კასპის ცემენტის ქარხანა

„ჩვენი ქალაქი გვკლავს“ - კასპში საპროტესტო აქცია გაიმართა

372
(განახლებულია 16:18 11.07.2020)
პარასკევს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა“ და კასპის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. ქალაქ კასპში, ცემენტის ქარხანასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ფარნავაზის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ქარხანაში მოუწესრიგებელია ფილტრები. აქციის მონაწილეების თქმით, ცემენტით დატვირთული მძიმე ტექნიკა ალტერნატიული გზით არ სარგებლობს და მათ ქუჩაზე გადაადგილდება. ეს კი, მათი თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ადგილობრივები ადმინისტრაციასა და ხელისუფლებას ერთთვიან ვადას აძლევენ პრობლემის მოსაგვარებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.

„ჰაიდელბერგ ცემენტის“ ქარხანაში საპასუხო კომენტარს არ აკეთებენ.

ამასთან, გუშინ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა“ და კასპის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში ქარხანამ შემოვლითი გზის მოწყობა უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც კომპანიის კუთვნილი სატვირთო მანქანები ფარნავაზის ქუჩის დასახლებული მონაკვეთის ნაცვლად ისარგებლებენ ალტერნატიული გზით.

ფარნავაზის ქუჩას, რომლითაც აქამდე ქარხანასთან მისასვლელი გზა იყო და დაზიანებულია, კომპანიისა და მერიის ერთობლივი ფინანსური ჩართულობით რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე იგეგმება ბეტონის გზის მოწყობა კასპის ცემენტის ქარხნიდან კავთისხევი-კასპის მიმართულებით ე.წ. კარიერის დასახლებამდე.

კომპანია HeidelbergCement-ის განახლებული თანამედროვე ცემენტის ქარხანა კასპში გასულ წელს გაიხსნა. კომპანიამ  საქართველოში მუშაობა 2006 წელს დაიწყო. დღეისათვის ის ფლობს კასპის ცემენტის ქარხანას, რუსთავის ორ ცემენტის ქარხანას, ასევე ფოთში ცემენტის წისქვილს და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ის საქართველოში კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია.

372
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (130)
მაგიდა კაფეში

იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს: რა ხდება ქობულეთში

49
(განახლებულია 17:18 15.08.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1321-ს მიაღწია

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. ყველა იმ მოქალაქემ, რომლებიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ,  სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელების ცენტრებს უნდა მიმართოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1321-ს მიაღწია. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ინფიცირებულია ქალი, რომელიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ მუშაობს.

„ეს ქალბატონი თბილისიდან ქობულეთში სამუშაოდ არის ჩასული. ის ქობულეთში კაფე „ჰავანაში“ მუშაობდა. აქ მომუშავე პერსონალი, ყველა, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, ყველა მოკვლეულია და იზოლაციაშია გადაყვანილი. მათ გამოიკვლევენ, მაგრამ მინდა, მაქსიმალურად გავაფრთხილო ისინი, ვინც 9, 10 და 11 აგვისტოს ამ კაფეში იმყოფებოდა, რომ ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც გამოუვლინდებათ სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს“, – განაცხადა  იმნაძემ.

რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, იმნაძის თქმით, ცხრა ინფიცირებული იმყოფებოდა მესტიაში, ერთი - ყაზბეგში ინფიცირებულის ოჯახის წევრია, სამი - ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო ერთი - სომხეთიდან ჩამოსული მძღოლია.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 261 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

49
თემები:
COVID-19 საქართველოში
ანთებული სანთლები

საქართველოს დედაქალაქში და რეგიონებში 90-იან წლებში დაღუპული სამხედროები დაკრძალეს

43
(განახლებულია 16:17 15.08.2020)
ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების და ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა. 

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთის  შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 სამხედრო მოსამსახურე დაკრძალეს, იუწყება პირველი არხი.

ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების და ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა. 

გუშინ სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი პირადად გამოუცხადეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, დეპუტატებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების შედეგად 1990-იან წლებში უგზო-უკვლოდ 2,2 ათასზე მეტი ადამიანი დაიკარგა.

თბილისის ძმათა სასაფლაოზე ორი სამხედრო დაკრძალეს, დანარჩენების ნეშტები ოჯახებმა გადაასვენეს, რათა თავიანთი ნათესავები ოჯახურ სასაფლაოებზე დაკრძალონ.

2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის წყალობით ნაპოვნია აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 563 ადამიანის ნეშტი, საიდანაც 200-ზე მეტი იდენტიფიცირებულია. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი გრძელდება.

43