ამირან გამყრელიძე

COVID-19 საქართველოში: ყველა ახალი შემთხვევა შემოტანილია

325
(განახლებულია 15:22 12.07.2020)
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინფიცირებულ პირებს შორის ხშირად არიან ტრაილერების მძღოლები, რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებენ

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ხუთივე პაციენტი კარანტინში იმყოფებოდა. ზოგიერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, რამდენიმეს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

„ამჯერად ახალ შემთხვევებს შორის არც ერთი არ არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განმარტა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

რაც შეეხება ზოგად სიტუაციას, მისი თქმით, განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„გვაქვს ყოველდღიურად ერთეული შემთხვევები. უმრავლესობა არის იმპორტირებული. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხშირად ინფიცირებულები არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც გადაზიდვებს ახორციელებენ “ , – აღნიშნა გამყრელიძემ.

ბრძოლა კორონავირუსთან: საქართველოს მოქალაქეები მთავრობის მუშაობით კმაყოფილები არიან >>

12 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 986-მდე გაიზარდა.

 

325
თემები:
COVID-19 საქართველოში (2226)
ნატალია ვოდიანოვა

„ულამაზესი მოგონებები თბილისში...“ - ცნობილ მოდელს საქართველო ენატრება - ფოტოები

19
(განახლებულია 14:46 28.10.2020)
ნატალია ვოდიანობა ცნობილ მოდელიერ ულიანა სერგეენკოსთან ერთად საქართველოში 2018 წლის სექტემბერში იმყოფებოდა

რუსმა მო­დე­ლმა ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ საქართველოში მოგზაურობის დროინდელი ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ძალიან ენატრება ეს პერიოდი.

ცნობილი რუსი სუპერმოდელი, მსახიობი და ფილანტროპი ნატალია ვოდიანობა ცნობილ მოდელიერ ულიანა სერგეენკოსთან ერთად საქართველოში 2018 წლის სექტემბერში იმყოფებოდა. ისინი ათვალიერებენ ქვეყნის წმინდა ადგილებსა კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.

ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ ელეგანტურ შავ კაბებში გამოწყობილები ისინი სვეტიცხოველს ეწვივნენ. მანამდე ცნობილი ქართველი მხატვრისა და სცენარისტის რეზო გაბრიაძის კაფეს ესტუმრნენ. ვოდიანოვამ და სერგეენკომ ასევე მოინახულეს გერგეტის სამება.

 

ნატალია ვოდიანოვა ნიჟნი ნოვგოროდიდანაა. სამოდელო კარიერა 16 წლისამ დაიწყო. ის დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი 300 ადამიანის სიაში მოხვდა.

2004 წელს დააარსა ფონდი „შიშველი გულები" (The Naked Heart Foundation), რომელიც რუსეთსა და სხვა ქვეყნებში საბავშვო მოედნების მშენებლობას ითვალისწინებს. 2011 წლიდან ფონდი ახორციელებს პროგრამას „თითოეული ბავშვი ოჯახის ღირსია", რომელიც მიმართულია განსაკუთრებული განვითარების მქონე ბავშვებზე უარის თქმის რუსეთში არსებული ტრადიციის წინააღმდეგ.

ულიანა სერგეენკო რუსი მოდელიერია. წარმოშობით ყაზახეთიდანაა. 2011 წელს სერგეენკომ თავისი ბრენდი Ulyana Sergeenko შექმნა. 2015 წელს პარიზის მაღალი მოდის სინდიკატის სამეთვალყურეო საბჭომ ის მაღალი მოდის კვირეულის ოფიციალურ მონაწილედ შეარჩია.

19
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ზურაბ ჯაფარიძე

სახელმწიფო აუდიტმა „გირჩის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

29
(განახლებულია 16:59 28.10.2020)
პარტია „გირჩი", რომლის ანგარიშზეც ნული ლარია, საკუთარ ტელეარხზე რეკლამის განთავსებისთვის დააჯარიმეს

თბილისი, 28 ოქტომბერი  — Sputnik.  საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყველაზე კრეატიული პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ  საკუთარ Facebook–გვერდზე ვიდეოჩართვისას განაცხადა. 

ჯაფარიძის თქმით, პოლიტიკური რეკლამის შესახებ კანონის დარღვევისთვის სახელმწიფო აუდიტი  „გირჩს“ ჯარიმის სახით 1,6 ათასი ლარის გადახდას სთხოვს. საუბარია რეკლამაზე, რომელიც პარტიამ საკუთარ ტელეარხზე „გირჩი TV“ განათავსა.

 „ჩვენ გვითხრეს, რომ ამ რეკლამის ღირებულება 828 ლარია. როგორ გამოითვალეს არ ვიცი, მაგრამ ისინი ითხოვენ, რომ ჩვენ ჯარიმა ორმაგი ოდენობით გადავიხადოთ... „გირჩს“ არცერთი გარე რეკლამა არ აქვს – არც ბილბოედები, არც ბანერები, იმიტომ რომ ჩვენ საამისო თანხები არ გვაქვს, ისევე როგორც არ გვაქვს სატელევიზიო რეკლამის თანხები. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტელევიზია, სადაც მუდმივად გადის „გირჩის“ რეკლამა. უფრო მეტიც, ამ ტელეარხს ისეთივე ლოგოტიპი აქვს, როგორიც ჩვენს პარტიას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ ვიდეოჩართვა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ფონზე განახორციელა და აღნიშნა, რომ არ გეგმავს სასამართლო პროცესებზე დასწრებას და ამ მასკარადში მონაწილეობას. გარდა ამისა, პოლიტიკოსი არც ჯარიმის გადახდას აპირებს და აცხადებს, რომ პარტიის ყველა ანგარიში დაყადაღებულია. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკურმა პარტიებმა 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის პერიოდში დაახლოებით 23 მლნ ლარი დახარჯეს, აქედან 12,6 მლნ–ზე მეტი წინასაარჩევნო რეკლამისთვის.

სარეკლამო ხარჯებით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს, რომელმაც სარეკლამო კამპანიისთვის დაახლოებით 7,2 მლნ ლარი დახარჯა, მეორე ადგილზეა ბლოკი „ძალა ერთობაშია“ 1,8 მლნ ლარით, მესამეზე კი „ლელო საქართველოსთვის“, რომელმაც რეკლამაზე 1,79 მლნ ლარი დახარჯა.

ცხრა ყველაზე რეიტინგულმა პარტიამ მთლიანობაში 21 მლნ ლარი დახარჯა, კიდევ 41–მა პოლიტიკურმა ძალამ კი 2 მლნ ლარი.

ამის ფონზე, პარტია „გირჩის“ სარეკლამო ხარჯები ნული ლარია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.

29
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ქართველი სამხედროები

არჩევნები 2020: როგორ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში სამხედრო მოსამსახურეები

0
(განახლებულია 17:47 28.10.2020)
ქართველი სამხედროები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ საარჩევნო უბანზე ან საცხოვრებელი, ან დისლოკაციის ადგილის მიხედვით

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ავღანეთში სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები შეძლებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, განუცხადეს Sputnik–საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს–ცენტრში.

არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. ამომრჩეველი პარლამენტის 150 დეპუტატს აირჩევს, 120–ს პროპორციული და 30–ს – მაჟორიტარული წესით.

კენჭისყრა ავღანეთში ასევე 31 ოქტომბერს ჩატარდება. სამხედროები თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას ორ საარჩევნო უბანზე – ბაგრამის ავიაბაზაზე №1 საარჩევნო უბანზე და მაზარ–ი–შარიფის მარმალის ბაზაზე №2 საარჩევნო უბანზე. არჩევნები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული უსაფრთხოების ყველა წესის სრული დაცვით ჩატარდება, აღნიშნავენ ცესკოში.

სამხედროები ავღანეთში ხმის მიცემას მხოლოდ პარტიებისა და ბლოკებისთვის შეძლებენ, კანონმდებლობით მათ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ. ორ სამხედრო ბაზაზე 861 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

„რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ ჩაწერის ადგილის მიხედვით, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ან დისლოკაციის ადგილის მიხედვით – სამხედრო ნაწილთან განთავსებულ საარჩევნო უბანზე“, – აღნიშნეს ცესკოს პრეს–სამსახურში.

სულ 2020 წლის არჩევნების ერთიან საარჩევნო სიაში რეგისტრირებულია 3 526 032 ამომრჩეველი. აქ შედიან ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც (14 170).

ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support), რომელიც არასაბრძოლო სტატუსის მატარებელია, ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოში დაჯილდოვდა სამხედრო, რომელიც თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას გადაურჩა>>

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 900–მდე ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020