პროტესტი კარანტინის პირობებში: რა დათმობაზე წავიდა ხელისუფლება სოფელ ყარაჯალარში

© Sputnik / Alex Shlamovგარდაბნის მოსახლეობა
გარდაბნის მოსახლეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვემო ქართლის რეგიონს, კონკრეტულად კი გარდაბნის რაიონის სამ სოფელს უკვე მეორედ ეწოდა „ცხელი წერტილი“.

თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობა, სადაც კორონავირუსის აფეთქების გამო კვლავ კარანტინი ამოქმედდა, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან შეიკრიბა და სოფელში საკარანტინო შეზღუდვების მოხსნა მოითხოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

საქართველოს ხელისუფლებამ სოფელ ყარაჯალარის ჩაკეტვის გადაწყვეტილება 24 ივლისს მიიღო კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო. დღეისათვის სოფელში ინფიცირების 37 შემთხვევაა დაფიქსირებული.

პარასკევს, დილით სოფლის მოსახლეობა ბლოკ-პოსტთან შეიკრიბა. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი პროდუქციის გაყიდვას, სოფელში ჩასული დისტრიბუტორები კი მათ დაბალ ფასს სთავაზობენ. 

ისევ კარანტინი? ყარაჯალაში შეზღუდვები ამოქმედდა - Sputnik საქართველო
ისევ კარანტინი? ყარაჯალარში შეზღუდვები ამოქმედდა

ყარაჯალარში საპროტესტო აქცია ადგილობრივ მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეთანხმებით დასრულდა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივები მოსავალს, წესების დაცვით, ბაზარზე სარეალიზაციოდ თავად გაიტანენ. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სოფელში სურსათი დარიგდება.

„სოფლიდან დაახლოებით 10 სატვირთო ავტომობილი ორგანიზებულად გავა. მათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გააცილებენ, მოვაჭრეები კორონავირუსზე ტესტს ჩაიტარებენ და პროდუქციის რეალიზაცია ნავთლუღის ბაზარში, მოსახლეობის სურვილისამებრ, ე.წ. პირველი ხელიდან მოხდება“, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

სოფელი ყარაჯალარი, სადაც 4 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, თბილისიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს. სოფლის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტებია გახსნილი, სამართალდამცველების მიერ კონტროლდება სოფელთან მისასვლელი მეორეხარისხოვანი გზებიც. პროცესში გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრმა ზრდამ არა მარტო ხელისუფლების, არამედ მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.

ქვემო ქართლის რეგიონს, კონკრეტულად კი გარდაბნის რაიონის სამ სოფელს უკვე მეორედ ეწოდა „ცხელი წერტილი“.

ყველა ახალი ამბავი
0