თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მეგობარი ანა გაბეჩავა, რომლის იუბილეზეც კონფლიქტი მოხდა, უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, აცხადებს გოგონას ადვოკატი ლიკა ბითაძე ჟურნალისტებთან.
ადვოკატის ინფორმაციით, 22 წლის გოგონასთან ფსიქოლოგები მუშაობენ და ის მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ჩვენების მიცემას.
„ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, სტრესშია და დიდი ტრაგედია ტრიალებს მის ოჯახში“, – განაცხადა ლიკა ბითაძემ.
მისი თქმით, ანი და გიორგი მეგობრობდნენ, ამიტომაც დაპატიჟა დაბადების დღეზე. ოჯახი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნარეკვავის დასახლებაში ნაქირავებ სახლში ერთმანეთისთვის უცნობი ახალგაზრდები შეიკრიბნენ და გოგონამ დაბადების დღის ბილეთები გაყიდა.
საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს” ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელია. ტრაგედიას წინ უძღოდა დაბადების დღის წვეულება, სადაც შელაპარაკება მოხდა დიჯეის გამო, რომელიც საღამოს მუსიკალურად აფორმებდა.
ახალგაზრდების დაპირისპირებამ აგარაკიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე გადაინაცვლა, რის შემდეგაც ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. ის ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს გარდაცვლილი.
პოლიციამ მომხდარზე 17 პირი დააკავა და სასამართლომ 28 ივნისს ყველა პატიმრობაში დატოვა. გაიზრდება თუ არა დაკავებულთა რიცხვი, ეს გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გაირკვევა.
დაკავებული ახალგაზრდების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმებიან.