ტრანსპორტში

საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას იწყებს - წესები და მგზავრობის საფასური

1852
საქალაქთაშორისო მგზავრობის ოპერატორების ინფორმაციით, ბილეთების ფასები უცვლელი დარჩა და მგზავრების რაოდენობა მათზე არ ასახულა

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოში 8 ივნისიდან ავტობუსებით და მიკროავტობუსებით საქალაქთაშორისო მგზავრობა აღდგება.

საქალაქთაშორისო მიმოსვლა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 24 მარტს შეჩერდა.

  • ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად, ტრანსპორტში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადეების გარეშე, ყველამ უნდა დაიცვას უსაფრთხო დისტანცია.
  • ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებისთვის შემდეგი რეკომენდაციები შემუშავდა:
  • უნდა დამონტაჟდეს დამცავი ბარიერი (მიკროავტობუსების გარდა)
  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ავტოტრანსპორტის სავარძლების სახელურების და საზურგეების დასუფთავებას
  • ავტოტრანსპორტის ფანჯრები ყოველთვის ღია უნდა იყოს
  • ყოველი სამუშაო დღის შემდეგ ავტოტრანსპორტში უნდა მოხდეს სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია.

ადრე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია მგზავრობის საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ სოციალური დისტანციის დაცვის გამო, რადგან მძღოლებს გაცილებით ნაკლები მგზავრის გადაყვანა მოუწევდათ.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად Sputnik-საქართველო დიდუბის და ნაძალადევის ავტოსადგურებს დაუკავშირდა.

ოპერატორების ინფორმაციით, ბილეთების ფასები უცვლელი დარჩება და მგზავრების რაოდენობა მათზე არ აისახება. თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობა 10 ლარი ღირს, ზუგდიდამდე - 15 ლარი, ბათუმამდე - 25 ლარი.

ბილეთების შეძენა კვლავ ავტოსადგურებზე იქნება შესაძლებელი.

სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული რეგულაციების შესაბამისად, რომლებიც 5 ივნისს გამოქვეყნდა, მგზავრები ავტობუსებში ყველა სავარძელზე განთავსდებიან, რაც ავტომატურად ხსნის ადრე გაჟღერებულ შეზღუდვას, რომელიც მგზავრებს მხოლოდ ფანჯრებთან განთავსების საშუალებას აძლევდა.

„ამ შეზღუდვის მოხსნამ მოგვცა საშუალება შეგვეტანა ცვლილება ჩვენს საფასო პოლიტიკაში და ყველა მგზავრისთვის თბილისი-ბათუმის ან ბათუმი-თბილისის ერთი მიმართულებით მგზავრობის საფასური 20 ლარს შეადგენს“, - განაცხადეს კომპანიაში.

1852
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (308)
თბილისი

კუნძული მსოფლიოს Covid-რუკაზე: ავსტრიული გამოცემა საქართველოს ბრძოლაზე წერს

11
საქართველომ დაამტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების საწინდარია, წერს გამოცემა

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. ავსტრიული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭდური გამოცემა – ORF Nachrichten სტატიას აქვეყნებს საქართველოს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულად წარმატებული ქვეყნის შესახებ.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაა, რომელიც „მაღალი ინფიცირების მქონე ქვეყნებით გარშემორტყმული ერთგვარი კუნძულია, რომელმაც ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიით სახელი გაითქვა“.

„ქვეყანა 3,7 მილიონი მოსახლეობით მდებარეობს თურქეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ასევე ესაზღვრება სომხეთსა და აზერბაიჯანს. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ასევე თურქეთში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მოსახლეობაში ზოგჯერ ათჯერ მაღალია“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებული მოქმედებების შედეგად საქართველომ ყურადღება მიიპყრო რამდენიმე გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის და ანალიტიკური ცენტრის (BBC, ამერიკული და ბრიტანული ანალიტიკური ცენტრების), რომლებიც ზედმიწევნით სწავლობდნენ საქართველოს მაგალითს.

„საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) Covid-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების საწინდარია“, – ნათქვამია სტატიაში.

მასალაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტური ნაბიჯების გარდა, ე.წ. სამმა მუშკეტერმა – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, მისმა მოადგილემ პაატა იმნაძემ და ვირუსოლოგმა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ერთობლივი სტრატეგია შეიმუშავეს.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, სტატიაში ნათქვამია, რომ მკაცრად კონტროლდებოდა შეზღუდვების დაცვა, საჭიროების შემთხვევაში კი ცალკეულ პირებს, ასევე კომპანიებს დიდი ოდენობის ჯარიმები დაეკისრა.

ამავე კონტექსტში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის მოსაწონი არ იყო მოსახლეობისთვის, თუმცა მისი დიდი ნაწილი მთავრობის მოწოდებას დაემორჩილა და სახლში დარჩა. სტატიაში აგრეთვე ნახსენებია „ქართული მართლმადიდებლური ეკლესია”, რომელიც აგრძელებდა ღვთისმსახურებას.

საქართველო სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებას კიდევ ერთხელ სთავაზობს >>

სტატიის დასასრულს ავტორი უამბობს მკითხველს, რომ საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებისთვის საჰაერო საზღვრების გახსნას აპირებდა, თუმცა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ამ თარიღმა ივლისის ბოლოსთვის გადაიწია.

11
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ამირან გამყრელიძე

COVID-19 საქართველოში: ყველა ახალი შემთხვევა შემოტანილია

202
(განახლებულია 15:22 12.07.2020)
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინფიცირებულ პირებს შორის ხშირად არიან ტრაილერების მძღოლები, რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებენ

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ხუთივე პაციენტი კარანტინში იმყოფებოდა. ზოგიერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, რამდენიმეს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

„ამჯერად ახალ შემთხვევებს შორის არც ერთი არ არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განმარტა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

რაც შეეხება ზოგად სიტუაციას, მისი თქმით, განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„გვაქვს ყოველდღიურად ერთეული შემთხვევები. უმრავლესობა არის იმპორტირებული. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხშირად ინფიცირებულები არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც გადაზიდვებს ახორციელებენ “ , – აღნიშნა გამყრელიძემ.

ბრძოლა კორონავირუსთან: საქართველოს მოქალაქეები მთავრობის მუშაობით კმაყოფილები არიან >>

12 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 986-მდე გაიზარდა.

 

202
თემები:
COVID-19 საქართველოში