ერთიანი ეროვნული გამოცდები

როდის და როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები რეკომენდაციები ცნობილია

110
(განახლებულია 21:02 09.06.2020)
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები შეეხება მხოლოდ გამოცდებზე მოქცევის წესებს და არა მათ ფორმატს ან შინაარსს.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოცდები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების  დაცვით წარიმართება.

რეკომენდაციების მიხედვით, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ თითოეული საგამოცდო სექტორის ფართობის 50 პროცენტზე, ხოლო საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება.

ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი – ერთი მეტრი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მიიტანოს საკუთარი პირბადე). აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს.

ამასთან, განათლების სამინისტროს ცნობით, გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით. კერძოდ:

  • მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
  • მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
  • მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
  • თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე.წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ ბურთულიანი წვერით.
„ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს, გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი მოიხსნება გამოცდიდან.

რაც შეეხება გაგრილებას, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიახლეები შეეხება მხოლოდ გამოცდებზე მოქცევის წესებს და არა მათ ფორმატს ან შინაარსს.

წინა წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები იქნება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.

მშვიდობით, სკოლავ! როგორ ჩატარდა გამოსაშვები საღამოები პანდემიის დროს - ფოტო >>

2020 წლის საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა 12 ათასზე მეტს შეადგენს, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გასვლის სურვილი 3600-ზე მეტმა სტუდენტმა გამოხატა.

 

110
თემები:
განათლება საქართველოში (337)
ცესკოს შენობა

კორონავირუსი და არჩევნები: ცესკომ დაავადებულთა საკითხი გადაჭრა

71
(განახლებულია 00:33 23.10.2020)
თუ კორონავირუსის გამო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები იქნება, კომისია გარდაიქმნება სპეციალურად ჯგუფად და არჩევნების ჩატარებას მაინც შეძლებს

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების დროს საუბნო კომისიებში შემავალი სავალდებულო შვიდი წევრიდან რომელიმეს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში კომისია მუშაობას მაინც გააგრძელებს, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დღეს საქართველოს მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის დეპუტატებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ასევე რამდენიმე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ცესკოს დადგენილებით, თუ კორონავირუსის გამო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები იქნება, კომისია გარდაიქმნება სპეციალურად ჯგუფად და არჩევნების ჩატარებას მაინც შეძლებს.

თუ სპეცჯგუფში წევრების არასაკმარისი რაოდენობა იქნება, საოლქო კომისია ადამიანებს რეზერვიდან დაამატებს.

საქართველოში საარჩევნოდ 3 657 უბანი გაიხსნება. კორონავირუსის პანდემიის გამო კომისიების ყველა წევრმა, დამკვირვებლებმა და პარტიების წარმომადგენლებმა თერმოსკრინინგი უნდა გაიარონ. თუ ტემპერატურა 37 ან 37 გრადუსზე მაღალი იქნება, პირს კენჭისყრის დღეს უბანზე ყოფნის უფლება არ ექნება.

ამასობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ამ კვირის დასაწყისიდან 22 ოქტომბრამდე კორონავირუსი 5 326 ადამიანს გამოუვლინდა. ქართველი ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ნოემბერშიც ვარაუდობენ.

71
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე

ხუთი ათასი შემთხვევა დღე-ღამეში? - როდის იქნება კორონავირუსის პიკი საქართველოში

272
საქართველოში მოსალოდნელ გათვლებზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ამიტომ სპეციალისტებს ნოემბრის პროგნოზების ხელახლა გამოთვლა მოუწევთ

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. წინასწარი გათვლებით, საქართველო კორონავირუსის პიკში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევა, ახალი შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება სამ, ოთხ, ხუთ ათასს მიაღწიოს, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად – 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია, გარდაიცვალა - 178 პაციენტი.

გამყრელიძემ განაცხადა, რომ ცენტრი კორონავირუსის გავრცელების ტენდენციების მათემატიკური მოდელირებისთვის სამ ძირითად ინსტრუმენტს იყენებს.

კერძოდ, ეს არის აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ინსტრუმენტი, რომელიც შემუშავებული იყო პანდემიური გრიპის დროს 2009 წელს და ის ასევე გამოიყენება კორონავირუსულ ინფექციაზეც.

კიდევ ერთია ბაზელის უნივერსიტეტის ინსტრუმენტი, ხოლო მესამე ინსტრუმენტია აშშ-ის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და შეფასებების ინსტიტუტი.

„ეს ინსტრუმენტები გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტებია, შეჰყავთ ბევრი სხვადასხვა მოცემულობა, რის შემდეგაც ინსტრუმენტები გითვლიან, დაახლოებით როგორი შეიძლება იყოს ინფექციის შემთხვევების მატების ტენდენცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ჯერჯერობით ქვეყანა მცირე სხვაობით პროგნოზებს მიყვება, თუმცა საქართველოში ფიქსირდება იმაზე მეტი შემთხვევა, ვიდრე ამ გათვლებით იყო მოსალოდნელი, ამიტომ სპეციალისტებს ნოემბრის პროგნოზების ხელახალი გადათვლა მოუწევთ.

272
თემები:
COVID-19 საქართველოში
მთვარის ფაზები

მთვარის კალენდარი: 23 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:25 22.10.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

23 ოქტომბერი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია, საღამოს მერწყულის ნიშანში გადადის.

დღის პირველ ნახევარში – თხის რქის დღეს კარგად გამოდის მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა და დაწყება. ხელსაყრელი დროა ისეთი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სიზუსტეს, მკაცრ მათემატიკურ გამოთვლებსა და ინსტრუქციების მკაფიო შესრულებას მოითხოვს.

კარგად მიმდინარეობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ფინანსური ოპერაციებისგან კი სჯობს, თავი შეიკავოთ. არახელსაყრელია ვალის აღება და გაცემა. არასასურველია ახალ სამუშაოზე გადასვლა. ამ დღეებში შესანიშნავად მუშაობს ლოგიკა, ამიტომ ასეთი პერიოდი არცთუ იღბლიანია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ჩნდება პასუხისმგებლობის, პრაქტიკულობის, ვალდებულების გრძნობები.

ურთიერთობების გამორკვევა, რომანტიკული პაემანი და ზეიმი, სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ. როდესაც მთვარე თხის რქის ნიშანშია, ურთიერთობებში ჭარბობს საქმიანი მხარე, ლაკონურობა, სიახლე და უჩვეულო რამ რთულად მიიღება, მეტად ფასობს საიმედოობა და წესრიგი. ურთიერთობებში ხშირად ჩნდება დაბრკოლებები, შესაძლებელია მცირე უსიამოვნებები, დასანანი შეცდომები, დაყოვნებები. ასეთ დღეებში ურთიერთობები უფრო ასაკოვან ადამიანებს შორის ეწყობა. თხის რქის დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები თანდათანობით ვითარდება და პრაქტიკულობა ახასიათებს.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

ხშირად ეს ურთიერთობები გრძელვადიანი და სტაბილური ხდება, გვირგვინდება ქორწინებით, მაგრამ აქეთ მოვლენები ძალიან ნელა ვითარდება.

დღის მეორე ნახევარში, თბილისის დროით 16:22 საათიდან მთვარე მერწყულის ნიშანში გადადის. ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში მოლაპარაკებების გამართვა, ახალი კავშირების დამყარება, სარეკლამო და სააგიტაციო კამპანიის წარმოება, გასაუბრება, სიტყვის ძალის გამოყენება ინვესტორების, პარტნიორებისა თუ სპონსორების დარწმუნებისთვის, ხელმძღვანელი პირების მხრიდან ხელქვეითებისთვის მადლობის გადახდა და წახალისება, ხელქვეითებისთვის კი ხელმძღვანელობისთვის თხოვნით მიმართვა, თითოეული სიტყვის აწონ–დაწონა, ბიზნესმენების მხრიდან შემოქმედებითი ადამიანების მხარდაჭერა, მათი სპონსორობა.

არარეკომენდებულია ვინმეს გადმობირების დროს ზედმეტი მცდელობა, ეჭვებისა და შიშების შესახებ საუბარი.

რეკომენდებულია დღის მეორე ნახევარში ძველი პროექტების განხორციელებისას კრეატიული იდეების გამოყენება, მცირე ფინანსური საქმეების გადაწყვეტა, ახალი პარტნიორების ძებნა, ინდივიდუალურად მუშაობა და გუნდური მუშაობის შეზღუდვა.

არარეკომენდებულია საკუთარ შესაძლებლობების ზედმეტად შეფასება, დატვირთვა სამუშაოზე.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობის დაწყებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს შეიძლება თმის შეჭრა და შეღებვა. თმის სტრუქტურა გაუმჯობესდება, ბოლოები ნაკლებად გაიყოფა. ძალზე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის. დღის მეორე ნახევარში, სჯობს, თმის შეჭრისგან თავი შეიკავოთ. შეღებვისთვის კარგი დროა.

მებაღეობა: კარგი დღეა ბოლქვიანი მცენარეებისა და ზამთრის ბოსტნეულის დარგვისთვის, სარეველისგან გაწმენდისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის, რომლებიც მიწაში ცხოვრობენ, იმ ყვავილების მორწყვისა და მათთვის სასუქის მიცემისთვის, რომლებსაც სუსტი ფესვები აქვთ, პიკირებისთვის, ნაყოფიანი ხეების შეწამვლისთვის, გასხვლისთვის, გადარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის.

საღამოს კი, ვინაიდან მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია, შეიძლება მხოლოდ ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

0