კლინიკა

კორონავირუსი ბოჭორიშვილის კლინიკის სამ თანამშრომელს დაუდგინდა: ვინ არის ინფიცირების წყარო

148
(განახლებულია 16:49 09.06.2020)
სოლოღაშვილის სიტყვებით, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტების მიღების პირველივე დღეებიდან უსაფრთხოების ზომებს მაღალ დონეზე იცავდა.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მედპერსონალია, განაცხადა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი სიტყვებით, კლინიკის სამი თანამშრომელი არაადეკვატური ქცევის მქონე პაციენტებისგან დაინფიცირდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა. 

სულ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 25 პაციენტი მკურნალობს, ოთხი არასრულწლოვანია. ერთი პაციენტი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, ხუთი – ახალი პაციენტია. მათგან ორი ე.წ. იმპორტირებული შემთხვევაა, რომლებიც კლინიკაში საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს, ხოლო სამი – კლინიკის სამედიცინო პერსონალი.

სოლოღაშვილის სიტყვებით, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტების მიღების პირველივე დღეებიდან უსაფრთხოების ზომებს მაღალ დონეზე იცავდა.

„სამწუხაროდ, COVID-თან ბრძოლა – ეს არ არის მარტო „დარჩი სახლში", მივცეთ თუ არა „პლაქვენილი“. ეს არის სხვა ცხოვრების სტილი თავად მედპერსონალისთვისაც. ეს არის ცხოვრება, როდესაც შენ გვერდით არ გიდგას არც პოლიცია, არც დაცვა. შენ ხარ ექიმიც, ფსიქოლოგიც, დედაც და ზოგჯერ პატრულიც. სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწია ერთ-ორ რთულ პაციენტთან ურთიერთობა, რომლებიც ფსიქიკური პრობლემების გამო არაადეკვატურად იქცეოდნენ, ჰქონდათ პერსონალთან პირადი შეხება, მიუხედავად ჩვენი არაერთი თხოვნისა, ჩვენთან სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები არ გამოუგზავნიათ... ამ პირობებში დაინფიცირდა ჩვენი სამი თანამშრომელი – მედდა და  სანიტრები, რომლებიც ერთ ცვლაში მუშაობდნენ“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

სოლოღაშვილის განმარტებით, სახლში დაბრუნებისას მედპერსონალი თვითიზოლაციაში იმყოფება.

რაც შეეხება დღეს გამოვლენილ დანარჩენ ახალ შემთხვევებს, ერთი ბოლნისს უკავშირდება, ორი მარნეულს და სამი საკარანტინო ზონას.

ზოგადად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ უკვე 84%-ს მიაღწია.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე კორონავირუსის დიაგნოზით 40 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელდა ერთი. მძიმე პნევმონიით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – მეორე დღეა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ერთი.

ამ დროისათვის საქართველოს კლინიკებში მთლიანობაში კორონავირუსის დიაგნოზით 119 პაციენტი მკურნალობს.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 818 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 686 გამოჯანმრთელდა. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს ხუთჯერ და მეტად აჭარბებს. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 13 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2902, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 249 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

148
თემები:
COVID-19 საქართველოში (1201)
ჰაკერი

უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის კოდში პორნოსაიტებია გალინკული

29
(განახლებულია 18:05 13.07.2020)
სოციალურ ქსელში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე უცნაური ლინკები შენიშნეს

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის კოდში პორნოსაიტებია გალინკული. ინფორმაცია სოციალურ ქსელში კომპანია GG Data-ს დამფუძნებელმა, გიორგი ნაკაიძემ გაავრცელა.

როგორც ჩანს, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი დაჰაკულია და ამას საძიებო სისტემისთვის აკეთებენ. ბმული მომხმარებელთან არ ჩანს, თუმცა მას Google აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ის გალინკული ვებგვერდი „წონიანია“, რადგან ამ საიტზე არის მისი ბმულები.

მიუხედავად იმისა, რომ ბმულები მომხმარებლისთვის პირდაპირი გზით უხილავია, ის ჩანს საიტის HTML-კოდის ნახვის შემთხვევაში (ე.წ. View Source ფუნქცია). ასეთი გზით, სპამ-ბოტები აკეთებენ სიმულაციას, თითქოს დაინფიცირებული საიტი საკუთარი ნებით ათავსებს ბოროტმოქმედის ბმულს, რაც მათი საიტების საძიებო სისტემებში წინ წაწევას ემსახურება.

Web Archive-ის შემონახული მონაცემების მიხედვით, ეს ბმულები უზენაესი სასამართლოს საიტზე 1 ივნისიდან ფიქსირდება.

29
ილია მეორე

ილია მეორე: საქართველო ღვთის მფარველობის ქვეშაა

33
(განახლებულია 17:11 13.07.2020)
ტრადიციულად, ამ დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში იკრიბებიან.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ჩაატარა და მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას" – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. იგი საქართველოში ერთ–ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია და წელიწადში ორჯერ — 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

სწვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება. თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედი წესების თანახმად, ტაძრებში მრევლმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვას.

ამ დღესასწაულის აღსანიშნავად წმინდა ნინოს გზაზე მიმავალი მომლოცველები სვეტიცხოვლობის დღეს თავის მსვლელობას დაასრულებენ.

ტრადიციულად, ამ დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში იკრიბებიან, რომელიც თორმეტი მოციქულის პატივსაცემად იქნა აღებული.

პატრიარქის თქმით, საქართველო ღვთის მფარველობის ქვეშაა.

„ჩვენ, როდესაც ვფიქრობთ საკუთარ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ვრწმუნდებით, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, – განაცხადა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

მისი თქმით, ადამიანმა უნდა იგრძნოს მადლი ღვთისა და მადლობა უნდა შესწიროს უფალს.

„წმინდა მამები ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა ვერ სცნო მადლი, ერთმა ადამიანმა უარყო მადლი და ამიტომ დაისაჯა. უფრო სწორად, თვითონ დასაჯა თავისი თავი. დღეს მოხარული და ბედნიერი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენს მორწმუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა. ეს მე მგონი 32-ე შემთხვევაა. 33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით და ვედრებით, ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისათვის და მსოფლიოსთვის. ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის, რატომ ხდება ეს. პრესა გადმოსცემს, რომ ახლა მოედო კორონა, სენი შუა აზიის ხალხს. ღმერთმა ყველას აშოროს და ყველას მოეხმაროს, ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი ", – განაცხადა პატრიარქმა.

მისი თქმით, იმ მორწმუნეებს, რომლებმაც წელს წმინდა ნინოს გზა მოილოცეს, სპეციალური დიპლომები გადაეცემათ.

33
თემები:
საეკლესიო კალენდარი
აშშ-ის კონკრესი

მოსაზრება: ვაშინგტონმა ევროპის მართლა დასჯა გადაწყვიტა

0
(განახლებულია 15:48 13.07.2020)
საფრანგეთის დასასჯელად ტრამპის ადმინისტრაციის გეგმას მხარი დაუჭირეს როგორც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმაც

ივან დანილოვი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და ამერიკელ IT-გიგანტებს შორის (როგორებიც არიან Facebook, Google და Amazon) დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტი მზად აღმოჩნდა, გაეწირა შტატებსა და ევროკავშირსშორს შორის დღემდე შემორჩენილი ტრანსატლანტიკური სოლიდარობისა და კეთილი ნების ნარჩენები, რათა დაეცვა ამერიკული კორპორაციების შემოსავლები ევროპელი საგადასახადოებისგან. 

ძველმა კონფლიქტმა, რომელიც მრავალი წელი მწიფდებოდა, მიაღწია დონეს, როდესაც ევროკავშირი და აშშ უკვე შეუფარავად აყენებენ ერთმანეთს მილიარდობით დოლარიან მტკივნეულ ფინანსურ დარტყმებს. ევროკავშირი ცდილობს, „კუთხეში მიიმწყვდიოს“ ამერიკული კორპორაციები, რომლებიც ათწლეულები მუშაობდნენ ევროკავშირში დაუბეგრავად, აშშ კი გეგმავს ევროკავშირის დასჯას მინიმალური ფისკალური სუვერენიტეტის მოპოვების მცდელობისთვის. ტრამპის ადმინისტრაციამ ნამდვილად მიზანში გაარტყა - შურისძიება ზუსტი გამოუვიდა იმ გაგებით, რომ სწორად გამოიცნო თავისუფლებისკენ ევროპული ნახტომის კონკრეტული ავტორი და „თავხედი“, რომელმაც გაბედა და თქვა, რომ „აშშ-ის ევროპულ კოლონიებში“ მომუშავე ამერიკული IT-ბიზნესი უნდა იხდიდეს გადასახადებს. ამ იდენტიფიკაციას კი აშშ-ის საპასუხო ზომები მოჰყვა.

 „Google-ის, Facebook-ისა და Amazon-ის დაბეგვრის“ ავტორი და სულისჩამდგმელი აღმოჩნდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ხშირად საუბრობს ევროპის, როგორც მსოფლიოს ძალის პოლუსის აღდგენაზე, და შესაბამისად, თეთრი სახლის სამიზნე კომპანიების სია იმგვარად ჩამოყალიბდა, რომ ელისეის სასახლეს მაქსიმალური დისკომფორტი ეგრძნო.

ამერიკული ფინანსური ტელეარხი CNBC იუწყება:

„ფრანგული ლუქს კომპანიების (სეგმენტში მომუშავე, - ავტ.) აქციები მას შემდეგ დაეცა, რაც აშშ-მ განაცხადა, რომ შეუძლია მაღალი ტარიფების დაწესება ამ კატეგორიის ზოგიერთ საქონელზე.

ახალი ტარიფების შესაბამისად, რომლებიც იანვრის ბოლოდან ამოქმედდება, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობა შეძლებს მოსაკრებლის 100%-ის ამოღებას საფრანგეთიდან ასეთი საქონლის იმპორტზე. სავარაუდო თანხა შეადგენს 2,4 მილიარდ დოლარს. ფრანგული აქციების ვარდნა შეეხო კომპანიებს, რომლებიც ფლობენ Louis Vuitton-ს, Hennessy-ს, Hermes-ს, Christian Dior-ს, Gucci-ს, Yves Saint Laurent-სა და Balenciaga-ს".

„ასი პროცენტი - საკმაოდ ბევრია“, - განუცხადა ამერიკულ The Wall Street Journal-ს ბრუნო პავლოვსკიმ, Chanel-ის სახლის პრეზიდენტმა. „ეს ტარიფი არაა. ასი - ჯარიმაა“ - დასძინა მან.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი ჩინოვნიკები ამ გადაწყვეტილების საკუთარ ვერსიაზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში ყველაფერში დამნაშავე მაკრონია, რომელსაც თითქოს ძალიან უნდა ევროკავშირის ტერიტორიაზე ამერიკული კომპანიების დისკრიმინაცია. ეს ბრალდება გარკვეულ სკეფტიციზმს იწვევს ტრადიციულად პატრიოტულად განწყობილ ამერიკულ მასმედიაშიც კი.

„შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ფრანგული გადასახადის სტრუქტურა უსამართლოდაა მიმართული მსხვილი ამერიკული ინტერნეტ-კომპანიებისკენ - Facebook-ის, Google-ისა და Amazon-ისკენ. ამის მიუხედავად, სხვა ქვეყნები სულ უფრო მეტად ცდილობენ, გამონახონ შემოსავლების მიღების მეთოდები ისეთი ფირმებისგან, რომლებიც თავიანთ ბაზრებზე მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებენ“, - იუწყება გამოცემა Politico.

ტრამპის მხრიდან შურისძიების ინსტრუმენტის არჩევა ალბათ იმას უკავშირდება, რომ „ფრანგული ლუქსი“ ითვლებოდა იმედის კუნძულად და მშვიდ ჰავანად ინვესტორებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ყველაზე შეძლებულ მომხმარებლებთან მომუშავე ფრანგული კომპანიები იდეალურად იყვნენ დაცული როგორც კორონავირუსული ეპიდემიის ზემოქმედებისგან, ისე სავაჭრო ომების რისკებისგან.

ღრმა ეკონომიკური კრიზისის შავ ფონზე ასეთი კომპანიები აღვივებდნენ იმედის ნაპერწკალს და წარმოადგენდნენ იმის სიმბოლოს, რომ ქვეყანას, რომელიც კონკურენციას ვერ უწევს გერმანიას ან ჩინეთს ტრადიციულ მრეწველობაში, მაინც აქვს რაღაც კონკურენტული უპირატესობები საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სიმბოლოს გათელვა - კომპანიებისთვის ფაქტობრივად ამერიკული ბაზრის ჩაკეტვის გზით - კარგი იდეაა, თუ ამოცანას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაშინება და ევროპულ საგადასახადო პოლიტიკაზე ზეგავლენა წარმოადგენს.

ფრანგებს სამაგიეროდ შეუძლიათ გადასახადების დაწესება ამერიკული კომპანიებისთვის (თუნდაც ნაციონალურ დონეზე), მაგრამ მოინდომებენ თუ არა, მაგალითად, გერმანელი ჩინოვნიკები (თუნდაც გერმანული ავტომობილების ექპორტზე 100%-იანი ტარიფის მიღების რისკის ქვეშ დაყენების გზით) საერთო ევროპული გადასახადის შემოღებას - ეს სათუოა.

მეორე მხრივ, საუბარი არ არის მხოლოდ ეკონომიკურ კონფლიქტზე. ესაა დავა თავად ევროპელი პოლიტიკოსების სტატუსზე. გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც უთითებს ამა თუ იმ ტერიტორიის ფაქტობრივ კუთვნილებაზე, არის საკითხი - ვის უხდიან ადგილობრივი ბიზნესმენები გადასახადებს. ვისაც აქვს ამ გადასახადების დაწესებისა და ამოღების უფლება, სწორედ მის ხელშია ძალაუფლება კონკრეტულ ტერიტორიაზე. ისტორია იცნობს შემთხვევებს, როდესაც უცხოელი ვაჭრები და მეწარმეები კონკრეტულ ქვეყანაში დაუბეგრავად ვაჭრობდნენ, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მანამდე აგებდა ომს ან უბრალოდ ხელს აწერდა კაპიტულაციის კაბალურ პირობებს სამხედრო ძალის გამოყენების თავიდან არიდების მიზნით.

შესაბამისად, როდესაც ამერიკული კომპანიები პირობითად საფრანგეთის ონლაინ-რეკლამისა და ინტერნეტ-ვაჭრობის ბაზარზე დომინანტ მოთამაშეებად ყალიბდებიან, იღებენ მილიარდებს ფრანგული კომპანიებისგან, თანაც საფრანგეთის ბიუჯეტმა ამ ვითარებაში შესაძლოა ერთი გროშიც ვერ მიიღოს, ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთი - აშშ-ის კოლონიაა ან სულ მცირე არ ფლობს სრულ ეკონომიკურ სუვერენიტეტს. და მოკრძალებული, სამპროცენტიანი საურავის დაწესების გადწყვეტილება - არა იმდენად ბიუჯეტის შევსების, არამედ დამოუკიდებლობის აღდგენის მცდელობაა.

საფრანგეთის დასასჯელად ტრამპის ადმინისტრაციის გეგმას მხარი დაუჭირეს როგორც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმაც - და ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია რუსეთისთვის, განსაკუთრებით თუ ფრანგი პოლიტიკოსები უცებ საკუთარი ღირსების დაცვას გადაწყვეტენ.

სხვა თუ არაფერი, ამასწინანდელი მუქარის საპასუხოდ საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობათა წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, გაეგრძელებინათ დასახული გზით სიარული და დაეცვათ დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების უფლება.

თუ სიტუაცია მომავალშიც ამ სცენარით განვითარდება, იმისგან დამოუკიდებლად, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საშემოდგომო არჩევნებზე, ურთიერთობები ვაშინგტონსა და პარიზს, ვაშინგტონსა და ბერლინს შორის კვლავაც გაუარესდება. სასაცილო იქნება, თუ ახლო მომავალში Chanel-ის სუნამოს და Hermes-ის ჩანთის შეძენას ამერიკელი მომხმარებელი მხოლოდ კონტრაბანდის დახმარებით შეძლებს, ევროპელებს კი ამერიკული სოციალური ქსელების ალტერნატივის მოძებნა მოუწევთ. ეკონომიკური დეგლობალიზაციის ჩანასახი საერთაშორისო კავშირების მყარ ბარიერს არღვევს.

იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც გლობალიზებული ეკონომიკის დღევანდელი სისტემა არ აძლევს ხელს, ეს ბოლო და სერიოზული შანსია, გამოასწორონ წარსულის შეცდომები და უფრო მოსახერხებელი პოზიცია გამონახონ დეგლობალიზებულ მომავალში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0