ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

კლინიკების, ლაბორატორიების და მედპერსონალის მომზადება: როგორ ებრძოდა საქართველო COVID-19-ს

93
2 აპრილიდან 22 მაისამდე ცხელ ხაზზე დარეკა დაახლოებით 16,2 ათასმა ადამიანმა, თუმცა ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 7%-ს დასჭირდა

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოში 23 მაისისთვის ფიქსირდებოდა ინფიცირების დაახლოებით 15 ჯაჭვი და კორონავირუსზე 47,5 ათასი ტესტი გაკეთდა, ნათქვამია კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. იმ დროისათვის ქვეყანას უკვე ყველაფერი გააჩნდა საშიში ინფექციის გამოსავლენად, მათ შორის ტესტები.

მთავრობის მონაცემებით, უკვე თებერვლიდან თბილისსა და რეგიონებში შეირჩა 3,3 ათას პაციენტზე გათვლილი 29 კლინიკა, რომლებიც პაციენტების მიღებაში ეტაპობრივად ჩაერთო.

გარდა ამისა, კიდევ ათასი საწოლი იყო მობილიზებული პაციენტებისთვის მაღალი ტემპერატურით, რომლებიც მიმართავდნენ ე.წ. ცხელების ცენტრებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში აქტიურად მიმართავდნენ მედიკოსებს. 2 აპრილიდან 22 მაისამდე ცხელ ხაზზე დარეკა დაახლოებით 16,2 ათასმა ადამიანმა, თუმცა ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 7%-ს დასჭირდა.

კორონავირუსის გავრცელება

ოფიციალური ინფორმაციით, 22 მაისამდე საქართველოში ინფიცირების დაახლოებით 15 ჯაჭვი გამოვლინდა. მაქსიმალური ჯაჭვი 40 ადამიანს მოიცავდა. ყველაზე მსხვილი კლასტერები იყო თეთრიწყაროს, ბოლნისის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. ეს მუნიციპალიტეტები გამოცხადდა საკარანტინე ზონად, რათა დაავადების გავრცელება მთელს ქვეყანაში არ მომხდარიყო.

ეპიდემიოლოგები დაავადებულთა გამოვლენის გარდა მათი კონტაქტების მოძიებით იყვნენ დაკავებული. მათ მთლიანობაში 3500 კონტაქტი მოიძიეს, მოახდინეს მათი იზოლაცია და დაკვირვებისთვის კარანტინში გადაიყვანეს.

ამ პერიოდში ქვეყანაში დაახლოებით 47,6 ათასი ტესტი ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ტესტირებას 22 ლაბორატორია ახორციელებდა.

ტესტები ექიმებსაც უტარდებოდა. დადასტურებული შემთხვევების 13% მედიკოსები არიან.

მედპერსონალის ინფიცირებისგან დასაცავად მათ სხვა კლინიკებში მუშაობა აეკრძალათ, პერსონალი ორ კვირაში ერთხელ იცვლებოდა, ყოველი ცვლის დაწყების წინ და ბოლოს ტესტირებას გადიოდა.

როგორ ემზადება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის >>

ონლაინ-კონსულტაციებისთვის მობილიზებული იყვნენ სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტები, რომლებიც მოსახლეობას კონსულტაციებს უწევდნენ და ეხმარებოდნენ.

დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 801 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 644 ადამიანი, 13 პაციენტი გარდაიცვალა.

93
თემები:
COVID-19 საქართველოში (1849)
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

მძიმე მდგომარეობაში იყვნენ: დეტალები კორონავირუსის ორი ახალი მსხვერპლის შესახებ

85
(განახლებულია 21:43 29.09.2020)
მამაკაცს ორმხრივი პნევმონია და გულის უკმარისობა ჰქონდა, ხოლო ქალს – გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. სამშაბათს, საღამოს გარდაცვლილი ორივე პაციენტი ასაკოვანი ადამიანია ქრონიკული დაავადებებით, განაცხადეს ბათუმისა და ქუთაისის კლინიკის ექიმებმა ჟურნალისტებთან.

დღეს საქართველოში კორონავირუსისგან ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა უკვე 36–ია.

ერთ–ერთი გარდაცვლილი 82 წლის ქალია, მეორე კი – 79 წლის მამაკაცი.

მამაკაცი ბათუმის კლინიკაში გარდაიცვალა. მას ორმხრივი პნევმონია და გულის უკმარისობა ჰქონდა. ქალი კი ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსის გარდა ჰქონდა პნევმონია, გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი.

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტების გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ მათი ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა.

85
თემები:
COVID-19 საქართველოში (1849)
განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტრო: ზოგიერთ სკოლაში წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება

107
(განახლებულია 21:12 29.09.2020)
უწყების ინფორმაციით, დისტანციური სწავლებისთვის 600 ათასზე მეტ მოსწავლესა და 55 ათასამდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვს.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. წერტილოვანი შეზღუდვები იმ სკოლებში დაწესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბავშვების დაბრუნება სკოლებში შეიძლება, თუ წესებს დავიცავთ – იმნაძე>>

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო. 1 ოქტომბრიდან კი პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ის მოსწავლეები, რომელთათვისაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. გამონაკლისია აჭარის რეგიონი.

უწყების ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდება, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციური სწავლებისთვის 600 ათასზე მეტ მოსწავლესა და 55 ათასამდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვს.

„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლებმა საქართველოს საჯარო სკოლების ყველა კლასისთვის პროგრამა TEAMS-ში ვირტუალური საკლასო ოთახები შექმნეს და პედაგოგებს ეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარ რესურსს წარმოადგენს „ტელესკოლაც“, რომელიც ახალ სასწავლო წელს ახალი სეზონით განახლდა. „ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია, რომელმაც სტარტი 30 მარტს აიღო. განათლების სამინისტრომ მოამზადა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც მოიცავს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებს. 

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა და მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა.

107
თემები:
განათლება საქართველოში
საქართველოს პროკურატურა

აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საკითხზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

0
გამოძიების ჩატარების მიზეზი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წერილი გახდა დემარკაციის კომისიის არასამართლებრივი საქმიანობის შესახებ

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე „უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის“ მუხლით. საკითხი ეხება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციასა და დემილიტაციას, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიების დაწყების საბაბი გახდა თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 17 აგვისტოს მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

„თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამჟამად პროკურატურა საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების მოქმედებების კანონიერებას სწავლობს. უკვე დაიწყო კარტოგრაფიული ექსპერტიზა საქმეზე, რომლი შედეგებზე პროკურატურა ასევე მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია ქვეყნებს შორის ურთიერთობებში.

დავით-გარეჯის დამცველებმა საგარეო უწყებას გადაუწყვეტელი პრობლემა შეახსენეს>>

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის დავით-გარეჯის მონაკვეთი, ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი ქართულ–აზერბაიჯანული კომისია 1996 წელს შეიქმნა.

არსებობის 15 წლის განმავლობაში საზღვრის თითქმის 70%-ის დაზუსტების სამუშაოები შესრულდა, მაგრამ 2007 წელს დელიმიტაციის ჩატარების პროცესში დაბრკოლებები გაჩნდა. ოფიციალური თბილისი სადავო ტერიტორიად მიიჩნევს დავით–გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიებს.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გახდა მეტად აქტუალური, რაც გასული წლის აპრილის ბოლოს აზერბაიჯანის მხარემ პერიოდულად დაიწყო ქართული კულტურის ძეგლებთან მისასვლელი გზების გადაკეტვა, ქართველმა აქტივისტებმა კი – მიმდებარედ საპროტესტო აქციების გამართვა.

ამის შემდეგ მუშაობა განაახლა დემარკაციის კომისიამ.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.

0
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ