წყალდიდობა რაჭაში

გარემოს ეროვნული სააგენტო: რაჭაში განმეორებით წყალმოვარდნის საშიშროება არ არსებობს

751
სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი სტიქიის ზონაში ამ დრომდე იმყოფება და მიმდინარე პროცესზე უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს.

თბილისი, 1 აგვისტო  — Sputnik. რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენების მიზეზებს  გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ, ნათქვამია უწყების Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

28–29 ივლისს უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე - რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით,  სტიქიური მოვლენები ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული. უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა და მყინვარების თანდართულმა ინტენსიურმა დნობამ ონის, უწერას, შოვის, გლოლასა და ღების მონაკეთებზე მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია.

„სტიქიის დროს, 12 საათში მოსული ნალექების რაოდენობამ 84 მმ-ს მიაღწია.  შოვის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, წყლის ხარჯმა ქალაქ ონთან 507მ³/წმ შეადგინა. ამ ეტაპზე, მდინარე რიონის აუზში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება, რაც ამ დროისათვის განმეორებით წყალმოვარდნის საშიშროებას არ ქმნის“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი სტიქიის ზონაში ამ დრომდე იმყოფება და მიმდინარე პროცესზე უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს. სპეციალისტები მოამზადებენ რეკომენდაციებს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.

წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაჭის რეგიონში მიმდინარე ინტენსიური სამუშაოების შედეგად, მოხერხდა რამდენიმე სოფელში მიმოსვლის აღდგენა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის მოგვარება, განაცხადა ონის რაიონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ. 

ამ მომენტისთვის გარესამყაროს ხუთი სოფელია მოწყვეტილი, ელექტროენერგია კი ექვს სოფელს არ მიეწოდება.

სტიქიის ზონიდან 437 ადამიანია ევაკუირებული, 600–ზე მეტ ოჯახს კი საკვები პროდუქტებით აღმოუჩინეს დახმარება.

მთავრობის წინასწარი შეფასებით, რეგიონში წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად მთლიანობაში 150 მლნ ლარამდე იქნება საჭირო, გზების რემონტს  კი მინიმუმ რამდენიმე თვე დასჭირდება.

751
თემები:
საქართველოს რეგიონები (222)

არავითარი დღესასწაული: როგორ იმოქმედა პანდემიამ რთველზე - ვიდეო

183
საქართველოში აქტიურ ფაზაში შევიდა ყურძნის მოსავლის აღების სეზონი. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ იღებენ მოსავალს კახეთში COVID-19-ის ფონზე

რთველი საქართველოში ყოველთვის ნამდვილ და ხანგრძლივ დღესასწაულად მიიჩნეოდა, რომელიც უყვართ სოფლის მკვიდრებსაც და ქალაქელებსაც. მაგრამ პანდემიამ მასზეც იქონია გავლენა.

ლოკდაუნმა, ტურისტების არყოფნამ, დაკეტილმა ბარებმა და რესტორნებმა ძლიერი დარტყმა მიაყენა ღვინის ბაზარს. 2020 წელს ღვინის ქარხნები იძულებულები გახდნენ ყურძნის ყველა ჯიშზე შესასყიდი ფასი დაეწიათ. ფერმერებს ახლა არჩევანის საშუალება არ აქვთ - პანდემიის მიუხედავად, უამრავი საქმეა.

ამ დროისათვის კახეთში უკვე მოიკრიფა და გადამუშავდა 40 ათასი ტონა ყურძენი. ჯამში წელს 300 ათასო ტონა მოსავლის აღება იგეგმება.

183
პალატა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 29 მოზარდია მოთავსებული

282
(განახლებულია 23:23 18.09.2020)
მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 54 პაციენტი მკურნალობს, მათგან 29 მოზარდია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი".

ყველაზე პატარა პაციენტი ცხრა თვისაა.

„29 ბავშვიდან რვას პნევმონია აქვს, მათგან ორს მსუბუქი ფორმით. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა ციური აბულაძემ.

რაც შეეხება ინფექციური კლინიკის ტუბერკულოზის განყოფილების ექიმს, მისი ინფიცირების წყარო ქორწილს უკავშირდება. იგი მკურნალობას იმავე კლინიკაში გადის, სადაც მუშაობს. 

ამ ეტაპზე ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსის დიაგნოზით 16 ორსული მკურნალობს. სამშობიარო სახლის დირექტორის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

კორონავირუსის გავრცელების მხრივ საქართველოს რეგიონებს შორის აჭარა „ლიდერობს“. ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარას უკავშირდება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3119 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1435 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

282
თემები:
COVID-19 საქართველოში
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 19 სექტემბერი

0
(განახლებულია 08:56 19.09.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 19 სექტემბერს ახსნებს მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილ საკვირველებას და ასევე მრავალთა სხვათა წმიდა მოწამეთა

Sputnik - საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ხსენება საკვირველებისა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილისა

ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს (ხონას) შინა. ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო ამოდიოდა. ერთხელ მთავარანგელოზი მიქაელი ძილში გამოეცხადა ერთ-ერთი ყრუ-მუნჯი ასულის მშობლებს და ამცნო, რომ მათი შვილი განიკურნებოდა, თუ ამ წყაროს წყალს დაალევინებდნენ. მართლაც, წყლის პირას გოგონა განიკურნა. ამის შემდეგ წყაროსთან მრავლად მიდიოდნენ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილები. მრავალი კერპთმსახური დარწმუნდა ქრისტეს ძლევამოსილებაში დამო ინათლა.

ღირსი არქიპო 

ღირსი არქიპო ქალაქ იერაპოლში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების შვილი იყო. იგი ათი წლისა მივიდა ხონაში, წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მოსალოცად, იქვე დარჩა და სიკვდილამდე მნათეს მოვალეობებს ასრულებდა. ნეტარი მამა მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. მან მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამით გააფთრებულ კერპთმსახურებს ქურუმების მეთაურობით არაერთხელ უცდიათ წმიდა არქიპოს მოკვლა, მაგრამ უფალი იცავდა თავის რჩეულს. ბოლოს წარმართებმა გადაწყვიტეს, ჩაეძირათ ის ადგილი, სადაც ტაძარი იყო აღმართული და საძულველი მნათეც დაეღუპათ. წმიდა არქიპო, ხედავდა რა მზადებას ამ უსჯულოებისთვის, არ განეშორებოდა უფლის სახლს და მხურვალედ ლოცულობდა უბედურების თავიდან ასაცილებლად. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ნეტარი მამა გახადა მოწამე მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აქ აღსრულებული დიდი საკვირველებისა. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილმა არქიპომ ღრმა მოხუცებულობაში, სამოცდაათი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს. ქრისტიანებმა ღირსი მამის წმიდა ნეშტი ხონაში, მისი მოღვაწეობის ადგილას მიაბარეს მიწას.

წმიდა მოწამე რომილე და მასთან მრავალნი სხვანი

წმიდა მოწამე რომილე იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მხედართუფროსი იყო. ტრაიანე იმპერიის აღმოსავლეთში ჩავიდა იქ მკვიდრი ხალხების შფოთის ჩასაცხრობად და ჯარი დაათვალიერა, მეომართა შორის თერთმეტი ქრისტიანი აღმოაჩინა. ისინი მან დაუყოვნებლივ სომხეთში გადაასახლა. წმიდა რომილემ ამხილა იმპერატორი უღმრთოებასა და უგუნურებაში და თან აღიარა, რომ ისიც ქრისტიანი იყო. გააფთრებული ტრაიანეს განკარგულებით წმიდანი სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი თავი მოკვეთეს. სომხეთში გადასახლებული ქრისტიანი მხედრებიც სხვადასხვაგვარი სატანჯველებით გამოასალმეს სიცოცხლეს.

წმიდა მოწამენი: ევდოქსი, ზენონი და მაკარი

წმიდა მოწამენი, ევდოქსი, ზენონი და მაკარი დიოკლეტიანეს მემკვიდრის, მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს აღესრულნენ მოწამეობრივად. როცა დიოკლეტიანემ ბრძანება გამოსცა, სიკვდილით.

წმიდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან 11 მოწამე

წმიდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან თერთმეტი მოწამე იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას აღესრულენ ალექსანდრიაში. ქრისტიანთა დევნისას მათ მტკიცედ აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება მმართველ ვალერიუსის წინაშე, რის-თვისაც დაახლოებით 250 წელს თავი მოკვეთეს. მარტვილთა ცხედრები ქრისტიანებმა ალექსანდრიაში მიაბარეს მიწას.

ღირსი დავითი 

ღირსი დავითი მონასტერში მისვლამდე ავაზაკთა რაზმის მეთაური იყო ეგვიპტეში, ჰერმოპოლის უდაბნოში. მას მრავალი მკვლელობა და სხვა უსჯულოება უმძიმებდა სულს. როცა მოხუცებულობას მიაღწია, ნეტარმა გადახედა განვლილი ცხოვრების გზას და თავისმა შავბნელმა საქმეებმა ძრწოლა მოჰგვარა. სინანულით აღვსილმა, დატოვა ბანდა, მონასტერს მიაშურა და იღუმენს სთხოვა, საძმოში მიეღო. იღუმენი დიდხანს უარზე იდგა. არწმუნებდა მოსულს, ჩვენი ცხოვრების მკაცრ წესს ვერ გაუძლებო; დავითი კი დაჟინებით ითხოვდა თავისას, დაბოლოს, ვერაფერს რომ ვერ გახდა, დაიმუქრა, მე ცნობილი ავაზაკი დავითი ვარ და თუ მონასტრის კარებს არ გამიღებთ სინანულისთვის, დავუბრუნდები ძველ ცხოვრებას, დავარბევ სავანეს და ბერებსაც ამოვხოცავო. მაშინ იღუმენმა მიიღო ავაზაკი, ის კი, ყველას გასაოცრად, სამაგალითო ბერი დადგა და თავისი მკაცრი ღვაწლით მონასტრის ძმებს ბევრად გადააჭარბა. რამდენიმე ხნის შემდეგ უფალმა დავითს მთავარანგელოზი გაბრიელი მოუვლინა და ცოდვათა მიტევება აუწყა, ღირსმა მამამ ვერ დაიჯერა, რომ ისეთ დიდ ცოდვილს, როგორც ის იყო, უფალი ასე მალე შეუნდობდა. მცირედმორწმუნეობისა და უნდობლობისათვის დავითი დამუნჯდა და მხოლოდ კანონთა კითხვისა და საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის დროს უბრუნდებოდა მეტყველების უნარი. სიცოცხლის მიმწუხრზე წმიდანმა სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ამგვარი ცხოვრებით იცხოვრა მან მრავალი წლის მანძილზე, შემდეგ კი სული უფალს შეჰვედრა

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

0
თემები:
საეკლესიო კალენდარი