გიორგი შაქარაშვილი

გიორგი შაქარაშვილის საქმე: რა ახალი დეტალი გამოიკვეთა და რატომ დაამატა მუხლი გამოძიებამ

721
(განახლებულია 19:04 23.06.2020)
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რამე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მიმართოს უწყებას და მაქსიმალურად ითანამშრომლოს მასთან.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე.

„თუ საქმეში შეიკრიბება სათანადო მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის კუთხით, სამართალდამცველების რეაქცია იქნება მყისიერი“, – აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში 2020 წლის 19 ივნისს შევიდა, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

„გამოძიება პირველ ეტაპზე დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, ვინაიდან ჩვენ გვქონდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც... საქმის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, კვალიფიკაციას დაემატა დამატებით კიდევ ერთი – ძალადობის მუხლი და, დღევანდელი მდგომარეობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით“, – აღნიშნა ბორცვაძემ.

ბორცვაძის განცხადებით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და ოთხდღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი“, – განაცხადა ბორცვაძემ.

ამ დროისათვის სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი, დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

19 წლის ფეხბურთელის უკანასკნელი ვიდეო დაბადების დღის საბედისწერო წვეულებიდან>>

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

შსს მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვისაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რამე სახის ინფორმაცია გააჩნია, დაუყოვნებლივ მიმართოს უწყებას და მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

721
თემები:
კრიმინალი საქართველოში (995)
საავადმყოფო ბათუმში

კორონავირუსით დაავადებულ თურქეთის მოქალაქეს ბათუმიდან სამშობლოში დააბრუნებენ

51
პაციენტმა, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია, გამოთქვა სურვილი მკურნალობა სამშობლოში გააგრძელოს

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. თურქეთის მოქალაქეს, რომელსაც ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა, სამშობლოში დააბრუნებენ.

შუახნის მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ის ბათუმის „ცხელების ცენტრში“ მიიყვანეს, სადაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პაციენტმა თავად გამოთქვა სურვილი მკურნალობა სამშობლოში გააგრძელოს.

საქართველოში კორონავირუსი 986 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 857 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კარანტინის ზონებში 5001 ადამიანი რჩება, სტაციონარებში - 219.

51
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

კუნძული მსოფლიოს Covid-რუკაზე: ავსტრიული გამოცემა საქართველოს ბრძოლაზე წერს

96
საქართველომ დაამტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების საწინდარია, წერს გამოცემა

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. ავსტრიული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭდური გამოცემა – ORF Nachrichten სტატიას აქვეყნებს საქართველოს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულად წარმატებული ქვეყნის შესახებ.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაა, რომელიც „მაღალი ინფიცირების მქონე ქვეყნებით გარშემორტყმული ერთგვარი კუნძულია, რომელმაც ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიით სახელი გაითქვა“.

„ქვეყანა 3,7 მილიონი მოსახლეობით მდებარეობს თურქეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ასევე ესაზღვრება სომხეთსა და აზერბაიჯანს. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ასევე თურქეთში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მოსახლეობაში ზოგჯერ ათჯერ მაღალია“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებული მოქმედებების შედეგად საქართველომ ყურადღება მიიპყრო რამდენიმე გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის და ანალიტიკური ცენტრის (BBC, ამერიკული და ბრიტანული ანალიტიკური ცენტრების), რომლებიც ზედმიწევნით სწავლობდნენ საქართველოს მაგალითს.

„საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) Covid-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების საწინდარია“, – ნათქვამია სტატიაში.

მასალაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტური ნაბიჯების გარდა, ე.წ. სამმა მუშკეტერმა – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, მისმა მოადგილემ პაატა იმნაძემ და ვირუსოლოგმა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, სტატიაში ნათქვამია, რომ მკაცრად კონტროლდებოდა შეზღუდვების დაცვა, საჭიროების შემთხვევაში კი ცალკეულ პირებს, ასევე კომპანიებს დიდი ოდენობის ჯარიმები დაეკისრა.

ამავე კონტექსტში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის მოსაწონი არ იყო მოსახლეობისთვის, თუმცა მისი დიდი ნაწილი მთავრობის მოწოდებას დაემორჩილა და სახლში დარჩა. სტატიაში აგრეთვე ნახსენებია „ქართული მართლმადიდებლური ეკლესია”, რომელიც აგრძელებდა ღვთისმსახურებას.

საქართველო სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებას კიდევ ერთხელ სთავაზობს >>

სტატიის დასასრულს ავტორი უამბობს მკითხველს, რომ საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებისთვის საჰაერო საზღვრების გახსნას აპირებდა, თუმცა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ამ თარიღმა ივლისის ბოლოსთვის გადაიწია.

96
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
მთის მდინარე

მესტიაში ავტომობილი მდინარეში გადავარდა: მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები

27
მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა მდინარიდან მანქანის ამოტანა შეძლეს, თუმცა მანქანის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ.

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-უშგულის გზის მონაკვეთზე, მულახის თემის ტერიტორიაზე მდინარე მულხურაში Mitsubishi Delica-ს მარკის ავტომობილი გადავარდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა მდინარიდან მანქანის ამოტანა შეძლეს, თუმცა მანქანის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ.

ნიკა ლატარია

27
თემები:
შემთხვევები საქართველოში