გიორგი შაქარაშვილი

„ორი მანქანა სავსე იყო...“ შაქარაშვილის ოჯახის პირველი კომენტარი დაკავებულებზე

18830
(განახლებულია 17:18 08.07.2020)
გიორგი შაქარაშვილი, სავარაუდოდ, სადღეგრძელოს გამო დაწყებულ კონფლიქტს ემსხვერპლა. საქმეზე ერთბაშად 17 ადამიანი დააკავეს.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახი საქმეში მონაწილე ახალგაზრდების დაკავებაზე ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს.

შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, მათთვისაც ცნობილია, რომ 17 ადამიანი დააკავეს. მისი თქმით, როგორც ჩადენილი ქმედებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, ამ შემთხვევაში ბრალდების მუხლები შეიძლება იყოს „ძალადობა“, „ძალადობის ორგანიზება“, შესაძლებელია რიგ შემთხვევებში საქმე გვქონდეს „ხულიგნობასთან“ და „დანაშაულის დაფარვასთან“.

„ორი მანქანა სავსე იყო ხალხით და ეს რიცხვი გასაკვირი არ არის. ეს არიან ის ადამიანები, ვინც კონფლიქტში იღებდა მონაწილეობას“, – აღნიშნა გარდაცვლილის ბიძამ.

ცნობილი ხდება, რომ დაკავებულებს შორის არიან „ტოიოტა ქამრის“ მძღოლი და მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე.

ასევე დაკავებულია დაპირისპირების კიდევ ერთი მონაწილე საბა ჩხარტიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს.

საქმეში სავარაუდო მონაწილის ახლობელი ამბობს, რომ დაბადების დღეზე კონფლიქტი „რაღაც სადღეგრძელოს გამო“ დაიწყო, შემდეგ კი ერთმანეთს „სიტყვებზე გამოეკიდნენ“.

„რაც ვიცი, იმდენად უაზრო მიზეზია... რაღაც სადღეგრძელოს გამო გამოეკიდნენ სიტყვებზე“, – ამბობს „მთავარ არხთან“ მამაკაცი.

დაკარგული ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მყვინთავებმა მდინარე არაგვში იპოვეს, იმ ადგილთან ახლოს, სადაც ის ბოლოს ნახეს ცოცხალი.

შსს-ს ინფორმაციით, 18 ივნისის საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში, მეგობარი გოგონას დაბადების დღეზე, მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში იმყოფებოდა. იმ საღამოს იქ 35-დან 40-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.

წვეულებაზე ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი დაიწყო, რომელიც შემდეგ ავტობანზე გაგრძელდა. კონფლიქტის დროს გიორგიმ გაქცევა შეძლო, თუმცა იგი ამის შემდეგ არავის უნახავს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოიკითხა 50-ზე მეტი ადამიანი. ბოლოს ცოცხალი ის მისმა მეგობარმა ნახა, რომელიც საქმეში მთავარ მოწმედ გამოდის. შსს უახლოეს პერიოდში განცხადებას გააკეთებს დაკავებებთან დაკავშირებით.

18830
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (74)
რთველი

რთველი 2020: მევენახეებმა 207 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

19
(განახლებულია 14:31 29.09.2020)
საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა

 

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში „რთველი 2020“-ის ფარგლებში ამ დროისათვის დაახლოებით 207 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. 

კახეთში ყურძნის მოსავლის აღების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყო. გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის საწარმოა ჩართული.

29 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 146 ათასი ტონა „რქაწითელი“, 52 ათასი ტონა „საფერავი“, 3,6 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.



19
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ბათუმი

ეპიდვითარება აჭარაში ინფიცირებულთა შორის ასამდე ბავშვია

28
(განახლებულია 13:47 29.09.2020)
რეგიონში ამ დრომდე გრძელდება რისკ–ჯგუფში შემავალი პირების მიზნობრივი ტესტირება. პირველ ყოვლისა, საუბარია დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებზე.

თბილისი, 29 სექტემბერი  — Sputnik.  ოფიციალური მონაცემების თანახმად, აჭარის კოვიდ–ცენტრებში 463 პაციენტი მკურნალობს, მათგან 32 ბავშვი და ათი ორსულია, განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

გარდა ამისა, კოვიდ–კარანტინში 900–ზე მეტი პაციენტი იმყოფება, მათ შორის 60 ბავშვი, 600 ადამიანი კი ბინაზე მკურნალობს.

 „გასულ ღამეს აჭარაში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა – 55 წლის ქალი, რომელსაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს“, – განაცხადა ეფაძემ.

აჭარაში უკვე ამოქმედდა კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის ახალი პროტოკოლი - ინფიცირებიდან მეათე დღეს უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას ბინაზე გააგრძელებენ.

დღეს, ბათუმის კოვიდ–ცენტრები და საკარანტინო ზონები 400–მდე უსიმპტომო პაციენტმა დატოვა. 100 პაციენტი კოვიდ–ცენტრებიდან გაეწერა, 300 კი საკარანტინე ზონებიდან.

რეგიონში ამ დრომდე გრძელდება რისკ–ჯგუფში შემავალი პირების მიზნობრივი ტესტირება. პირველ ყოვლისა, საუბარია დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებზე.

28
თემები:
COVID-19 საქართველოში
საბავშვო ბაღი

ამაზრზენი დანაშული საბავშვო ბაღში: აღმზრდელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

0
(განახლებულია 15:02 29.09.2020)
გამოძიებით დადგინდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც მასწავლებელი ქალი ნატრიუმის ნიტრიტს პირადი პრობლემების გადასაჭრელად იყენებდა

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის პროვინცია ხენანის ქალაქ ცზიაოცზოს საშუალო დონის სახალხო სასამართლომ საბავშვო ბაღის აღმზრდელს ბავშვების მოწამვლისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, იუწყება BBC სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულ ვან იუნს, რომელიც „მენმენის“ საბავშვო ბაღში მუშაობდა, კონფლიქტი მოუვიდა ერთ-ერთ მასწავლებელთან — გვარად სუნთან. ქალმა კოლეგასთან ანგარიშის გასწორება გადაწყვიტა და 2019 წლის 27 მარტს, დილით, სუნის ჯგუფის ბავშვებს ფაფაში ნატრიუმის ნიტრიტი ჩაუყარა, რის გამოც 25 ბავშვი მოწამვლის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა კიდეც.

გამოძიებით დადგინდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ვან იუნი ნატრიუმის ნიტრიტს პირადი პრობლემების გადასაჭრელად იყენებდა. ირკვევა, რომ 2017 წელს ქალს მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა ყოფითი პრობლემების გამო. მაშინ მან, შურისძიების მიზნით, ინტერნეტით შეიძინა ნატრიუმის ნიტრიტი,  წყლიან ჭიქაში ჩაუყარა მეუღლეს და მოწამლა ის. თუმცა ამას მაშინ სერიოზული შედეგები არ გამოუწვევია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალმა მშვენივრად იცოდა, რომ ნატრიუმის ნიტრიტიან ფაფას, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს ადამიანებისთვის, ბევრი ბავშვი შეჭამდა, მაგრამ ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მისთვის პირადი ინტერესებისთვის წასულიყო ამ ნაბიჯზე.

სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვან იუნის კრიმინალური მოტივები „ამაზრზენია“, ისევე როგორც დანაშაულის ჩადენის გზა, რამაც სერიოზული შედეგები გამოიწვია და კანონის შესაბამისად, ის მკაცრად უნდა დაისაჯოს.

0
თემები:
მსოფლიო დღეს