საქართველოში აღმოსავლეთი–დასავლეთის დერეფნის მშენებლობა გრძელდება

გამოწერა
რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილის უბისა–შორაპნის მონაკვეთზე ორი ახალი გვირაბი გაიჭრა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

„ახალი გვირაბები სოფელ უბისასთან და განთიადთან გაიჭრა, მათი სიგრძე 346,5 მეტრი და 223 მეტრია", – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები ჩუმათელეთი–ხევის 11,7-კილომეტრიან, ხევი–უბისას 12,2-კილომეტრიან და უბისა–შორაპნის 13-კილომეტრიან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. მთლიანობაში სამუშაოები პარალელურ რეჟიმში ხორციელდება 39 ხიდზე და 30 გვირაბში.

გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
ვითარება გზებზე: ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

ხევი–უბისას მონაკვეთზე პირველი 80-მეტრიანი გვირაბი გასულ თვეში სოფელ ხევთან გაიჭრა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

შორაპანი–არგვეთის მეოთხე, 14,7 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს.

ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება. გზის მშენებლობა 2023 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაზე ერთ მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება.

შედეგად – თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასასვლელად საჭიროა 8 საათი, მაგისტრალის დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიის გასავლელად საკმარისი იქნება 4–4,5 საათი.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0