თეა წულუკიანი

პენიტენციურ დაწესებულებებში პაემნები განახლდება 

53
(განახლებულია 09:44 23.05.2020)
საგანგებო მდგომარეობის მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ვირუსი დამარცხებულია, ამიტომაც პრევენციული ზომები ციხეებში შენარჩუნდება.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები დაიშვება, თუმცა მინის ბარიერის პირობებში, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან, პენიტენციურ დაწესებულებებში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. კერძოდ, პატიმრებს შეუჩერდათ ზოგიერთი უფლებები, რომლებიც პატიმრობის კოდექსით არის გათვალისწინებული - ეს იყო ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნები, პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობა. ასევე აკრძალული იყო ამანათების და საფოსტო გზავნილების (გარდა წერილებისა) შეგზავნა.

„ორშაბათიდან ხანმოკლე, მოკლე ვადიანი პაემნების ჩატარება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში და ასევე, მოსული სტუმარი ვალდებული იქნება, დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, იქნება ეს პირბადე თუ სხვა“, – განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ვირუსი დამარცხებულია, ამიტომაც პენიტენციურ დაწესებულებებში მკაცრი პრევენციული ზომები შენარჩუნდება.

მისი თქმით, ამანათების მიღება შეუფერხებლად მიმდინარეობს. პატიმრებისთვის 20 მაისიდან დაშვებულია ყველა სახის ამანათის შეგზავნა, მათ შორის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების და საკვები პროდუქტების.

ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიწოდებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში, გაივლის დეზინფექციას (გარდა საკვები პროდუქტებისა), რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მარტის ბოლოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც დღეიდან გაუქმდა.

რა შეზღუდვები რჩება ძალაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ >>

საქართველოში დაავადებულთა რაოდენობა ყველაზე ნაკლებია ევროპაში. ექსპერტების თვალსაზრისით, ეს მიღწეულია დროულად შემოღებული შეზღუდვებისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამო. ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა და 23 მაისისთვის 723-ს შეადგენს. გასულ დღე-ღამეში ორი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 495 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 12.

 

53
თემები:
COVID-19 საქართველოში (828)
ახალწვეულები დამოუკიდებლობის დღეს ფიცს დებენ

Google–მა საქართველო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური დუდლი გამოუშვა

14
(განახლებულია 10:35 26.05.2020)
Google–მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თავის მომხმარებელს ქვეყნის მთავარი დღესასწაულის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. მსოფლიოში უდიდესმა საძიებო ინტერნეტ–სისტემა Google–მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავის სასტარტო გვერდზე ქართული დროშით დუდლის განთავსებით მიულოცა.

საძიებო სისტემაში მითითებულია, რომ საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშშნავს. დუდლის მეშვეობით ინტერნეტის მომხმარებელს შეუძლია გადასვლა გვერდზე, სადაც განთავსებულია ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო დღესასწაულის შესახებ.

დამოუკიდებლობის დღე 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.

ქვეყნის მთავარი დღესასწაული ყოველ წელს მასშტაბურად აღინიშნება, თუმცა, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები, კორონავირუსის პანდემიის გამო, ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ.

14
საკონსტიტუციო სასამართლო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის

14
(განახლებულია 10:10 26.05.2020)
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ მთავრობისთვის ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების უფლების მინიჭება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმ შესწორებებთან დაკავირებით, რომლებიც პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეიტანა.

შესწორებები, რომლის მიხედვით მთავრობას შეუზღუდავი უფლება ენიჭება, დააწესოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმების შემდეგ, პარლამენტმა 22 მაისს მიიღო. ნორმა 23 მაისს ამოქმედდა და 15 ივლისამდე იქნება ძალაში.

პარლამენტმა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების დაწესების უფლება მიანიჭა>>

„კონსტიტუცია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ კანონით უშვებს, შესაბამისად, ამ უფლების მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეზღუდვა დაუშვებელია. ასევე, შრომითი უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ორგანული კანონითაა დასაშვები“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამგვარად მთავრობა იღებს უფლებას, პარლამენტის გვერდის ავლით შეზღუდოს ასევე კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

კანონის ამოქმედების შემდეგ მთავრობას შეუძლია პანდემიისა და განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს დროებით დააწესოს შეზღუდვები და მოაწესრიგოს წესებით, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავდება. გარდა ამისა, მთავრობა მიიღებს უფლებას, შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური საქმიანობა და აკრძალოს სოციალური ღონისძიებების ჩატარება.

ასოციაციის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, შეზღუდვითი ნორმა კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმალურად.

გახარია: ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რაც საჭიროა ჯანმრთელობისთვის>>

საია მიიჩნევს, რომ მთავრობისთვის მინიჭებული უფლება, შეზღუდოს საკუთრების უფლება, ანტიკონსტიტუციურია, რადგანაც მთავრობას მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ახალი წესების დადგენის უფლება აქვს. ამიტომ ახალგაზრდ იურისტები მიიჩნევენ, რომ ასეთად არ შეიძლება ჩაითვალოს შეზღუდვები, მაგალითად, სასტუმროს მესაკუთრისათვის ნომრების გაქირავების შეზღუდვა. ეს, მათი თქმით, არის საკუთრების უფლებით სარგებლობის სრული აკრძალვა და არა ტექნიკური ხასიათის რეგულაცია.

საკუთრების უფლებაზე სრული არძალვისთვის, როგორიცაა სასტუმროების ან ტანსაცმლის მაღაზიების დაკეტვა ან მუშაობის განახლების აკრძალვა, საჭიროა ლეგიტიმაცია პარლამენტის მხრიდან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი რადიკალური ზომების მიღების შესაძლებლობა მთლიანად მთავრობის ხელშია.

საქართველოს კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლო ასოციაციის სარჩელს წარმოებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუსასამართლოს კოლეგია მას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

ამოქმედებული შესწორებების საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ სპეციალური დადგენილებით შეზღუდვებისა და აკრძალვების ნაწილი შეინარჩუნა.

ქვეყანაში ჯერ კიდევ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია რესტორნები, ტანსაცმლისსა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები, აკრძალულია სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარება, კაზინოებისა და ტოტალიზატორების მუშაობა (გარდა ონლაინ მუშაობისა). საკარანტინე ზონებად რჩება თეთრიწყაროს რაიონი დაორი სოფელი ბოლნისის რაიონში.

14
თემები:
საქართველოს პარლამენტი
კორონავირუსული პანდემია

ელოდეთ მეორე პიკს: დაავადებამ შესაძლოა ნებისმიერ დროს გააკეთოს ნახტომი

0
(განახლებულია 10:59 26.05.2020)
ჯანმოს წარმომადგენლის განმარტებით, პანდემიის პირველი ტალღის დასრულებაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია, ვინაიდან დაავადებამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ნახტომი გააკეთოს

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მსოფლიო ამ დროისათვის იმყოფება კორონავირუს SARS-CoV-2–ის პანდემიის შუაში და არსებობს დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრად მატების რისკი, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. 

მისი თქმით, იმ ადამიანების რეალური რაოდენობა, რომლებიც ინფიცირებულები იყვნენ ცალკეულ ქვეყნებში, ამ დროისათვის შედარებით მცირეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაავადების პირველი ტალღის მრუდი დაბლა იწევს, „რამდენიმე თვის შემდეგ კი დაავადების ახალი ტალღა დაიწყება“. 

რაიანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ზოგ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ტალღა ნამდვილად მიუახლოვდა დასასრულს, მაგრამ გლობალური მასშტაბით ის ჯერ კიდევ არ  დამთავრებულა. მისი განმარტებით, „დაავადებამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ნახტომი გააკეთოს“.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რახან ახლა დაავადება მცირდება, ის კვლავაც განაგრძობს შემცირებას და ჩვენ რამდენიმე თვე გვექნება იმისთვის, რომ ახალი ტალღის დასახვედრად მოვემზადოთ. მეორე პიკი ამავე ტალღაში შეიძლება დადგეს. ასეთი რამ სხვა პანდემიების შემთხვევებში მომხდარა. ასე იყო „ისპანკის“ დროს 1919 წელს. ამიტომ შესაძლოა მივიღოთ მეორე პიკი და არა აუცილებლად მეორე ტალღა“, — ხაზი გაუსვა მაიკ რაიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტალღის გაჩენის ალბათობა, რომელიც შესაძლოა გრიპის სეზონმა გაართულოს, მოგვიანებით შეფასდება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 5 498 849 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 346 306 და განიკურნა 2 233 180 კაცი.  

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს