გახარია: „შეიძლება სერიოზული აფეთქება მოხდეს...“

გამოწერა
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მაშინ როდესაც ეს გაუჭირდათ ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერ სახელმწიფოებს, საქართველომ ეს შეძლო მოქალაქის ორგანიზებულობით, ექიმების და პოლიციის პროფესიონალიზმით და ყველას გუნდური მუშაობით

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივად ყველას დამსახურებაა, თბილისი და ბათუმი რომ ევროპაში კორონავირუსისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვეს >>

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეპიდემიოლოგების ყველა რეკომენდაცია დაიცვან.

„მიუხედავად იმისა, რომ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელებას და შეგვიძლია ადამიანებს მივცეთ საშუალება, რომ ეკონომიკურად გააქტიურდნენ და უბრალოდ ელემენტარული შემოსავალი ოჯახში მიიტანონ, ამას პარალელური რისკი, რა თქმა უნდა, მოჰყვება. ეს ელემენტარული წესრიგის დაცვაა - დისტანცია, პირბადე და კიდევ ბევრი რამ. ამის შესრულებაც ახლა თქვენზეა. დღეს 26 ახალი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. კი, ვაკონტროლებთ, ვიცით საიდან არის, წყარო ვინ იყო, მაგრამ ერთი ინფიცირებული უკონტროლოდ რომ გაიპაროს, მეტრო იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იქნება, შეიძლება სერიოზული აფეთქება მოხდეს. ეს ყოველდღე უნდა გვახსოვდეს“, - განაცხადა გახარიამ.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - საბურთალოს კლასტერი ფართოვდება

მთავრობის მეთაურის შეფასებით,  მაშინ, როდესაც ეს გაუჭირდათ ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერ სახელმწიფოებს, საქართველომ ეს შეძლო მოქალაქის ორგანიზებულობით, ექიმების და პოლიციის პროფესიონალიზმით და ყველას გუნდური მუშაობით.

„ინფიცირებულ ადამიანებს სჭირდებათ სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და სწრაფად სოციუმში დაბრუნება. მხოლოდ ასე შევძლებთ, რომ საქართველო იყოს წარმატებული ვირუსის კონტროლში, ვირუსი მსოფლიომ უნდა დაამარცხოს ერთად, გლობალურად. ცალკე აღებული სახელმწიფო აქ ვერაფერს გააკეთებს. საქართველო უნდა იყოს წარმატებული ვირუსის ეფექტურ კონტროლში და ეფექტურ კონტროლში პოლიციის ფუნქცია, ექიმებთან ერთად, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პოლიციის როლს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.

„ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის, ის სახელმწიფოს პირველ რიგში აღიქვამს თქვენი საშუალებით. აი, ფორმიან ადამიანს ხედავს და მისი ქცევის მოდელი არის სახელმწიფოს მოდელი“, - მიმართა გახარიამ პოლიციელებს.
სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე ყვითელი მიკროავტობუსების მუშაობით უკმაყოფილოა

ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა.

რეიტინგში თბილისი პირველ ადგილზეა, ბათუმი კი მეშვიდე ადგილზე მოხვდა.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების 783 დადასტურებული  შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3031, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 262 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

გამყრელიძე: ჩამოყალიბდა ე.წ. საბურთალოს კლასტერი >>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0