გიორგი რურუა

„გაათავისუფლეთ გიორგი რურუა" საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა აქციის ფონზე გაიმართა

107
(განახლებულია 19:15 23.06.2020)
საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელის, პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუას მეგობრები და მომხრეები პარლამენტთან მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

რურუას მხარდამჭერი აქცია ხალხმრავალი არაა. აქციის მონაწილეები დროშებითა და პლაკატებით პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილი. ისინი ხელისუფლებისგან რურუას გათავისუფლებას და 8 მარტის შეთანხმების შესრულებას მოითხოვენ.

„შევიკრიბეთ გიორგი რურუას მეგობრები და კიდევ ერთხელ ვითხოვთ, რომ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და სასწრაფო წესით გათავისუფლდეს გიორგი რურუა პატიმრობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ პერმანენტულ აქციებს დავიწყებთ", – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან მერაბიშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას გულისხმობს. პირველი მოსმენით ცვლილებებს მხარი დაუჭირა 136-მა დეპუტატმა, ხუთი დეპუტატი იყო წინააღმდეგი, ერთმა თავი შეიკავა.

საპარლამენტო ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და ოპოზიციასთან შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ გეგმავს, ვიდრე არ შესრულდება 8 მარტის შეთანხმება და არ გათავისუფლდება გიორგი რურუა, რომელსაც პოლიტპატიმრად მიიჩნევს. „ევროპულმა საქართველომ“, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენისას მხარი დაუჭირა, ასევე განაცხადა, რომ მეორე და მესამე მოსმენაში არ მიიღებს მონაწილეობას, თუ არ გათავისუფლდება გიორგი რურუა.

მაისში, როდესაც საქართველოში ოპოზიციასთან შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დაიწყო, პროცესი რომ არ ჩავარდნილიყო, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ შეთანხმებისას დასახელებული სამიდან ორი პატიმარი – გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ციხეში დღემდე რჩება გიორგი რურუა, რომელზეც სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.

საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რურუას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, რადგან რურუას საკუთარი, ოფიციალურად გაფორმებული 50-მდე ერთეული იარაღის შენახვის უფლება აქვს. თავად რურუა აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეში დაზარალებული მხარეა.

107
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (102)
ამირან გამყრელიძე

COVID-19 საქართველოში: ყველა ახალი შემთხვევა შემოტანილია

185
(განახლებულია 15:22 12.07.2020)
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინფიცირებულ პირებს შორის ხშირად არიან ტრაილერების მძღოლები, რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებენ

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ხუთივე პაციენტი კარანტინში იმყოფებოდა. ზოგიერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, რამდენიმეს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

„ამჯერად ახალ შემთხვევებს შორის არც ერთი არ არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განმარტა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

რაც შეეხება ზოგად სიტუაციას, მისი თქმით, განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„გვაქვს ყოველდღიურად ერთეული შემთხვევები. უმრავლესობა არის იმპორტირებული. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხშირად ინფიცირებულები არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც გადაზიდვებს ახორციელებენ “ , – აღნიშნა გამყრელიძემ.

ბრძოლა კორონავირუსთან: საქართველოს მოქალაქეები მთავრობის მუშაობით კმაყოფილები არიან >>

12 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 986-მდე გაიზარდა.

 

185
თემები:
COVID-19 საქართველოში
ტყე

მოსახლეობისთვის ხე-ტყის რესურსებით სარგებლობის წესი იცვლება

120
ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, კახეთის რეგიონში მოსახელობას შეხვდა და „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე ესაუბრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორცილებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“.

ტყის ახალი კოდექსი სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყით სარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება.

„ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, ასევე უკანონო ჭრების რისკები.

120
დაკავება

ზუგდიდში „ტყის ძმების“ ლიდერის შვილი ნარკოდანაშაულზე დააკავეს

0
დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა”. ასევე ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. „ტყის ძმების“ ყოფილი ლიდერის დათო შენგელიას შვილის, 38 წლის დადუ შენგელიას დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

სპეცოპერაცია ზუგდიდში დღეს რამდენიმე საათს მიმდინარეობდა.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შენგელია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა” ამოიღეს.

ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში