ტესტი კორონავირუსზე

„საბურთალოს კლასტერი“ შეიძლება გაფართოვდეს

111
(განახლებულია 15:15 02.06.2020)
თბილისში ე.წ. საბურთალოს კლასტერში უკვე კორონავირუსით ინფიცირებული 23 ადამიანი გამოვლინდა, 20 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი, ხოლო კონტაქტების კვლევა გრძელდება.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ე.წ. საბურთალოს კლასტერთან კონტაქტში მყოფი ოცზე მეტი ადამიანი კარანტინშია მოთავსებული, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ამ ჯაჭვის კონტაქტების კვლევა გრძელდება. კარანტინში გადაყვანილი პირები იმ კორპუსთან ახლოს ცხოვრობენ, სადაც ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს ამ დღეებში კორონავირუსი დაუდასტურდა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული მათ სახლში იყო სტუმრად მისული, რამდენიმე ადამიანმა თავად გამოთქვა სურვილი, გადასულიყო საკარანტინო სივრცეში.

ადგილზე მუშაობას განაგრძობენ ეპიდემიოლოგები, ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ინფიცირების საბურთალოს ჯაჭვში უკვე შედის 23 ადამიანი. სულ გამოკვლეულია 120-ზე მეტი კონტაქტი. მათი ნაწილი გადაყვანილია კარანტინში, ხოლო ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფება.

პლუს 10: საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება>>

ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილის თქმით, ამ დროისათვის სიფრთხილეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან არის იმის ალბათობა, რომ თბილისში „საბურთალოს კლასტერისმაგვარი“ ინფიცირების ახალი კერები ჩამოყალიბდეს.

„შეშფოთების საბაბი ნამდვილად გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, საქმე იქამდე არ მივა, რომ ხელახალი იზოლაცია დაგვჭირდეს. ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ ეს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი ჩვენთან ერთად არის და რეკომენდაციები აუცილებლად დავიცვათ. თუ დისტანციას ვერ ვიცავთ, მინიმუმ პირბადე მაინც აუცილებლად გვეკეთოს. გახსოვდეთ – პირბადე გვიცავს“, – განაცხადა ჩოკოშვილმა PalitraNews-ის ეთერში.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდგინდა.

გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 300 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

111
თემები:
COVID-19 საქართველოში (1209)
მამაკაცი ნიღბით ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/15 ივლისი

86735
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის წინ მოიხსნა, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აგრძელებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავე დროს მთავრობა და ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა;

  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
  • აკრძალულია სპორტული ღონისძიებების გამართვა
  • კულტურული და გასართობი ღონისძიებების გამართვა დასაშვებია მხოლოდ ღია სივრცეებში, გამონაკლისია მუზეუმები;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 999 ადამიანს შეადგენს, აქედან 870 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

15 ივნისიდან აღდგა შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის გახსნის.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 5640, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 244 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

 

86735
თემები:
COVID-19 საქართველოში (1209)
კახა კალაძე

კალაძე შაქარაშვილის საქმეზე: მნიშვნელოვანია, რომ საქმე მივიდეს ბოლომდე

38
(განახლებულია 03:52 15.07.2020)
საქართველოში ბოლო დროის ყველაზე სკანდალურ საქმეზე დაკავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი, საქმის წინასწარი მოსმენა 31 ივლისს ჩაინიშნა

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმე ბოლომდე უნდა გამოიძიონ და თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. იგი უკვალოდ გაქრა 18 ივნისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღის წვეულების შემდეგ, რომელზეც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. თუმცა, შაქარაშვილის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა. გამოძიება მის გარდაცვალებას როგორც პირთა ჯგუფის მიერ განზრახ მკვლელობას განიხილავს და დამნაშავეთა დასადგენად დამატებითი ექსპერტიზა დანიშნა.

„ვეღარ ვუძლებ...“ – გიორგი შაქარაშვილის დედის კომენტარი, რომელმაც სოციალური ქსელი შეძრა >>

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმე მივიდეს ბოლომდე, თუ არიან კონკრეტული პიროვნებები დამნაშავეები, დაისაჯოს ყველა კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა კალაძემ.

შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს: უშუალოდ მკვლელობას, რომლის დამტკიცებას ახლა ცდილობს გამოძიება, და უკვე დადგენილ ფაქტებს - ცემას, ჯგუფურ ძალადობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

ცემის ეპიზოდი უკავშირდება წვეულებას, სადაც კონფლიქტი მოხდა. ჯგუფური ძალადობის ეპიზოდი ეხება პირველი კონფლიქტიდან რამდენიმე საათში თბილისი-მცხეთის გზაზე მომხდარ მასობრივ ჩხუბს, რომლის შემდეგ შაქარაშვილი უკვალოდ გაქრა.

მესამე ეპიზოდი - თავისუფლების უკანონო აღკვეთა - უკავშირდება ფეხბურთელის მეგობარ გური ამირხანაშვილს, რომელიც ძალით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს თბილისში, და ეს იმ დროს ხდება, როდესაც მისი მეგობარი დაიკარგა და არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი.

სამივე დამტკიცებულ ეპიზოდზე დაკავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი. პირველი წინასწარი მოსმენა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

38
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე