Georgian Airways

ახალი სპეცრეისები: საგარეო უწყება თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესს აგრძელებს

102
(განახლებულია 17:20 13.05.2020)
მსოფლიოში COVID-19-ის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, ქვეყნის მოქალაქეებს აქტიურად ეხმარება.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 10 780 თანამემამულე დაბრუნდა, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. 

რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საელჩოებმა დახმარება 20 218 თანამემამულეს აღმოუჩინეს. 

 

მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში. 

უწყების ცნობით, 15 მაისს ამსტერდამიდან განხორციელდება ჩარტერული რეისი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნებას ის თანამემამულეებიც შეძლებენ, რომლებიც ამ პერიოდში აშშ-ში იმყოფებოდნენ – სტუდენტები, სამხედროები, ტურისტები და ასაკოვანი ადამიანები. უახლოეს დღეებში დაგეგმილი სპეცრეისების განრიგი ასეთია: 18 მაისი - ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი - ათენი-თბილისი; 22 მაისი - რომი-თბილისი.

ფრენებს ახორციელებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways. ბილეთის ფასია 199 ევრო.

თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უცხოეთში კორონავირუსის დიაგნოზით 13 თანამემამულე გარდაიცვალა, 45 კი მკურნალობის კურსს გადის.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები ჩაკეტა და ყველა მიმართულებით ავიაფრენები გააუქმა. ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

102
თემები:
COVID-19 საქართველოში (1369)
მაია ასათიანი

ასეთი მაია ასათიანი ჯერ არ გინახავთ - ჟურნალისტის შეუდარებელი გარდასახვა

271
(განახლებულია 14:38 31.07.2020)
თოქ-შოუ „პროფილის“ ავტორი და წამყვანი ახალი გადაცმის ჩაწერისთვის ემზადება. მაია ახალი იმიჯით აღფრთოვანებას იწვევს. ნახეთ მისი ახალი ვარცხნილობა და გამომწვევი კაბა

მისი სოციალური ქსელის ფოტო-ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. რამდენიმე თვის წინ, გადაცემაში დედაც ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ჟურნალისტის ცხოვრების ბევრი ფაქტი გაიხსენა. მაიამ კი, თავის მხრივ, დედას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოში პანდემიის შემსუბუქებით  გადაცემების დაგეგმვა დაიწყო. მაია ასათიანმა უახლესი სურათი სტუდიიდან გამოაქვეყნა. შეუდარებელ ფორმაში გამოწყობილი ის ახალი გადაცემის სტუმრებს ელოდებოდა, მანამდე კი, საკუთარი „ლუქი“ „ფოლოვერებს“ გაუზიარა. ნახეთ როგორ გამოიყურება 43 წლის ტელესახე.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს. თუმცა ბოლო პერიოდის მანძილზე სოციალურ ქსელში გააქტიურდა და თაყვანისმცემლებს ყოველდღიურ რუტინას სულ უფრო და უფრო ხშირად უზიარებს.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მაია ასათიანს სოციალურ ქსელში დიდი ხნის მანძილზე აბულინგებდნენ. ამის შესახებ ტელესახემ საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა, თუმცა – უშედეგოდ. მისი მისამართით უმიზეზო ჩაგვრა-დამცირება არ წყდებოდა. მის სატელევიზიო იმიჯს უამრავი ადამიანი განიხილავდა, ხოლო მაიას მიერ დასმული კითხვებით სარკასტულ მიმებს აკეთებდნენ და ვირტუალურ სივრცეში გაბოროტებული კომენტარები არ წყდებოდა. ამის შესახებ, ჟურნალისტმა არა ერთი განცხადება გაავრცელა, თუმცა უშედეგოდ. ამ ბოლო პერიოდის მანძილზე მან საკუთარი გვერდის კონტენტი შეცვალა და გულშემატკივრები სხვა ინტერესებით გააერთიანა.

271
თემები:
სელებრითების ცხოვრება
მესტია

მესტიაში შეზღუდვები ამოქმედდა

49
(განახლებულია 16:02 10.08.2020)
საქართველოს მთავრობამ სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გარკვეული შეზღუდვები შემოიღო.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მესტიაში გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახმეტაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ.

დღეს კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. კერძოდ, საუბარია სოფელ ლენჯერზე. აქ ყურადსაღებია ერთი ოჯახი, რომელსაც სტუმრები ჰყავდა. ამ 17 ადამიანიდან შვიდი მესტიის მცხოვრებია.

„სამწუხაროდ, გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება. გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება. იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები იმისთვის, რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, ყველას მივხედავთ, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე. არაფერია საპანიკო, ჩვენ ვმართავთ ამ პროცესს. არ არსებობს რისკები, რომ რაიმე ემოციების საფუძველი იყოს. წყნარად, მშვიდად, მესტიაში იქნება სპეციალური ღონისძიებები, გადაადგილების ნაწილობრივი შეზღუდვაც იქნება“, - განაცხდა გიორგი გახარიამ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეზღუდვები წესდება მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში.

კერძოდ, შეზღუდვები გულისხმობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედ რეგულაციებს, მათ შორის - საკარანტინო შეზღუდვებს. 

  • უშგულსა და ლენჯერში იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე - მესტიის მუნიციპალიტეტიდანაც.
  • ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის.
  • დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში იფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, საბანკო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები.
  • თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.
  • მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს.
  • გარდა ამისა, შესაბამისი უწყებები ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს.

უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რეგულაციები მხოლოდ სვანეთში ამოქმედდება.

„ამ მომენტისთვის რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, გადაუდებელი დახმარების სამსახური და ეპიდემიური სამსახური მობილიზებულია სრულად, ადგილზე იმყოფება ხუთი ბრიგადა, რომლებიც დეტალურ კვლევებს აწარმოებენ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 1250. ამასთან, ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა 10 ადამიანი. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარდაიცვალა – 17.

კარანტინში მოთავსებულია 6 930 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 263.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია ქვეყნის 41 მოქალაქე.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

49
თემები:
COVID-19 საქართველოში (1369)