დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძე

სეისმოლოგი: შიდა ქართლში მცირე ბიძგები გაგრძელდება

183
(განახლებულია 14:55 12.07.2020)
სპეციალისტის განმარტებით, ეპიცენტრულ რეგიონში მოსახლეობა მცირე ბიძგებს იგრძნობს, თუმცა ეს მომყოლი ბიძგებია და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში მცირე ბიძგები კვლავ დაფიქსირდება, განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

დღეს დილით გორში 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:54 საათზე გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ლევიტანასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.

მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

„გარკვეული დროის განმავლობაში მცირე ბიძგები დაფიქსირდება. ესაა მომყოლი მიწისძვრების სერია და, რა თქმა უნდა, ეპიცენტრულ რეგიონში მოსახლეობა მცირე ბიძგებს იგრძნობს“, - განაცხადა გოდოლაძემ.

სეისმოლოგის განმარტებით, ეპიცენტრში მოსახლეობა ამ ბიძგებს იგრძნობდა, მაგრამ ასეთი მიწისძვრის დროს საშიში არაფერია და მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს.

183
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (130)
მომხმარებელი კომპიუტერთან

ჯანდაცვის სამინისტრო დახმარების მისაღებად რეგისტრაციისას შეფერხების გამო ბოდიშს იხდის

52
რეგისტრაციის ვებგვერდი დილიდან შეფერხებით მუშაობდა, შუადღისთვის კი საერთოდ გაითიშა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფულადი დახმარების სწრაფად მიღების მსურველი ძალიან ბევრია

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik. საქართველოში 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მიღების მსურველებმა სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია ვერ მოახერხეს - მშობელთა გაზრდილი ნაკადის გამო პლატფორმის მუშაობა შეფერხდა, იუწყებიან ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს. გახარიას თქმით, დღეისათვის საქართველოში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 880 ათასი მოზარდია. შაბათს ვებგვერდზე daxmareba.moh.gov.ge დაიწყო რეგისტრაცია დახმარების მისაღებად. თუმცა რეგისტრაციის გავლის მსურველები პრობლემას გადააწყდნენ - ვებგვერდი არ მუშაობდა.

„ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული“, - განმარტეს ჯანდაცვის სამინისტროში და ბოდიში მოიხადეს.

ამავე დროს უწყებამ დაამშვიდა მშობლები და განმარტა, რომ რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე გაგრძელდება და დახმარების მიღებას ყველა მსურველი მოასწრებს.

მშობელმა ელექტრონულ პორტალზე შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა განათავსოს:

  • ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი)
  • საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

ამ ეტაპების გავლის შემდეგ სისტემა დაარეგისტრირებს განაცხადს. ერთ ბავშვზე დახმარების ოდენობა 200 ლარს შეადგენს.

52
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
მაგიდა კაფეში

იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს: რა ხდება ქობულეთში

77
(განახლებულია 17:18 15.08.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1321-ს მიაღწია

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. ყველა იმ მოქალაქემ, რომლებიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ,  სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელების ცენტრებს უნდა მიმართოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1321-ს მიაღწია. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ინფიცირებულია ქალი, რომელიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ მუშაობს.

„ეს ქალბატონი თბილისიდან ქობულეთში სამუშაოდ არის ჩასული. ის ქობულეთში კაფე „ჰავანაში“ მუშაობდა. აქ მომუშავე პერსონალი, ყველა, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, ყველა მოკვლეულია და იზოლაციაშია გადაყვანილი. მათ გამოიკვლევენ, მაგრამ მინდა, მაქსიმალურად გავაფრთხილო ისინი, ვინც 9, 10 და 11 აგვისტოს ამ კაფეში იმყოფებოდა, რომ ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც გამოუვლინდებათ სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს“, – განაცხადა  იმნაძემ.

რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, იმნაძის თქმით, ცხრა ინფიცირებული იმყოფებოდა მესტიაში, ერთი - ყაზბეგში ინფიცირებულის ოჯახის წევრია, სამი - ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო ერთი - სომხეთიდან ჩამოსული მძღოლია.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 261 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

77
თემები:
COVID-19 საქართველოში