გიორგი გახარია

ბავშვები საქართველოში ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ

971
(განახლებულია 16:11 06.08.2020)
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრ ადამიანს ფინანსური ზარალი მიადგა, ამიტომაც ხელისუფლებამ რთულ პერიოდში მოსახლეობის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს 18 წლამდე მოქალაქეები ერთჯერადად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

გახარიას განცხადებით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, სახელმწიფო სოციალური პროექტების გაგრძელების გადაწყვეტილებას იღებს და ამ კუთხით ერთჯერადი ფულადი დახმარებებია გათვალისწინებული. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრ ადამიანს ფინანსური ზარალი მიადგა, ამიტომაც ხელისუფლებამ რთულ პერიოდში მოსახლეობის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

„ყველაზე მთავარი – ეკონომიკურ კრიზისში ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადად 200 ლარის ოდენობის დახმარებაა გათვალისწინებული და ეს იქნება ჩვენი ბავშვებისთვის სასწავლო წლის დასაწყისამდე ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება“, – განაცხადა პრემიერმა.

მან დასძინა, რომ დღეისათვის საქართველოში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 880 ათასი მოზარდია.

გარდა ამისა, ხელისუფლება ფიზიკურ პირებს ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში კომუნალური მომსახურების გადასახადს დაუფარავს.

971
თემები:
საქართველოს მთავრობა (82)
ბათუმი

გამყრელიძე:  მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონში კამპანია „დარჩი სახლში“ კვლავ ამოქმედდეს

12
(განახლებულია 15:32 24.09.2020)
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დადასტურდა.

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. ვინაიდან აჭარაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია,  მნიშვნელოვანია რეგიონში კამპანია  „დარჩი სახლში“  კვლავ ამოქმედდეს,  განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უკვე უწოდეს - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. 

 

შექმნილი ეპიდვითარების ფონზე გამყრელიძემ  განსაკუთრებით ხანდაზმულებს მოუწოდა, რომ ვითარების დასტაბილურებამდე მობილობა შეამცირონ.

„განსაკუთრებით მოვუწოდებ ხანდაზმულებს,  ვიდრე აჭარაში სიტუაცია  დასტაბილურდება, შეამცირონ მობილობა. რა თქმა უნდა, მათ არავინ დააჯარიმებს, მაგრამ სასურველია, რომ  რეგიონში კამპანია „დარჩი სახლში“  კვლავ ამოქმედდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  აჭარაში ხვალიდან  რიგი შეზღუდვები ამოქმედდება, რომელიც კორონავირუსის  მხრივ რთული ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით წესდება.   კერძოდ, საღამოს 10  საათიდან დილამდე  მუშაობას შეწყვეტენ რესტორნები. მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამასთან, 1 ოქტომბრიდან  სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

12
თემები:
COVID-19 საქართველოში
მიხეილ ჩხენკელი

ჩხენკელი: აჭარის რეგიონის მოსწავლეები სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ

44
(განახლებულია 15:09 24.09.2020)
საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა.

თბილისი,  24 სექტემბერი - Sputnik. აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება, განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უკვე უწოდეს - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის  I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან,  ფოთსა და გორში კი  სკოლებს ყველა კლასის მოსწავლე დაუბრუნდება. 

„დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი წარიმართოს საკლასო ოთახებში.   ყველა სკოლა, სადაც სასწავლო პროცსი  განახლდება, სრულ მზადყოფნაშია, რათა სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იყოს დაცული“, – განაცხადა ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აჭარის გარდა, ყველა რეგიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლის ტერიტორიაზე, სპეციალურად განკუთვნილ რესურს–ოთახში შეხვდნენ სპეცმასწავლებელს.  1 ოქტომბრიდან შემუშავდება  სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები მშობლებთან შეათანმხებენ, განაცხადა ჩხენკელმა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით დისტანციურად გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება.

44
თემები:
განათლება საქართველოში