საველე გეოლოგიური კვლევების პირველი ეტაპი თბილისში

თბილისში საველე გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს

258
(განახლებულია 12:33 07.06.2020)
კვლევების საბოლოო შედეგები მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგრადობას და მოსახლეობის დაცვას მოსალოდნელი სტიქიური გეოლოგიური პროცესებისგან.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისის ტერიტორიაზე საველე გეოლოგიური კვლევები ჩატარდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში საველე გეოლოგიური კვლევების პირველი ეტაპი განახორციელეს.

სამუშაოები ყველა სახის გეოლოგიური პროცესის საველე პირობებში იდენტიფიცირებას გულისხმობს. კვლევების საფუძველზე მომზადდება გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზა, კატალოგი და ზონირების რუკა, შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშით.

კვლევები ითვალისწინებს გეოლოგიური საფრთხეების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას და მიღებული საბოლოო შედეგები ხელს შეუწყობს როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგრადობას, ისე მოსახლეობის დაცვას მოსალოდნელი სტიქიური გეოლოგიური პროცესებისგან.

პირველი ეტაპი მტკვრის მარცხენა სანაპიროს მოიცავს.

258
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (122)
ხანძარი ვარკეთილის ბზარობაზე

ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე - რამხელა თანხას აანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია

51
(განახლებულია 21:39 14.07.2020)
ზოგიერთ ობიექტზე ზარალის შეფასება კვლავ გრძელდება. ამ ეტაპზე ზარალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეგროვება მიმდინარეობს

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურება დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე ე.წ. თათრების ბაზრობაზე ხანძარი 15 ივნისს, ღამით გაჩნდა. ცეცხლი 4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში 130 მეხანძრე–მაშველი აქრობდა, მობილიზებული იყო 25 სახანძრო მანქანა. ვითარებას ის ართულებდა, რომ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს. ხანძრის შედეგად შერეული ბაზრობის გარკვეული ტერიტორია დაიწვა. დილისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებული იყო.

ხელისუფლება მოვაჭრეებს დაჰპირდა, რომ ბაზრობის აღდგენამდე მათ უსაფრთხო ტერიტორიას გამოუყოფს, ასევე რამდენიმე თვით გაათავისუფლებს გადასახადისგან.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ირაოს“ მხრიდან ჯამურად 1.5 მილიონი ლარის ოდენობის თანხა ანაზღაურდება.

კომპანიის ცნობით, კომპენსაციას ჯამში დაახლოებით 315 მეწარმე, 465 კომერციულ ობიექტზე მიიღებს.

სადაზღვევო კომპანიაში აცხადებენ, რომ ზარალის შეფასებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების პროცესი „ირაოს“ წარმომადგენლების მიერ, ბაზრობის ადმინისტრაციასთან და მეიჯარეებთან თანამშრომლობით, ხანძრის გაჩენისთანავე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

„უკვე დარეგულირდა 149 კომერციული ობიექტის ზარალი და 13 ივლისს, ანაზღაურების პირველ ეტაპზე, „ირაომ“ 97 მეწარმეს გადაურიცხა შესაბამისი კომპენსაცია, ჯამურად 299 395 ლარის ოდენობით. ანაზღაურების მეორე ეტაპზე 178 კომერციული ობიექტის შესაბამისი ზარალის ანაზღაურებას, 114 მეწარმე მიიღებს, ჯამურად 431 ათასი  ლარის ოდენობით“, - განმარტავენ კომპანიაში.

რატომ არ აზღვევენ ბაზრობებს: მოვაჭრეებს სადაზღვევო კომპანია ზარალს აუნაზღაურებს? >>

გარდა ამისა, დარჩენილია ობიექტები, რომელთა ზარალის შეფასება კვლავ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ხდება ზარალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოგროვება.

51
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობას შეზღუდვების შემოღების უფლება წლის ბოლომდე მიენიჭა

62
(განახლებულია 21:22 14.07.2020)
საქართველოს მთავრობას პარლამენტის თანხმობისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად საჭირო შეზღუდვების დაწესება წლის ბოლომდე შეუძლია.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 1 იანვრამდე გააგრძელა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში იმ ცვლილებების მოქმედება, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებას ანიჭებს.

გაგრძელდება თუ არა შეზღუდვები საქართველოში – დეპუტატები შესწორებებზე მსჯელობენ >>

ნორმის მოქმედების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, ერთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო.

ცვლილებები, რომლებიც მთავრობას ანიჭებს უფლებას – პანდემიის დროს დროებით დააწესოს შეზღუდვები და პარლამენტის თანხმობის გარეშე დაარეგულიროს საჯარო უწყებების საქმიანობის საკითხები, არის მიღებული 22 მაისს, როდესაც კორონავირუსის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა იწურებოდა. მაშინ ამ უფლების ხანგრძლივობა განისაზღვრა 15 ივლისამდე ვადით.

დღევანდელი გადაწყვეტილებით პარლამენტი ახანგრძლივებს ამ უფლებამოსილების მოქმედების ვადას 2021 წლის 1 იანვრამდე. კერძოდ: სიტუაციიდან და საჭიროებიდან გამომდინარე მთავრობას აქვს უფლება შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური აქტივობა, აკრძალოს მასობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარება და ა.შ.

ამავე დროს მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას და იყოს განპირობებული კანონით ან ნორმატიული აქტით. მათი შემოღება იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ისინი აუცილებელია საზოგადოებისთვის და არ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს.

შეზღუდვები უნდა იყოს პროპორციული, ხოლო მათი შემოღებით მიღებული სარგებელი აჭარბებდეს ზარალს, ასევე შეზღუდვები არ უნდა არღვევდეს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას.

ხელისუფლებას ასევე ადამიანების კარანტინსა ან იზოლაციაში გამწესების უფლება ექნება. თუმცა თითოეული ასეთი ადამიანი შეძლებს აიყვანოს ადვოკატი, ახლობლებსა და დამსაქმებელს აცნობოს თავისი ადგილმდებარეობა. ასევე ექნება უფლება იცოდეს კარანტინში გამწესების მიზეზები.

საქართველო, როგორც მთელი მსოფლიო, კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინშია, ამიტომ მთავრობა ეპიდემიოლოგებთან ერთად მის დასახვედრად ემზადება.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა
  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
  • აკრძალულია სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კულტურული და გასართობი ღონისძიებების გამართვა დასაშვებია მხოლოდ ღია სივრცეებში, გამონაკლისია მუზეუმები
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).
62
თემები:
COVID-19 საქართველოში
ცესკო

არჩევნები 2020: ცესკო პარტიების რეგისტრაციას აგრძელებს

0
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე 14 პარტია დარეგისტრირდა

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) აგრძელებს პარტიების რეგისტრაციას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

ცესკოს თავმჯდომარის, ნინო ჟვანიას განკარგულებით სამშაბათისთვის რეგისტრაცია გაიარა კიდევ სამმა პარტიამ: „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ (ნინო ბურჯანაძე), „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“ (გიორგი ვაშაძე); „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ (მალხაზ გორგასლიძე).

ამგვარად, ამ დროისთვის ცესკოში სულ 14 პარტიაა რეგისტრირებული.

პარტიების განაცხადების მიღება არჩევნებამდე 43 დღით ადრე - 21 სექტემბერს შეწყდება. ამის შემდეგ პარტიებმა, რომლებმაც წინა არჩევნებზე 15 ათასი ხმა ვერ მოიპოვეს, ცესკოში უნდა წარადგინონ 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა - ბლანკებზე და ელექტრონული სახით.

პარტიების საბოლოო ჩამონათვალი გახდება ცნობილი სიების შემოწმების შემდეგ, არჩევნებამდე 30 დღით ადრე - 2 ოქტომბერს. იმავე დროს პარტიებს ბიულეტენში თავიანთი რიგითი ნომრები მიენიჭებათ.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების სულ მცირე 1% უნდა მიიღოს.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020