ქალაქის ქუჩები

უცხოეთში სეზონურად დასაქმებულები მთავრობისგან დახმარებას მიიღებენ: ვის რამდენი ერგება

269
(განახლებულია 19:41 29.06.2020)
დღეისათვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარება პანდემიის პერიოდში დაზარალებულმა 105 ათასამდე თვითდასაქმებულმა პირმა უკვე მიიღო.

თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდნენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიმ ჟურნალისტებთან.

მისი განცხადებით, მოქალაქეებს არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ევალებათ, მხოლოდ საჭიროა 15 ივლისამდე დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პორტალზე, ხოლო საზღვრის კვეთის შესახებ დამადასტურებელ ინფორმაციას სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღებს. 

დღეისათვის სახელმწიფოს დახმარება პანდემიის პერიოდში დაზარალებულმა 105 ათასამდე თვითდასაქმებულმა პირმა უკვე მიიღო. 26 ივნისიდან კი კომპენსაციის მიმღებ ბენეფიციართა წრე გაფართოვდა და ის დასაქმებულები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ დასაქმებული, 300 ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.

ამასთან, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ პირებს მიეცათ არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაციის განახლების საშუალება არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა.

29 ივნისის მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 156186-მა ადამიანმა. მათგან 104 547 თვითდასაქმებულმა პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. სახელმწიფომ მთლიანობაში გადარიცხა დაახლოებით 31,4 მილიონი ლარი.

ამ დროისათვის ფულადი დახმარება მიიღო პანდემიამდე კონტრაქტით დასაქმებულმა ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფმა და სამსახურდაკარგულმა 90775-მა მოქალაქემ. ისინი ექვსი თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. გადარიცხულმა თანხამ 18,1 მილიონი ლარი შეადგინა. ფულადი დახმარების ჩარიცხვა ეტაპობრივად ხდება.

იმ პირთა რეგისტრაცია, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს, 15 მაისს დაიწყო და 1 ივლისამდე გრძელდება.

269
თემები:
COVID-19 საქართველოში (2606)
სასწრაფო დახმარება

კორონავირუსი თუ გულგრილობა? რატომ გარდაიცვალა თბილისში 19 წლის გოგონა

18
გოგონას მშობლების თქმით, ისინი მათი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ქალიშვილის საავადმყოფოში გადაყვანას ხუთი დღის განმავლობაში იხვეწებოდნენ

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას ოჯახი ხელისუფლებას ადანაშაულებს - მათი თქმით, მათ ქალიშვილს დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.

კორონავირუსმა 19 წლის გოგონა იმსხვერპლა >>

თეკლა თორდია, რომელიც დიაბეტით იყო ავად, მკურნალობას კოვიდ-სასტუმროში გადიოდა. რამდენიმე დღის წინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და ის დედაქალაქის გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, კლინიკაში შეყვანის მომენტში პაციენტის მდგომარეობა უკვე კრიტიკული იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გოგონა საავადმყოფოში 30 ნოემბერს გარდაიცვალა.

გოგონას მშობლები აცხადებენ, რომ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი კოვიდ-სასტუმროში მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ კლინიკებში ადგილი არ იყო. გარდაცვლილის დედის, ირმა ხელაშვილის თქმით, მისი ქალიშვილი ინსულინდამოკიდებული იყო, ამიტომ ოჯახი მოითხოვდა სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას, თუმცა ამასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა.

„ერთმანეთთან გვამისამართებდა ჯანდაცვა და 112, არ გვაქვს ადგილებიო, სასწრაფოც არ მოდიოდა, მოვიდა და გადაყვანის პრობლემა შეიქმნა. აი ტელეფონი და თქვენ დარეკეთო, იქნებ ვინმე გყავდეთ ნაცნობი სამინისტროში ან სადმე, რომ ადგილი გამოგიძებნონ და გადაგიყვანოთო“, - უამბო ხელაშვილმა „მთავარ არხს“.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში მისი ქალიშვილი საავადმყოფოში ჩვეულებრივი მიკროავტობუსით გადაიყვანეს.

„ამბობდა, რომ ძალიან მცივა, ხელები სულ ლურჯი მაქვსო, როგორ ჩამოვალ აქედანო... არ მოხდა მართვა, არ მოხდა დროული ჰოსპიტალიზაცია, 5 დღის მანძილზე ვიხვეწებოდით, რომ გადაეყვანათ ჰოსპიტალში", - აცხადებს ხელაშვილი.

კლინიკის განმარტება

თბილისის გერმანული ჰოსპიტლის დირექტორმა ეკატერინე ლორიამ განაცხადა, რომ პაციენტი მათთან კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.

„ჩვენთან მოსული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. ჰქონდა თანმხლები დაავადება. სავარაუდოდ, შეკრებილი ანამნეზიდან გამომდინარე, თანმხლები დაავადება გარკვეულ პერიოდში არ იყო გონივრულად ნამართი. თვითონ პაციენტის მიერ თუ ექიმის მიერ, ეს არ ვიცი. თანმხლები დაავადება იყო ძალიან მძიმე“, - განაცხადა ლორიამ.

ჩატარდება შემოწმება

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო შეისწავლის ყველა დეტალს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული 19 წლის გოგონას გარდაცვალებას უკავშირდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

„ყველა დეტალს, რომელიც ამ შემთხვევას უკავშირდება, სამინისტრო შეისწავლის, მათ შორის გამოძახების სიზუსტეს ანუ გამოძახების თარიღს, ასევე დროს და იმას, თუ რამდენად სწრაფად მოხდა რეაგირება და რას უკავშირდება და უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევა იმას, რომ რომელიმე ეტაპზე რაიმე სახის ჩარევა დაგვიანდა. სამინისტროს პროტოკოლი ითვალისწინებს თანმხლები დაავადებების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციას გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება მისი მართვა მოხერხდეს კოვიდსასტუმროში. იმ დაშვებით, რომ კლინიკური გამოკვლევები მას ჩაუტარდება კოვიდსასტუმროდანაც. რამდენადაც მე მესმის, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ექიმის შეფასებით მდგომარეობა ჩაითვალა, რომ იყო სტაბილური და საწყის ეტაპზე პაციენტს მიეცა რეკომენდაცია კოვიდსასტუმროში მკურნალობის“, - განაცხადა გაბუნიამ.

ეს ახალგაზრდა პაციენტის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა არაა. ოქტომბერში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან 15 წლის გოგონა გარდაიცვალა.

მთლიანობაში საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს 1 303 ადამიანი ემსხვერპლა.

18
თემები:
COVID-19 საქართველოში (2606)
ხელოვნური სუნთქვის აპარატი

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

20
(განახლებულია 19:54 01.12.2020)
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ლია ბიბილეიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ლია ბიბილეიშვილი სამტრედიის კოვიდსაავადმყოფოში მკურნალობდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ცხოვრობდა. ის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ბოლო მონაცემებით 135 584-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 36 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1.303 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 113 986 ადამიანი, გარდაიცვალა 1 267 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

20
თემები:
COVID-19 საქართველოში (2606)
გაზის მრიცხველი

Tbilisi Energy გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის ტარიფს ამცირებს

0
გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი „თბილისი ენერჯის“ სალიცენზიო არეალში შევიდა და შესაბამისად მათთვის ტარიფი შეიცვალა

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. 1 დეკემბრიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლის მოსახლეობა ბუნებრივ აირს შემცირებული ტარიფით მიიღებს, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ს განცხადებაში.

საუბარია შემდეგი სოფლების მოსახლეობაზე: მუხრანთელეთი, ზემო და ქვემო თელეთი, წალასყური, ახალწყალი და კუმისი.

თუ ადრე ბუნებრივი აირის ტარიფი შეადგენდა 48,7460 თეთრს, დღეიდან ისინი მას შემცირებულ ფასად - 46,1374 თეთრად იღებენ.

„სემეკის გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან  ზემოთ ჩამოთვლილი სოფლები თბილისი ენერჯის სალიცენზიო არეალში შევიდნენ. საქართველოში ბუნებრივი გაზის აბონენტებს  ყველაზე დაბალ ტარიფს „თბილისი ენერჯი“ სთავაზობს.  შესაბამისად, მას შემდეგ რაც გარდაბნის სოფლები „თბილისი ენერჯის” აბონენტები გახდნენ, ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასური შეუმცირდათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ადრე სემეკში განაცხადეს, უახლოეს სამ წელიწადში ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდა არ იგეგმება.

0
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა