საცობი თბილისში

კორონავირუსის დადებითი მხარე: საქართველოში ჰაერი გაიწმინდა

84
(განახლებულია 22:48 20.05.2020)
ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.

 

თბილისი, 21 მაისი – Sputnik.  ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდა, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 „აღნიშნული ძირითადად სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. განსაკუთრებით შემცირებულია ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა, რაც, სავარაუდოდ, ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ამასთან სააგენტო აღნიშნავს, რომ სადგურებზე, რომლებიც განთავსებულია გზის პირას, ავტოტრანსპორტით დატვირთული ქუჩების გასწვრივ, მათ შორის წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე, უფრო მეტად ფიქსირდება აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების კლების ტენდენცია, ვიდრე ფონურ სადგურებზე.
ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით საგანგებო მდგომარეობა დაწესდა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეჩერდა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, 17-დან 27 აპრილამდე აკრძალული იყო მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ქალაქის ქუჩები დაცარიელებული იყო თუ არ ჩავთვლით სპეციალური საშვების მქონე ავტომობილების, ბაიკერებისა და ველოსიპედისტების გადაადგილებას. ეს ყველაფერი დადებითად აისახა არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი საქართველოს ეკოლოგიურ ვითარებაზე.

ამ მაჩვენებლების შენარჩუნების მიზნით თბილისის მერი კახა კალაძე გამოვიდა ინიციატივით, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ დედაქალაქში კვირაში ორი დღით აიკრძალოს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

84
თემები:
COVID-19 საქართველოში (898)
ტესტი კორონავირუსზე

„საბურთალოს კლასტერი“ შეიძლება გაფართოვდეს

5
(განახლებულია 11:50 02.06.2020)
თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 23 ადამიანი ე.წ საბურთალოს კლასტერში უკვე გამოვლინდა, 20 ადამიანი კარანტინშია განთავსებული, მაგრამ კონტაქტების კვლევა გრძელდება.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik.  ე.წ  საბურთალოს კლასტერთან კონტაქტში მყოფი ოცზე მეტი ადამიანი კარანტინშია მოთავსებული, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ამ ჯაჭვის კონტაქტების კვლევა გრძელდება. კარანტინში გადაყვანილი პირები იმ კორპუსთან ახლოს ცხოვრობენ, სადაც ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს ამ დღეებში კორონავირუსი დაუდასტურდა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული მათ სახლში იყო სტუმრად მისული, რამდენიმე ადამიანმა თავად გამოთქვა სურვილი, გადასულიყო საკარანტინო სივრცეში.

ადგილზე მუშაობას განაგრძობენ ეპიდემიოლიგები, ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის წამრმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ინფიცირების  საბურთალოს ჯაჭვში უკვე შედის 23 ადამიანი. სულ გამოკვლეულია 120–ზე მეტი კონტაქტი. მათი ნაწილი გადაყვანილია კარანტინში, ხოლო ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფება.

პლუს 10: საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება>>

ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილის თქმით, ამ დროისთვის სიფრთხილეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან არის იმის ალბათობა, რომ თბილისში „საბურთალოს კლასტერისმაგვარი“ ინფიცირების ახალი კერები ჩამოყალიბდეს.

„შეშფოთების საბაბი ნამდვილად გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, საქმე იქამდე არ მივა, რომ ხელახალი იზოლაცია დაგვჭირდეს. ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ ეს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი ჩვენთან ერთად არის და რეკომენდაციები აუცილებლად დავიცვათ. თუ დისტანციას ვერ ვიცავთ, მინიმუმ პირბადე მაინც აუცილებლად გვეკეთოს. გახსოვდეთ - პირბადე გვიცავს“,– განაცხადა ჩოკოშვილმა PalitraNews–ის ეთერში.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდგინდა.

გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 300 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

5
თემები:
COVID-19 საქართველოში (898)
ტესტი

პლუს 10: საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება

14
(განახლებულია 10:20 02.06.2020)
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 634 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 12 ადამიანი.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19-სგან ერთ დღე-ღამეში 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 634 გამოჯანმრთელდა. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს ოთხჯერ და მეტად აჭარბებს. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 300 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

14
თემები:
COVID-19 საქართველოში (898)