როკის კონცხი

ზღვაზე თუ მთაში დასვენება? ეპიდემიოლოგები გვირჩევენ

91
(განახლებულია 17:59 22.05.2020)
საქართველოს კურორტებზე დასვენება ნებადართულია, თუმცა აუცილებელია სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ზაფხულში ზღვაზეც და მთაშიც დასვენება შეიძლება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ამასთან, ზახაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია სწორად და ფრთხილად შეირჩეს ადგილი და ტერიტორია, სადაც ბევრი ხალხი არ იქნება.

„შეგიძლიათ ზღვაზეც და მთაშიც წაბრძანდეთ. საქართველოში უამრავი სხვადასხვა კლიმატური კურორტია და, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მათგანი დამსვენებლის ჯანმრთელობაზე გამაჯანსაღებელ ეფექტს იქონიებს. თუმცა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს და დავიცვათ გარკვეული წესები. ფიზიკური დისტანცია ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რჩება“, - აღნიშნა ზახაშვილმა. 

ზახაშვილი ასევე შეეხო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლების თემას. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ დაავადების მაჩვენებელი იმავე ნიშნულზე დარჩება, რაც არის ახლა, მაშინ ტრანსპორტის მუშაობის განახლების პრობლემა არ იქნება, აღნიშნა მან.

რაც შეეხება სექტემბერში სასწავლო პროცესის განახლებას, ზახაშვილის თქმით, შემოდგომამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, ამასთან სასწავლო დაწესებულებების რეკომენდაციებზე განათლების სამინისტრო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები უკვე მუშაობენ.

მისი თქმით, რეკომენდაციები დროულად შემუშავდება და მათში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ყველა ის ზომა, რაც სასწავლო დაწესებულებების თანამშრომელთა და ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას შესაძლებელს გახდის.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, StopCov-ის განახლებული მონაცემებით, 723-ს მიაღწია. გამოჯამრთელებულია 495, გარდაცვლილია 12. კარანტინში იმყოფება 3 614 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 316. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში სამი თანამემამულეა გადმოყვანილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

91
თემები:
COVID-19 საქართველოში (828)
შალვა კეკელია

„ძალიან გულიანი ადამიანი...“ - მამა შალვა კეკელია ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

10
(განახლებულია 22:27 25.05.2020)
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის სკანდალის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება. ცნობილი დეკანოზი მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ არსებულ სკანდალს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მხარდაჭერას უცხადებს.

სასულიერო პირი საზოგადოებას მოუწოდებს თავი დაანებონ დაუსაბუთებელ ბრალდებებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

10
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ახალწვეულები დამოუკიდებლობის დღეს ფიცს დებენ

Google–მა საქართველო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური დუდლი გამოუშვა

28
(განახლებულია 10:35 26.05.2020)
Google–მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თავის მომხმარებელს ქვეყნის მთავარი დღესასწაულის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. მსოფლიოში უდიდესმა საძიებო ინტერნეტ–სისტემა Google–მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავის სასტარტო გვერდზე ქართული დროშით დუდლის განთავსებით მიულოცა.

საძიებო სისტემაში მითითებულია, რომ საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშშნავს. დუდლის მეშვეობით ინტერნეტის მომხმარებელს შეუძლია გადასვლა გვერდზე, სადაც განთავსებულია ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო დღესასწაულის შესახებ.

დამოუკიდებლობის დღე 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.

ქვეყნის მთავარი დღესასწაული ყოველ წელს მასშტაბურად აღინიშნება, თუმცა, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები, კორონავირუსის პანდემიის გამო, ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ.

28