მარინა ეზუგბაია

ეზუგბაია: „საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობას არ მალავს“

137
საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირების არცერთ შემთხვევას არ მალავს, ხაზგასმით აღნიშნა ეზუგბაიამ

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ქართული მხარე არ მალავს კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადების კომენტირებისას.

საქართველო vs კორონავირუსი: საგანგებო მდგომარეობის ორი თვე ორ წუთში >>

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა და ჯანდაცვა საქართველოში განსხვავდება სომხურისგან, თუმცა არა საუკეთესო მხრიდან. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი საკუთარ სტატისტიკას გამჭვირვალედ ავრცელებს.

„ყველა ჩვენი მონაცემი არის სწორი, დამალული არც ერთი შემთხვევა არ არის. აქ ჩემს აზრებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჭეშმარიტება ერთია, ქვეყნაში არის 728 დადასტურებული შემთხვევა. ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა აზრი აქვს. არის 728 დადასტურებული შემთხვევა და დამთავრდა. ამას კომენტარები არ სჭირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 302 შემთხვევა დაფიქსირდა. ექსპერტებმა არაერთხელ გამოთქვეს თვალსაზრისი, რომ მსგავსი სავალალო სიტუაცია უკავშირდება იმას, რომ ხელისუფლებამ დააგვიანა ინფექციის შესაკავებელი ნაბიჯების გადადგმა.

საქართველომ კორონავირუსის ტესტები 2020 წლის 4 თებერვალს მიიღო - ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენამდე 22 დღით ადრე. უკვე 12 თებერვალს კორონავირუსთან საბრძოლველად რეკომენდაციები და პროტოკოლები შემუშავდა. ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო შიდა გადაცემა დაიწყო 22 მარტს, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 54 ადამიანს შეადგენდა.

იმ დროისათვის ქვეყანაში უკვე იყო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი შეზღუდვები დაწესდა.

მაისის ბოლოსთვის ქვეყანაში კორონავირუსის დასადგენად დაახლოებით 46 ათასი ტესტი გაკეთდა, ყოველდღიურად ტესტი 1,6 ათასს უკეთდება.

დღეისათვის საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოხსნილია, თუმცა მთელი რიგი შეზღუდვების მაინც ძალაში რჩება.

 

 

137
თემები:
COVID-19 საქართველოში (916)
თბილისი

ტურისტების მოლოდინში: რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ითხოვს ესტონეთი

19
(განახლებულია 19:20 03.06.2020)
პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. ბალტიის ქვეყნებთან ერთად, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქართველო ერთ–ერთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ბალტიის ქვეყნებიდან, მათ შორის ესტონეთიდან ტურისტებს მიიღებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტაავი აასმა ონლაინ–კონფერენციაზე ორმხრივი ეკონომიკური, კერძოდ, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თურნავამ ესტონელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს 1 ივლისიდან საერთაშორისო მოგზაურების მიღების მზადყოფნასთან დაკავშირებით და მათ უსაფრთხო დასვენების პირობები შესთავაზა.

 „საქართველო ძალზე კარგად პასუხობს უსაფრთხოების ყველა ნორმას. ქვეყანა ერთ–ერთი პირველი გახდება, სადაც ტურისტები ჩამოვლენ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, მათ შორის ესტონეთიდან, ამასთან, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ესტონეთის მონახულებას. ჩვენ ძალზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ევროპის ქვეყნების მინისტრებთან, განსაკუთრებით მათთან, რომლებიც ტურიზმისა ტრანსპორტის საკითხებს კურირებენ. მათთან საუბრისას ჩვენ კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები გაიხსნას ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის“, – განაცხადა თურნავამ.

ესტონეთმა უკვე გამოაქვეყნა კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა, თუ იგი ესტონეთთან სატრანსპორტო და ტურისტული კონტაქტების აღდგენას გეგმავს. ესტონეთში ტურისტი ორკვირიანი კარანტინისგან თავისუფლდება, თუ იგი იმ ქვეყნიდან ჩავა, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათას ადამიანზე 15–ს არ გადააჭარბებს.

საქართველომ 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეაჩერა. კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის წყალობით, ხელისუფლებამ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის განახლება, 1 ივლისიდან კი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში აღდგენილი იქნება სახმელეთო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლა. 

წინასწარი ინფორმაციით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. ბალტიის ქვეყნებთან ერთად, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან.

ამ დროისთვის 20–ზე მეტმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების განახლების სურვილი გამოთქვა.

საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლის 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

19
თემები:
COVID-19 საქართველოში (916)
მატარებელი

„საქართველოს რკინიგზა“ მზადაა: ვინ და რატომ აფერხებს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას

37
(განახლებულია 18:35 03.06.2020)
მგზავრთა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაყვანა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტს შეჩერდა.

 

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან აღდგება, თუმცა, ძალაში რჩება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვა – საქართველოს მთავრობის 23 მაისის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები სამშაბათს შევიდა. 

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, შეზღუდულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა ოფიციალური სარკინიგზო გადაზიდვებისა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელთა გადაყვანა ექსპლუატაციის ადგილამდე ან პირიქით, ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებით.

ამასთან, „საქართველოს რკინიგზა“ მზადყოფნას გამოთქვამს მგზავრთა მომსახურებისთვის. ამ მიზნით უკვე შეძენილია სადეზინფექციო საშუალებები და უკონტაქტო თერმომეტრები. თუმცა, როდის განახლდება სარკინიგზო მიმოსვლა, ჯერჯერობით, უცნობია.

 „მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდება“, – განაცხადეს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „იმედთან“. 

მგზავრთა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაყვანა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტს შეჩერდა. 

3 ივნისისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა 13. კარანტინში იმყოფება 2424 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.   უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოს საქართველოს სამი მოქალაქეა გადმოყვანილი.

ქვეყანაში 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, რომელიც 21 მარტს ამოქმედდა, გაუქმდა. ამ დრომდე მკაცრი კარანტინი მოქმედებს თეთრიწყაროში და ბოლნისის რაიონის ორ სოფელში: მუშევანსა და გეტაში.

გარდა ამისა, მოქმედ შეზღუდვებში შედის საერთაშორისო სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაზე აკრძალვა, ასევე 10 კაცზე მეტის შეკრება ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, დაკრძალვა, იუბილე და ა.შ.).

ქვეყანაში 29 მაისიდან მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. 1 ივლისიდან კი საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენა იგეგმება.

37
თემები:
COVID-19 საქართველოში (916)
ძლიერმა ქარმა გორში სახლებს სახურავები გადახადა

ძლიერმა ქარმა გორში სახლებს სახურავები გადახადა

0
(განახლებულია 20:29 03.06.2020)
ამ კვირის ბოლომდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი - თითქმის ყველგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, ქარი და სეტყვა

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ძლიერმა ქარმა გორში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, იუწყება პირველი არხი.

დაზიანებული კორპუსები სტალინის ქუჩაზე მდებარეობს. სახურავის ფრაგმენტი მსუბუქ ავტომობილს დაეცა.

ქარმა პრობლემები ჩოჩიშვილის ქუჩაზეც შექმნა, სადაც ქარის შედეგად მოტეხილი ხე ასევე ავტომობილს დაეცა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო იუწყებოდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 6 ივნისამდე ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი – უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი სეტყვა, ქარი, ზღვაზე შტორმი.

0
თემები:
უამინდობა საქართველოში