ფულის მოხსნა ბანკომატიდან

რა დოკუმენტები გვჭირდება და როგორ დავრეგისტრირდეთ 300-ლარიანი დახმარების მისაღებად

1627
(განახლებულია 20:27 15.05.2020)
დღეიდან 300-ლარიანი დახმარების მისაღებად კორონავირუსის პანდემიის შედეგად  დაზარალებულ თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია დაიწყო.

თუ თქვენ თვითდასაქმებული ხართ, მაშინ მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ ნამდვილად მუშაობდით 2020 წლის პირველ კვარტალში და COVID-19-ის პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეთ.

თუ რა გზები არსებობს ამის დასამტკიცებლად, რა დოკუმენტები დაგჭირდებათ და როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, ვეცდებით ამ სტატიით ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, თვითდასაქმებულები სახელმწიფოსგან 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას კონკრეტული საბუთის წარდგენის შემდეგ მიიღებენ.

300-ლარიანი დახმარების მისაღებად ონლაინ რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 6 კვირის განმავლობაში, ანუ 1 ივლისამდე გაგრძელდება. თუ ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა არ გაქვთ,  მიმართეთ დასაქმების სააგენტოს ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებს (იხ. მისამართები - ssa.gov.ge) და წარმომადგენლები ადგილზე დაგეხმარებიან რეგისტრაციაში. ან დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.

პირველ რიგში განვსაზღვროთ, ვინ არიან თვითდასაქმებულები

თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა.

თვითდასაქმებული პირები ორ კატეგორიად იყოფიან:

· ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში (დაახლოებით 150 ათასი ადამიანი)

 · ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში (მათი რაოდენობა უცნობია).

1. ყველაფერი, რაც რეგისტრირებულმა თვითდასაქმებულმა უნდა იცოდეს:

თუ პირველი კატეგორიის თვითდასაქმებულთა რიცხვს მიეკუთვნებით (რეგისტრირებული ხართ შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეთ შემოსავალი), მაშინ ყველაფერი მარტივადაა და არ დაგჭირდებათ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, რადგან თავად შემოსავლების სამსახური მოახდენს თქვენ იდენტიფიცირებას. ამ შემთხვევაში მხოლოდ განაცხადი უნდა შეავსოთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე - www.moh.gov.ge .

კერძოდ, შემოსავლების სამსახური იდენტიფიცირებას გაუკეთებს:

-მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს (თუ 2020 წლის პირველ კვარტალში წარმოდგენილი გაქვთ საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან გიფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით)

-მეწარმე ფიზიკურ პირებს (მაგალითად, დასაქმებული ხართ ბაზრობებზე და წარმოდგენილი გაქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან გიფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით, ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი დადასტურებული იქნება ბაზრობის ორგანიზატორის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციით)

-პირებს, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას (მაგალითად, დასაქმებული ხართ თონეში, სილამაზის სალონში, ავტოტექმომსახურების ობიექტში და ა.შ. და 2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული საქმიანობა დაგიდასტურდებათ შემოსავლების სამსახურში დარიცხული და გადახდილი ფიქსირებული გადასახადით)

-მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს (ამ კატეგორიაში განიხილებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან)

-ინდივიდუალურ მეწარმეებს (თუ 2020 წლის 1 აპრილამდე წარმოდგენილი გაქვთ 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, ან 2020 წლის პირველ კვარტალში გიფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით)

გაითვალისწინეთ, თუ ამ კატეგორიის თვითდასაქმებულების რიცხვში შედიხართ, თქვენ იდენტიფიცირებას შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს 2020 წლის 20 მაისამდე და აკეთებს საკომპენსაციო პირების სიას. ამ სიაში ვერ მოხვდებით, თუ თქვენზე 2020 წლის განმავლობაში ფიქსირდება ხელფასის გაცემა, ან ასევე ფიქსირდებით დაქირავებით დასაქმებულთა კომპენსაციის სიებშიც (ვინც დაკარგა ხელფასი).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპენსაციის მისაღებად უნდა შეავსოთ ელექტრონული განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე - www.moh.gov.ge: 1. სახელი, გვარი და პირადი ნომერი; 2. საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი); 3. საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი). 

ბანკის ანგარიშის ველის შევსების შემდეგ გამოდის ერთ-ერთი შეტყობინება:

· თქვენ ხართ დასაქმებული და ვერ მოხვდით კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში.

· თქვენ მიიღებთ უმუშევრობის კომპენსაციას რეგისტრაციის გარეშე

თუ თქვენ ირიცხებით ერთჯერადი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში, ავტომატურად შეივსება ველი: „ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შემოსავლების სამსახურში“

და გამოვა შეტყობინება: „წარმატებით მოხდა თქვენი მონაცემების გადამოწმება“. ამის შემდეგ უნდა შეავსოთ შემდეგი ველები: 1. ფაქტობრივი მუნიციპალიტეტი (ჩამოიშლება მუნიციპალიტეტის დასახელებები და აირჩიეთ ის მუნიციპალიტეტი, სადაც ცხოვრობთ) 2. ფაქტობრივი მისამართი.

ამის შემდეგ უნდა დააჭიროთ ღილაკს „დასრულება“.

ელექტრონული განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო განაცხადში არსებულ თქვენს პირად ნომერს ადარებს შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციას და საკომპენსაციო თანხას ჩაგირიცხავთ თქვენ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პირადი ნომერი არ არის საკომპენსაციო პირთა სიაში, სააგენტო გაცნობებთ ამის შესახებ.  

2. ყველაფერი, რაც არარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულმა უნდა იცოდეს

შედარებით რთულადაა საქმე, თუ მეორე კატეგორიის თვითდასაქმებულს მიეკუთვნებით, ანუ რეგისტრირებული არ ხართ შემოსავლების სამსახურში. ამ შემთხვევაში კომპენსაციის მისაღებად აუცილებელად უნდა დაადასტუროთ, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდით რაიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობას, ან გქონდათ შემოსავალი.

თქვენ დღეიდან 6 კვირის განმავლობაში, ანუ 1 ივლისამდე უნდა შეავსოთ განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე - www.moh.gov.ge და წარადგინოთ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

ამ შემთხვევაში თქვენ შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა შეავსოთ:

· სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

· საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);

 · საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

· ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს შესახებ;

· 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი

რა შეიძლება იყოს შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი

-გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად, შესყიდვის აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი);

-2020 წლის პირველი სამი თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;

-მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია;

-საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი;

-სხვა

ამ შემთხვევაში სააგენტო იხილავს წარმოდგენილ ელექტრონულ განაცხადებს და არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს უწყებათშორის კომისიას. აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდებიან ის პირები, რომლებიც არიან შემოსავლების სამსახურიდან სააგენტოსთვის მიწოდებულ სხვა საკომპენსაციო სიებში.

კომისიის გადაწყვეტილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს კომპენსაციის თანხის ჩარიცხვას განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. თუ თქვენი განცხადება არ დაკმაყოფილდა, სააგენტო გადაწყვეტილების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მოგაწვდით ინფორმაციას კომპენსაციის გაცემაზე უარის შესახებ.

ვინ შეიძლება მოხვდეს არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში და რა დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს?

განვიხილოთ რამდენიმე შესაძლო ვარიანტი:

· თუ ხართ ბაზრობის დახლზე მოვაჭრე პირი, მაგრამ არ ხართ რეგისტრირებული მეწარმედ და თქვენ შესახებ ბაზრობის ორგანიზატორსაც არ აქვს ინფორმაცია წარდგენილი შემოსავლების სამსახურში, ამ შემთხვევაში ეკონომიკური აქტივობის/შემოსავლის წყაროს დასადასტურებლად უნდა წარადგინოთ ბაზრობის ორგანიზატორის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ვაჭრობდით მისი ბაზრობის ტერიტორიაზე და იხდიდით შესაბამის ქირას/იჯარას

 · თუ დასახლებული პუნქტიდან მუნიციპალიტეტის ცენტრში ან დასახლებულ პუნქტებს შორის გადაგყავდათ მგზავრები და არ წარმოადგენთ კომპანიის თანამშრომელს, უნდა წარადგინოთ დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან

· თუ დასახლებული პუნქტებიდან ბავშვები დაგყავდათ საჯარო სკოლაში და არ ხართ კომპანიის თანამშრომელი, უნდა წარადგინოთ დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან

· თუ ახორციელებდით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანას და არ წარმოადგენთ კომპანიის თანამშრომელს, უნდა წარადგინოთ ავტოსადგურის ორგანიზატორისგან შესაბამისი ცნობა და მომსახურების გაწევის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმეტი (საბანკო ტრანზაქცია ან სალარო აპარატის ჩეკი)

 · თუ დღიურად აქირავებდით კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს ბინების გაქირავების ელექტრონული პორტალების მეშვეობით (Airbnb.com, booking.com და სხვ.), უნდა წარადგინოთ საბანკო ამონაწერი, სადაც გამოჩნდება შესაბამისი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი

· თუ ამზადებდით, მაგალითად, სუვენირებს და აბარებდით სუვენირების მაღაზიას, ან რაიმე სოფლის მეურნეობის პროდუქტს აბარებდით საცხობს/რესტორანს, უნდა წარადგინოთ შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (შესყიდვის აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი)

 · თუ მუშაობთ ძიძად, ხელოსნად, დამლაგებლად ან სხვა მსგავსი ტიპის სამუშაოზე, კომპენსაციას მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ წარადგენთ გადასახადის გადამხდელად რეგისტირირებული სერვისის მიმწოდებელი/საშუამავლო კომპანიიდან ცნობას, ვისი მეშვეობითაც 2020 წლის 1 აპრილამდე მოხდა მისი დამსაქმებელთან დაკავშირება. ამ შემთხვევაში ვერაფრით დაგეხმარებიან კერძო პირები და ოჯახები.

· ხართ ნებისმიერი სხვა პირი და 2020 წლის პირველ კვარტალში გიფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა ან/და გქონდათ შემოსავალი და შეძლებთ ამ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას (მათ შორის საბანკო ამონაწერის მეშვეობით).

ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება გაუჩნდეს ლეგიტიმური აზრი, რომ, სახელმწიფოს მიმართ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, იურიდიული პირები მოერიდებიან არარეგისტრირებული დასაქმებულებისთვის ცნობების გაცემას. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განმარტა, თვითდასაქმებულების სოციალური დახმარება არავის დასასჯელად არ იქნება გამოყენებული.

„ეს პროცესი არ არის ორიენტირებული იმ დამსაქმებლის დასჯაზე და იდენტიფიცირებაზე, რომლებიც ამ ცნობებს გასცემენ. ეს პროცესი ორიენტირებულია იმ დასაქმებულების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც ხელფასს იღებდნენ. დამსაქმებელმა უნდა აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა. მთავრობის მხრიდან იქნება მაქსიმალურად ლოიალური დამოკიდებულება დამსაქმებლის მიმართ“, - განმარტა ჯანდაცვის მინიტრის მოადგილემ.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში თვითდასაქმებულების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 75 მილიონი ლარია გამოყოფილი.

1627
დაკეტილი მაღაზიები აბანოთუბანში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/29 მაისი

78676
23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების და აკრძალვების ნაწილი ძალაში დატოვა. ეს შესაძლებელი გახდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“. ახლა მთავრობას მიენიჭა უფლება შემოიღოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ.

ცვლილებები 15 ივლისამდე იმოქმედებს.

მოქმედი ძირითადი შეზღუდვების ჩამონათვალი:

  • რესტორნები, სასტუმროები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები ივნისის დასაწყისიდან ეტაპობრივად გაიხსნება;

  • რესტორნებს აქვთ მხოლოდ კერძების მიწოდების სერვისით მუშაობის უფლება, აგრეთვე ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიებს შეუძლიათ ონლაინ ვაჭრობა;
  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე
  • აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;

მთავრობა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ტრანსპორტი

  • აკრძალულია საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა;
  • აკრძალულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები, ჩარტერულის გარდა, რომელიც ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით;
  • აკრძალულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა;
  • აკრძალულია საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
  • აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება.

საზოგადოებრივი ცხოვრება

  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • დასაშვებია უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად, მაგრამ რეკომენდაციების შესაბამისად;
  • კულტურული ღონისძიებები მხოლოდ დისტანციური ფორმით ჩატარდება;
  • აკრძალულია მასობრივი სპორტული ღონისძიებების, შეკრებების და შეჯიბრებების ჩატარება;

ეკონომიკური საქმიანობა

  • აკრძალულია რესტორნებში, ბარებში, კაფეებსა და სასადილოებში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
  • აკრძალულია ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიების მუშაობა;
  • აკრძალულია სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების მუშაობა, აგრარული ბაზრობების გარდა;
  • აკრძალულია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება და გამართვა;
  • აკრძალულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა;
  • აკრძალულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და პროცედურები.

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 738 ადამიანს შეადგენს, აქედან 573 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით აუცილებელია სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა შიდა გადაცემას უკავშირდება.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3076, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 250 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
78676
თემები:
COVID-19 საქართველოში
ჯარიმა პარკირების წესების დარღვევისთვის

საჯარიმო ქვითრის ჩაბარების პროცედურა იცვლება

96
მოქმედი კანონმდებლობით, გზავნილის განმახორციელებელი ვალდებულია, პირის რეგისტრაციის მისამართზე მიიტანოს გზავნილი და ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობითი უკუგზავნილი შეადგინოს.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. პირებს, რომლებიც საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას მის მიღებაზე უარს ორჯერ განაცხადებენ, ქვითრის ჩაბარება მაინც ჩაეთვლებათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, მათი ინიციატორები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა არიან.

ინიციატორების განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზეზი არსებული პრაქტიკაა, რომელიც ცხადყოფს, რომ ჯარიმების აღსრულების მოქმედი მექანიზმი ეფექტური არ არის. კერძოდ, პრობლემურია პირისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარების პროცედურა.

„სამართალდამრღვევი მიმართავს სხვადასხვა ხერხს, რათა ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით ექვს თვეს შეადგენს, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. არსებული მონაცემებით, კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გაცემული ჯარიმების რაოდენობის მხოლოდ დაახლოებით 50 პროცენტის აღსრულება ხდება. შესაბამისად, აღნიშნული ნათლად წარმოაჩენს აღწერილი აღსრულების მექანიზმის არაეფექტურობას“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მის მიღებაზე უარს იტყვიან სამართალდამრღვევი პირის ოჯახის წევრები. ესენი კი არიან – მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, ბიძა, დეიდა, ბიცოლა, მამიდა და მასთან მუდმივად მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.

მოქმედი კანონმდებლობით, გზავნილის განმახორციელებელი ვალდებულია, პირის რეგისტრაციის მისამართზე მიიტანოს გზავნილი და ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობითი უკუგზავნილი შეადგინოს.

96
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში