გიორგი გახარია

„ფაქტობრივად, ოთხი ახალი კლასტერია": რას უფრთხის გახარია

153
(განახლებულია 15:44 11.06.2020)
გიორგი გახარიამ მოსახლეობას გონიერებისა და სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რათა ქვეყანამ არ დაკარგოს და შეინარჩუნოს ის მიღწევები, რაც ეპიდემიოლოგიური კუთხით აქვს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შემაშფოთებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის ინფიცირების წყარო უცნობია.

საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ოთხი არ ფლობს ინფორმაციას, თუ სად და როდის დაინფიცირდნენ.

„ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს ბევრი არ არის, თუმცა უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის წარმომავლობა დღეის მდგომარეობით არ არის ცნობილი. ამ ოთხი ინფიცირების შემთხვევიდან, რომლის წყაროს დადგენაც ვერ ხერხდება, სამი თბილისშია", – განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის სიტყვებით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეკონომიკის გახსნამ, შეზღუდვების გაუქმებამ, რაც ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს გააგრძელონ ჩვეული ეკონომიკური საქმიანობა, იმის ილუზია არ უნდა შექმნას, რომ ვირუსი დავამარცხეთ. მისი თქმით, ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა, რომლის წყაროს დადგენაც ვერ ხერხდება, მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება მოხდეს რაღაც გაუთვალისწინებელი.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი. ეს, ფაქტობრივად, ოთხი ახალი "კლასტერია", რომლის შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის ან სად მოხდა ეს ინფიცირება, რაც, რა თქმა უნდა, საგანგაშოა", – აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარიამ მოსახლეობას გონიერებისა და სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რათა ქვეყანამ არ დაკარგოს და შეინარჩუნოს ის მიღწევები, რაც ეპიდემიოლოგიური კუთხით აქვს, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 15 ივნისიდან ქვეყანაში შიდა ტურიზმი იხსნება.

„მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ჩვენგანი, თითოეული ბიზნეს-ოპერატორი, თითოეული მოქალაქე უნდა იყოს განსაკუთრებულად ფრთხილად. როგორც იცით, ევროკავშირშიც არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ მოხდება შიდა გადაადგილება, ან როგორი იქნება მესამე ქვეყნებთან ტურისტული ნაკადების მართვის თვალსაზრისით ევროკავშირის მიდგომა“, – აღნიშნა გახარიამ.

გახარიას თქმით, საქართველო ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ ქვეყანა გადაწყვეტილებას მიიღებს „მწვანე ზონების“ შესახებ ორმხრივი შეთანხმების ეტაპობრივი რეალიზაციის შესახებ, რომელზეც აქტიურად მუშაობენ საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები.

153
თემები:
COVID-19 საქართველოში (1201)
ჰაკერი

უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის კოდში პორნოსაიტებია გალინკული

9
(განახლებულია 18:05 13.07.2020)
სოციალურ ქსელში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე უცნაური ლინკები შენიშნეს

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის კოდში პორნოსაიტებია გალინკული. ინფორმაცია სოციალურ ქსელში კომპანია GG Data-ს დამფუძნებელმა, გიორგი ნაკაიძემ გაავრცელა.

როგორც ჩანს, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი დაჰაკულია და ამას საძიებო სისტემისთვის აკეთებენ. ბმული მომხმარებელთან არ ჩანს, თუმცა მას Google აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ის გალინკული ვებგვერდი „წონიანია“, რადგან ამ საიტზე არის მისი ბმულები.

მიუხედავად იმისა, რომ ბმულები მომხმარებლისთვის პირდაპირი გზით უხილავია, ის ჩანს საიტის HTML-კოდის ნახვის შემთხვევაში (ე.წ. View Source ფუნქცია). ასეთი გზით, სპამ-ბოტები აკეთებენ სიმულაციას, თითქოს დაინფიცირებული საიტი საკუთარი ნებით ათავსებს ბოროტმოქმედის ბმულს, რაც მათი საიტების საძიებო სისტემებში წინ წაწევას ემსახურება.

Web Archive-ის შემონახული მონაცემების მიხედვით, ეს ბმულები უზენაესი სასამართლოს საიტზე 1 ივნისიდან ფიქსირდება.

9
ილია მეორე

ილია მეორე: საქართველო ღვთის მფარველობის ქვეშაა

19
(განახლებულია 17:11 13.07.2020)
ტრადიციულად, ამ დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში იკრიბებიან.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ჩაატარა და მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას" – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. იგი საქართველოში ერთ–ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია და წელიწადში ორჯერ — 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

სწვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება. თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედი წესების თანახმად, ტაძრებში მრევლმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვას.

ამ დღესასწაულის აღსანიშნავად წმინდა ნინოს გზაზე მიმავალი მომლოცველები სვეტიცხოვლობის დღეს თავის მსვლელობას დაასრულებენ.

ტრადიციულად, ამ დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში იკრიბებიან, რომელიც თორმეტი მოციქულის პატივსაცემად იქნა აღებული.

პატრიარქის თქმით, საქართველო ღვთის მფარველობის ქვეშაა.

„ჩვენ, როდესაც ვფიქრობთ საკუთარ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ვრწმუნდებით, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, – განაცხადა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

მისი თქმით, ადამიანმა უნდა იგრძნოს მადლი ღვთისა და მადლობა უნდა შესწიროს უფალს.

„წმინდა მამები ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა ვერ სცნო მადლი, ერთმა ადამიანმა უარყო მადლი და ამიტომ დაისაჯა. უფრო სწორად, თვითონ დასაჯა თავისი თავი. დღეს მოხარული და ბედნიერი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენს მორწმუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა. ეს მე მგონი 32-ე შემთხვევაა. 33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით და ვედრებით, ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისათვის და მსოფლიოსთვის. ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, რატომ ხდება ეს. პრესა გადმოსცემს, რომ ახლა მოედო კორონა, სენი შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას აშოროს და ყველას მოეხმაროს, ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი ", – განაცხადა პატრიარქმა.

მისი თქმით, იმ მორწმუნეებს, რომლებმაც წელს წმინდა ნინოს გზა მოილოცეს, სპეციალური დიპლომები გადაეცემათ.

19
თემები:
საეკლესიო კალენდარი