სატვირთო ავტომობილი

მდინარე ქსანზე ახალი ხიდის მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდება

72
(განახლებულია 19:27 19.05.2020)
ხიდი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება და ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფს.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთი-თბილისის მონაკვეთზე, მდინარე ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. 

ვიცე-პრემიერის თქმით, გარდა იმისა, რომ პროექტი სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილია, მნიშვნელოვანია, რომ კონტრაქტორთან შეთანხმებით სამშენებლო სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არ გაჩერებულა.

სავარაუდოდ, მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და არა წლის ბოლოს, როგორც დაგეგმილი იყო.

„გარდა ამისა, ჩვენთვის ასეთი ტიპის და ყველა სხვა პროექტი მნიშვნელოვანია მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სადაც სამუშაო პროცესი, აუცილებელი გამონაკლისების გარდა, არ გაჩერებულა“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, არსებული ხიდი, რომელიც პატარა ხანდასა და მუხრანთან ახლოს მდინარე ქსანზე მდებარეობდა, ავარიული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა დემონტაჟს. 

პროექტის თანახმად, ახალი რკინაბეტონის ექვსმალიანი ხიდის სიგრძე 195 მეტრი, ხოლო სიგანე 14 მეტრი იქნება. ხიდი საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილი იქნება და ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფს.

 მაია ცქიტიშვილმა ქვეყანაში გაზრდილ სამშენებლო აქტივობაზეც ისაუბრა.

„რამდენადაც სამშენებლო აქტივობა შესაძლებელი გახდა ყველა კომპანიისთვის, პრაქტიკულად ყველა ჩვენი პროექტი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რეგიონებში 800-ზე მეტი პროექტი ხორციელდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავუბრუნდეთ ისეთ დინამიკას, როგორიც გვქონდა პანდემიამდე“, – განაცხადა მინისტრმა.

ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება – მისი ღირებულება 4,1 მლნ ლარზე მეტია.

72
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (595)
პატარა თვითმფრინავი

როდის განახლდება შიდა ავიარეისები საქართველოში

13
(განახლებულია 09:36 04.06.2020)
საქართველოს მოსახლეობა შიდა ავიარეისებით, რომელთა შესრულება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე შეწყდა, თითქმის ორთვენახევარი ვერ სარგებლობდა

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული შიდა ავიარეისები 15 ივნისს განახლდება, ინფორმაცია ამის შესახებ გამოაქვეყნა ქართულმა ტურისტულმა კომპანია Vanilla Sky–მ.

რომელი ქვეყნიდან ჩამოვლენ საქართველოში პირველი ტურისტები - შეთანხმება მიღწეულია>>

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან აღდგება, ხოლო ქვეყანა მოგზაურებს უცხოეთიდან 1 ივლისიდან მიიღებს.

„Vanilla Sky 15 ივნისიდან აღადგენს შიდა რეისებს თბილისი-ბათუმის; ნატახტარი - მესტიას; ნატახტარი - ამბროლაურის მიმართულებით. სულ მალე შეგატყობინებთ ფრენების განრიგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავიაკომპანია Ak-Air Georgia–მ, რომელიც საქართველოში შიდა ავიარეისებს ასრულებს, ფრენები 22 მარტს საგანგებო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით შეაჩერა.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს დაწესდა და 23 მაისამდე მოქმედებდა. შემდეგ დაიწყო შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა. ამჟამად მთავრობა შეზღუდვებს აჩქარებული ტემპით ხსნის.

შეზღუდვების მოხსნის გეგმა ექვსი პუნქტისგან შედგება, მაგრამ მისი რეალიზება ქვეყანაში ეპიდემიურ ვთარებაზეა დამოკიდებული. გეგმის მიხედვით შეზღუდვები საბოლოოდ 6 ივლისისთვის უნდა მოიხსნას. მანამდე კი ქვეყანაში აუცილებელია სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში.

13
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში
თბილისი

ტურისტების მოლოდინში: რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ითხოვს ესტონეთი

89
(განახლებულია 19:20 03.06.2020)
პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. ბალტიის ქვეყნებთან ერთად, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქართველო ერთ–ერთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ბალტიის ქვეყნებიდან, მათ შორის ესტონეთიდან ტურისტებს მიიღებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტაავი აასმა ონლაინ–კონფერენციაზე ორმხრივი ეკონომიკური, კერძოდ, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თურნავამ ესტონელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს 1 ივლისიდან საერთაშორისო მოგზაურების მიღების მზადყოფნასთან დაკავშირებით და მათ უსაფრთხო დასვენების პირობები შესთავაზა.

 „საქართველო ძალზე კარგად პასუხობს უსაფრთხოების ყველა ნორმას. ქვეყანა ერთ–ერთი პირველი გახდება, სადაც ტურისტები ჩამოვლენ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, მათ შორის ესტონეთიდან, ამასთან, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ესტონეთის მონახულებას. ჩვენ ძალზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ევროპის ქვეყნების მინისტრებთან, განსაკუთრებით მათთან, რომლებიც ტურიზმისა ტრანსპორტის საკითხებს კურირებენ. მათთან საუბრისას ჩვენ კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები გაიხსნას ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის“, – განაცხადა თურნავამ.

ესტონეთმა უკვე გამოაქვეყნა კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა, თუ იგი ესტონეთთან სატრანსპორტო და ტურისტული კონტაქტების აღდგენას გეგმავს. ესტონეთში ტურისტი ორკვირიანი კარანტინისგან თავისუფლდება, თუ იგი იმ ქვეყნიდან ჩავა, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათას ადამიანზე 15–ს არ გადააჭარბებს.

საქართველომ 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეაჩერა. კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის წყალობით, ხელისუფლებამ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის განახლება, 1 ივლისიდან კი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში აღდგენილი იქნება სახმელეთო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლა. 

წინასწარი ინფორმაციით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. ბალტიის ქვეყნებთან ერთად, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან.

ამ დროისთვის 20–ზე მეტმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების განახლების სურვილი გამოთქვა.

საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლის 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

89
თემები:
COVID-19 საქართველოში