გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეული იყო პოლიტიკური პარტიების ლიდერები და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ახალი აპლიკაცია - ეს არის უპარტიო, ელექტრონული ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციების შესახებ და ეხმარება ამომრჩეველს გაერკვეს, რომელიც პოლიტიკური პარტიის შეხედულებები არის მისთვის მისაღები.

აპლიკაცია ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. პროექტი განახორციელეს CRRC Georgia-ს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მკვლევარებმა აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID), გერმანული პოლიტიკური ფონდების და ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით.

რაც შეეხება ვებგვერდ www.partiebi.ge-ს, ეს პროექტი განახორციელა აღმოსავლეთ ევროპული მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD), რომელიც 2012 წლიდან აქვეყნებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე საქართველოს პოლიტიკური პარტიების შეხედულებებს. პროექტს აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

საქართველოში საპარლამენტო პარტიები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისათვის არჩევნებისთვის დარეგისტრირებულია 58 პარტია და ორი ბლოკი.

0
თემები:
თანამედროვე ტექნოლოგიები