6 ივლისიდან მუშევანში მკაცრი კარანტინი უქმდება: კიდევ რა შეზღუდვები იხსნება ორშაბათიდან

გამოწერა
სოფელი მუშევანი საქართველოში დღემდე ერთადერთი ლოკაცია იყო, სადაც 25 აპრილიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებდა.

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 6 ივლისიდან, ორშაბათიდან გაუქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ივლისიდან უქმდება კოროანვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული კიდევ ერთი შეზღუდვა. კერძოდ, დახურულ შენობებში კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება ნებადართული ხდება.

ორშაბათს ასევე გაიხსნება პროფესიული სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მიერ დადგენილ სტანდარტებს. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

საბჭოს წევრებმა განიხილეს მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს მოსახლეობის მაღალი მობილობისა და შერბილებული შეზღუდვების პირობებში ვირუსის გავრცელების კონტროლის იმ შედეგების შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც დღეს აქვს საქართველოს.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის გახსნის მიმართულებით ფრთხილი და ეტაპობრივი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობაზე, რამდენადაც მოქალაქეების უსაფრთხოება ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია. 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ თითოეული ნაბიჯი გაზომილია და განპირობებულია მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობით და იმ მიღწევებით, რომელიც დღეს საქართველოს აქვს. მთავრობა ყურადღებით ეცნობა ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს ევროპელ პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში იღებს.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 928-ს მიაღწია, აქედან 794 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0