თბილისური პარკი

ვინ მოასწრო და ვინ არა: კომპენსაციის მიღების მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა

92
(განახლებულია 18:21 01.07.2020)
კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირების პროცესი 15 ივლისამდე მხოლოდ იმ პირებისთვის გახანგრძლივდა, რომლებიც საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე იმყოფებოდნენ.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. სახელმწიფოსგან კომპენსაციის მისაღებად იმ მოქალაქეთა განცხადებების მიღების ვადა, რომლებმაც სამსახური კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგეს, 1 ივლისს ამოიწურა.

15 ივლისამდე განცხადების შეტანა ჯერ კიდევ შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ სეზონულ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებული.

ამ კატეგორიის მოქალაქეებს არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ევალებათ, მხოლოდ საჭიროა 15 ივლისამდე დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პორტალზე, ხოლო საზღვრის კვეთის შესახებ დამადასტურებელ ინფორმაციას სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღებს. 

რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში სეზონურ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებული და მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით 30-დან 120 დღემდე პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ. 

კომპენსაციის მიღებას ექვემდებარება ადამიანების კიდევ ერთი კატეგორია – ის ადამიანები, რომელთა საქმიანობაც საზღვრის რეგულარულ კვეთასთან არის დაკავშირებული. თუ 2019 წელს მათ 60-ზე მეტჯერ გადაკვეთეს საზღვარი, მათაც შეუძლიათ კომპენსაციის მიღების იმედი ჰქონდეთ. მათ არ სჭირდებათ რაიმე დოკუმენტების წარმოდგენა, გარდა პასპორტის გვერდის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლისა.

29 ივნისის მონაცემებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე 300-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით რეგისტრაცია 156186-მა ადამიანმა გაიარა. მათგან 104 547 თვითდასაქმებულმა პირმა უკვე მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. სახელმწიფომ მთლიანობაში გადარიცხა დაახლოებით 31,4 მილიონი ლარი.

მათ გარდა ამ დროისათვის ფულადი დახმარება მიიღო პანდემიამდე კონტრაქტით დასაქმებულმა ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფმა და სამსახურდაკარგულმა 90775-მა მოქალაქემ. ისინი ექვსი თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. გადარიცხულმა თანხამ 18,1 მილიონი ლარი შეადგინა. ფულადი დახმარების ჩარიცხვა ეტაპობრივად ხდება.

იმ პირთა რეგისტრაცია, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს, 15 მაისს დაიწყო და 1 ივლისს დასრულდა.

92
თემები:
COVID-19 საქართველოში (1180)
გორის სამხედრო ჰოსპიტალი

ქართველ სამხედროებს ავღანეთში კორონავირუსი დაუდგინდა

12
(განახლებულია 11:13 10.07.2020)
სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც როტაციის შედეგად ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდებიან, ორკვირიან კარანტინში განთავსდებიან

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ავღანეთიდან თბილისში სპეცრეისით 28 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ჩამოიყვანს. მათ კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, სამხედროები, რომლებიც სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“ მონაწილეობდნენ, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით გამოიყვანეს. ბორტზე მათთან ერთად იმყოფებოდა ბუნდესვერის მედპერსონალი.

„სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო, უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში გამოფრენამდე ინფიცირებულები სპეციალურ იზოლატორში მოათავსეს. შესაბამისა, მისიაში მონაწილე სხვა ქართველ ჯარისკაცებს ინფიცირების საფრთხე არ ემუქრება.

ინფიცირებული სამხედროები მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძობენ. რაც შეეხება დანარჩენ სამხედროებს, ისინი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support), რომელიც არასაბრძოლო სტატუსის მატარებელია, ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარი-შარიფში არიან დისლოცირებული.

12
თემები:
COVID-19 საქართველოში (1180)
რთველი კახეთში

გარანტიები მევენახეებისთვის, ანუ სოლიდარობა სუბსიდირების სახით

21
(განახლებულია 09:36 10.07.2020)
სახელმწიფო ქართველ მევენახეებს 60 მლნ ლარის ოდენობის სუბსიდიას გამოუყოფს და თუ საჭირო გახდება, ყურძნის შესყიდვაშიც ჩაერთვება

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ქართველი მევენახეებისთვის შეიქმნა გარანტიები, რომ მათი საქმიანობა დაფასდეს და მათ შეძლონ 2020 წლის სეზონის ნაკლებად მძიმედ გადატანა, განაცხადა ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

პრემიერმა მევენახეებს მიმართა - სახელმწიფო არ დაგივიწყებთ>>

ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალდება. საქართველოდან ღვინის მიწოდება ბოლო წლებში პირველად შემცირდა: „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ღვინის ექსპორტი 11,3%–ით დაეცა.

მინისტრის განცხადებით, მსხვილი კომპანიები, რომლებიც ერთ ტონაზე მეტი „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ გადამუშავებას შეძლებენ, სახელმწიფოსგან ერთ კილოგრამზე 30 თეთრის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ, თუ მათი ფასი მინიმუმ 80 თეთრი იქნება. სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც კოორდინირებას გაუწევს სამუშაო პროცესს, რათა მევენახეებმა და ფერმერებმა რიგებისა და პრობლემების გარეშე ჩააბარონ თავიანთი პროდუქცია.

„ის, რომ ჩვენ ასეთი გარანტიები შევქმენით ქართველი მევენახე-ფერმერებისთვის, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და სოლიდარობა, რადგან ეს არის ქართველი გადასახადების გადამხდელების მიერ აკუმულირებული თანხები. ანუ ეს არის სოლიდარობა მევენახე-ფერმერებისთვის, რათა მათი საქმიანობა წელს დაფასდეს და 2020-ის სეზონი ნაკლებად მძიმედ გაიარონ“, – განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.

უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ქართული ყურძნის ჯიშების „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" სუბსიდირებას განახორციელებს.

პრემიერის თქმით, ფერმერული საქმიანობის სტიმულირება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ყურძნის მოსავლის სუბსიდირებაზე 60 მლნ ლარი დაიხარჯება.

გასულ წელს საქართველოში 271 ტონა ყურძენი მოიკრიფა.

21
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა