პოლიცია

საქართველოში PCR-ტესტი სავალდებულო ხდება: ვის ავალდებულებს მთავრობა

238
(განახლებულია 20:00 17.06.2020)
მაღალი რისკის ჯგუფებში შევიდნენ ექიმები, კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირები, მესაზღვრეები, სამხედროები, სატვირთოს მძღოლები და ა.შ.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მაღალი რისკის ჯგუფები განსაზღვრა, რომლებიც ვალდებული არიან PCR-ტესტი ჩაიტარონ.

როგორც „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი, პრიორიტეტული პირები, რომელთათვისაც PCR-ტესტის გაკეთება სავადებულო ხდება, არიან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები და მათი კონტაქტები, პაციენტი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში პნევმონიის ან ცხელების დიაგნოზით მოხვდა და ასევე რესპირატორული სიმპტომების მქონე პირები. 

ჩამონათვალში ასევე შევიდა მედპერსონალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და მედიცინის კატასტროფის ბრიგადების თანამშრომლები, ხანდაზმულთა და შშმ პირთა სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურე პერსონალი და ბენეფიციარები, ყველა ის პირი, რომელთაც ტუბერკულოზი ახლახან გამოუვლინდა (შესაბამისი მკურნალობის დაწყებამდე). აუცილებელ ტესტირებას ასევე ექვემდებარებიან ფსიქიატიული დაწესებულებების მედპერსონალი, ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტებთან ან დიალიზზე მყოფ ადამიანებთან მომუშავე პირები.

კორონავირუსზე აუცილებელ ტესტირებას ექვემდებარებიან ასევე საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში მყოფი პირები. მათ ტესტი საკარანტინო რეჟიმის დასრულებამდე 24 საათით ადრე უნდა ჩაიტარონ.

PCR-ტესტი აუცილებლად უნდა ჩაიტარონ საკარანტინო ზონებისა და საბაჟო-გამშვები პუნქტების პერსონალმა, სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური სამსახურების წარმომადგენლებმა და ასევე სტაციონარული დაწესებულებების მიმღების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციული განყოფილებების თანამშრომლებმა. 

განკარგულების თანახმად, აუცილებელი ტესტირება ეხება ასევე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მძღოლებს. აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნებიან ასევე სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები, რეზერვისტები, ასევე სამშვიდობო მისიებში მონაწილეები და პირები, რომლებიც უცხოეთში სასწავლებლად უნდა გაემგზავრონ.

კორონავირუსზე ტესტირება სავალდებულოა საპატიმროების თანამშრომლებისთვის, რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან, ასევე შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებისთვის.

კორონავირუსზე ტესტი აუცილებლად უნდა ჩაიტარონ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა, რომელთაც შეხება აქვთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მძღოლებთან და ასევე მძღოლ-ექსპედიტორებთან;

PCR–ტესტი უნდა ჩაიტარონ აგრეთვე საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებმა და კონტროლიორებმა.

აღნიშნულთაგან ყველამ, გარდა თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირებისა და პოლიკლინიკებისა და კლინიკების ექიმებისა, ტესტირება 14 დღეში ერთხელ უნდა ჩაიტაროს. კლინიკებისა და პოლიკლინიკების მედპერსონალი კი PCR–ტესტს კვირაში ერთხელ ჩაიტარებს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 888-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 731, გარდაცვლილია 14 ადამიანი.

238
თემები:
COVID-19 საქართველოში (1184)
აია–სოფია

აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა: პრეზიდენტმა ერდოღანმა ბრძანებულებას ხელი მოაწერა

74
(განახლებულია 21:35 10.07.2020)
მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უფლებამოსილია შეცვალოს ტაძრის სტატუსი და ის მეჩეთად აქციოს სხვა სახელმწიფოების დაუკითხავად.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას სტამბულში მდებარე წმინდა სოფიას ტაძრის (აია-სოფია) მეჩეთად გადაკეთების შესახებ. 

პარასკევს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ წმინდა სოფიას ტაძრის მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება გააუქმა.

პარასკევს, დღისით თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა Twitter-ის გვერდზე ბრძანებულების ფოტო გამოაქვეყნა.

„გადაწყვეტილია: აია-სოფია თურქეთის რელიგიის საკითხთა მმართველობაში გადავიდეს და ღვთისმსახურებისთვის გაიხსნას“, – ნათქვამია ბრძანებულებაში.

მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უფლებამოსილია შეცვალოს ტაძრის სტატუსი და ის მეჩეთად აქციოს სხვა სახელმწიფოების დაუკითხავად. 

© video: Ruptly .
Прямая трансляция - собор Святой Софии в Стамбуле

მომხდარმა ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. უკმაყოფილება გამოთქვეს იუნესკოში, საბერძნეთში, რუსეთში, სხვადასხვა ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებში. 

ადრე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ, რომლის რეზიდენციაც სტამბულში მდებარეობს, წუხილი გამოთქვა თურქეთის სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მოუწოდა „მთელი კაცობრიობისთვის“ კუთვნილი ტაძრის შენარჩუნებისკენ.

აია-სოფიას ტაძარი 537 წლის 27 დეკემბერს აკურთხეს. დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში ის იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაძარი, მაგრამ შემდეგ ოსმალეთის იმპერიის მთავარ მეჩეთად იქცა. 1935 წლიდან მას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1985 წელს იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს.

74
საქართველოს და ფინეთის დროშები

რომელი ქართველი მოხვდება ფინეთში რა განსაკუთრებულ პირობებს აწესებს ქვეყანა

44
(განახლებულია 21:31 10.07.2020)
საქართველოს მოქალაქეების ფინეთში ჩასვლის „წონადი“ მიზეზი მხოლოდ საქმიანი ვიზიტი ან განსაკუთრებული მიზანი შეიძლება იყოს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ფინეთი საქართველოსა და კიდევ 10 უსაფრთხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ნაწილობრივ 13 ივლისიდან გახსნის, აღნიშნულია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. 

„13 ივლისიდან ალჟირის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, რუანდის, სამხრეთ კორეის, საქართველოს, ტაილანდის, ტუნისის, ურუგვაისა და ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ფინეთს ეწვიონ საქმიანი ვიზიტით ან სხვა მნიშვნელოვანი მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაემგზავრონ ამ ქვეყნებში განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.

ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების ნაციონალური ინსტიტუტის (THL) მონაცემებით, ფინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 2 769 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 42 ადამიანი.

გასულ კვირაში ვროკავშირმა საქართველო ევროკავშირის არაწევრი 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებისთვისაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საზღვრების გახსნის რეკომენდაცია მისცა.

საქართველოს გარდა, ევროკავშირის სიაში მოხვდნენ: კანადა, ავსტრალია, მაროკო, იაპონია, სამხრეთ კორეა, ალჟირი, მონტენეგრო, რუანდა, ახალი ზელანდია, ტუნისი, სერბეთი, ტაილანდი, ურუგვაი და ჩინეთი. ამავდროულად, ჩინეთზე ვრცელდება პირობა, რომ მანაც უნდა გახსნას საზღვრები ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნის შესახებ უკვე განაცხადეს ნიდერლანდებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, უნგრეთმა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა.

თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ საქართველომ საზღვრები 18 ქვეყნისთვის გახსნა, თუმცა, თითოეული მათგანისთვის დაწესებულია გარკვეული რეკომენდაციები და შეზღუდვები. 

აღნიშნული წესები და პირობები დეტალურადაა გაწერილი მთავრობის განკარგულებაში, რომელიც ძალაში შევიდა 9 ივლისს, 24:00 საათიდან. ავიაბილეთების გაყიდვის პროტოკოლი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები უპირობოდ იხსნება, მაგრამ მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

საქართველოში გამომგზავრებამდე მათ უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ფორმა, რომელშიც მიუთითებენ მოგზაურობის ისტორიას ბოლო 14 დღის განმავლობაში, საქართველოში გაჩერების ადგილს და საკონტაქტო მონაცემებს.

საქართველო ამ ეტაპზე ქვეყანაში შემოსვლის ნებართვას აძლევს რეზიდენტებს კიდევ 13 ქვეყნიდან – ესპანეთიდან, ლუქსემბურგიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, შვედეთიდან, ხორვატიიდან, იტალიიდან, სლოვაკეთიდან, ისლანდიიდან და კვიპროსიდან. თუმცა, მათთვის სავალდებულო იქნება ორკვირიანი კარანტინი, თანაც საკუთარი ხარჯით.

რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, მათთვის 14-დღიანი კარანტინი კვლავ სავალდებულოა, ამ შემთხვევაში ხარჯს სახელმწიფო ანაზღაურებს.

იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველო საზღვრებს უხსნის, გადაიხედება და განახლდება ორ კვირაში ერთხელ.

 

44
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა