საქართველოს მთავრობის სხდომა

„ოცნების“ მაშველი რგოლი და ეკონომიკური კრიზისის საწინააღმდეგო „ვაქცინა“...

1079
(განახლებულია 14:49 28.04.2020)
გადავავლოთ თვალი: ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა, რა დაუჯდება ქვეყანას მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა და ეკონომიკაზე ზრუნვა, რა თანმიმდევრობით და, რაც მთავარია, როდიდან გაუქმდება ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვები?

სამსონ ხონელი

მომიტევოს მკითხველმა, ვერ ავუსრულებ, რასაც დავპირდი... რამდენიმე დღის წინ ვწერდი, რომ მომდევნო სტატიაში ექსპერტ-ანალიტიკოსებთან ერთად საბაკო რეგულაციებში შეტანილ ცვლილებებზე ვიმსჯელებდი. ახლა მომიწევს სიტყვა გავტეხო. ბოლო დღეებში მოვლენათა განვითარებამ შეცვალა ჩემი გეგმები, მკითხველის გონებაც სხვაგან ქრის. დარწმუნებული ვარ, ამჯერად არავინ ჩამეძიება - რატომ, რა მოხდა?

მოგეხსენებათ, გასული კვირის პარასკევი გამორჩეული გამოდგა. ხელისუფლებამ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მართვის მისეული ხედვა წარმოადგინა. დოკუმენტს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გაგვაცნო, გარკვევით ეწერა − "ანტიკრიზისული გეგმა". რა გასაკვირია, რომ წინადადებათა ამ პაკეტს ბევრმა ჩემმა კოლეგამ, პოლიტიკოსმა თუ ექსპერტ-ანალიტიკოსმაც ანტიკრიზისული გეგმა უწოდა. თუმცა, გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობამ საზოგადოებას ამ ეტაპზე უშუალოდ კრიზისული მენეჯმენტის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების ნუსხა წარუდგინა. ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბარი კი შესაძლებელი იქნება, როცა უხილავი მტერი საგრძნობლად უკან დაიხევს და ეკონომიკური ზარალიც მეტ-ნაკლებად მაქსიმალური სიზუსტით დაითვლება.

მოკლედ, დოკუმენტმა ორი სათაური მოირგო და, არ გამიკვირდება, მკითხველი სახელდების ავტორებს ჩაეძიოს - ეს ორი სათაური რა საჭიროა?! დარწმუნებული ვარ, დოკუმენტის სათაურების რაოდენობაზე მეტად მკითხველს მისი შინაარსი აინტერესებს. მოდით, თვალი გადავავლოთ: ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა, რა დაუჯდება ქვეყანას მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა და ეკონომიკაზე ზრუნვა, რა თანმიმდევრობით და, რაც მთავარია, როდიდან გაუქმდება ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვები? 

თანმიმდევრულად მივყვეთ. სამოქმედო გეგმა ორი ნაწილისგან შედგება. კრიზისის მართვის პროგრამული დოკუმენტის პირველი ნაწილი 13 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და უკვე წარსულია. გიორგი გახარიამ პირველ ეტაპზე მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა. თუმცა დეტალური აღწერა საჭირო არ არის, მკითხელს კარგად მოეხსენება. მხოლოდ ჩამოვთვლი: მოქალაქეთა და მეწარმეების გადაუდებელი დახმარების ფარგლებში მოქალაქეებს სამი თვის კომუნალური გადასახადები დაუფინანსდათ; სახელმწიფომ ცხრა ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასები დააზღვია; მოქალაქეებს სესხების გადახდის სამი თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ. ეკონომიკაზე ზრუნვის ფარგლებში − ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნეს-სუბიექტებს ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე გადაუვადდათ; სახელმწიფო მცირე სასტუმროებს საბანკო სესხის ექვსი თვის საპროცენტო განაკვეთის ხარჯის 80 პროცენტს უხდის; ავტოიმპორტიორებს ავტომობილების განბაჟების ვადა მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე გადაუვადდათ; იურიდიულ პირებს მიეცათ სესხის რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა; ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სახელმწიფომ დააზღვია სამშენებლო მასალების ფასების ზრდა. სულ სამოქმედო გეგმის პირველი ნაწილით დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა 515 მილიონ ლარს შეადგენს.

მკითხველს ის უფრო აინტერესებს, რა იქნება აწი, ანუ რას ითვალისწინებს გეგმის მეორე ნაწილი. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, შექმნილი ვითარების გამო მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 4 პროცენტით შემცირდება, საბიუჯეტო შემოსავლები კი 1.8 მილიარდი ლარით მოიკლებს. მისი თქმით, ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ჯამში 3 მილიარდი დოლარი გამოყვეს. გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისული მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ფინანსური პარამეტრები საერთაშორისო დონორებთან შეთანხმებულია...

მოქალაქეთა მიზნობრივი სოციალური დახმარება:

- დაქირავებით დასაქმებული მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, დახმარების სახით ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ 200 ლარს. ეს კი ჯამურად 1200 ლარია. დახმარებას დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე მიიღებს და დაიხარჯება 460 მილიონი ლარი;

- ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს: 750 ლარის ოდენობის ხელფასი ნახევარი წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან სრულიად გათავისუფლდება. 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში დამსაქმებელი 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, რაც ამ მოცულობის თანხაზე 150 ლარს შეადგენს. ამ მიზნით ბიუჯეტიდან 250 მილიონი ლარი დაიხარჯება;

- არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები და თვითდასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში 300 ლარის ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. საამისოდ ბიუჯეტში 75 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პრემიერ-მინისტრისა და სახელისუფლებო გუნდის სხვა წარმომადგენელთა განმარტებით, შემოსავლების დაკარგვის დასაბუთების პროცედურა მაქსიმალურად გამარტივებული იქნება;

- ექვსი თვის განმავლობაში ჯამურად 600 ლარის, თვეში კი 100 ლარის დახმარებას მიიღებს:

1. ოჯახი, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან 100 ათასამდეა. ისარგებლებს დაახლოებით 190 ათასი მოქალაქე. დაიხარჯება 45 მილიონი ლარი;

2. ოჯახი, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასამდეა, ჰყავს სამი და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი. ისარგებლებს დაახლოებით 130 ათასი მოქალაქე, სულ დაიხარჯება 13 მილიონი ლარი;

3. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ისარგებლებს დაახლოებით 40 ათასი მოქალაქე, დაიხარჯება 25 მილიონი ლარი;

- 2021 წლიდან ამოქმედდება პენსიების ინდექსაციის წესი. კერძოდ:

1. ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა. შესაბამისად, ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე;

2. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციის მაჩვენებელს დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტი, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი;

3. ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის პარამეტრების მიუხედავად პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები. გარდა ამისა, ძალაში დარჩა გადაწყვეტილება 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის მიმდინარე წლის 1 ივლისიდან პენსიის 30 ლარით გაზრდის თაობაზე.  

კრიზისის მართვის სამთავრობო გეგმაში აღნიშნულია, რომ ეპიდემიის დასრულების შემდეგ სოციალური დახმარებების სისტემა გადაიხედება. იგულისხმება როგორც ქულების მინიჭება, ისე ფინანსური დახმარების ოდენობა. პრემიერ გახარიას განმარტებით, გადახედვა სხვადასხვა ჯგუფებისთვის ფინანსური დახმარებების ოდენობის ზრდას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ეპიდემიით გამოევეული ეკონომიკური შოკის მასშტაბებზე.

კერძო სექტორის დახმარება:

- წელს ამოქმედდება დამატებითი ღირებულების გადასახადის ავტომატური დაბრუნების მექანიზმი. გაორმაგდება დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნება, რისი მეშვეობითაც წელს ბიზნესი დამატებით 600 მილიონ ლარს მიიღებს;

- კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი;

- ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით 500 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამ თანხიდან კი 300 მილიონი ლარი გათვალისწინებულია საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე.

მთავრობის განმარტებით, გარანტიით გაიცემა 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელი. გარანტია ახალ სესხზე 90 პროცენტი იქნება, რესტურქტურიზაციაზე კი – 30 პროცენტი.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსების პირობებით იგეგმება:

- სესხის/ლიზინგის თანადაფინანსების პერიოდის 24-დან 36 თვემდე გაზრდა;

- საკრედიტო განაკვეთების თანადაფინანსების მექანიზმების ცვლილება;

- საქმიანობის სახეობების ზრდა;

- სესხის/ლიზინგის მინიმალური ზღვარის დაწევა;

- საბრუნავი საშუალებების დაფინანსების ზრდა.

სოფლის მეურნეობის დახმარება:

- სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიკროსაგრანტო პროგრამა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, გაგრძელდება და ერთ ბენეფიციარზე გაცემული გრანტის ოდენობის ზღვარი 30 ათას ლარამდე აიწევს;

- ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების აგროკრედიტის მოცულობა ჯამში 50 მილიონ ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული პროგრამით 5 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს;

- ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ჩამოეწერებათ სამელიორაციო სისტემის 2020 წლამდე არსებული ყველა დავალიანება. ისინი ასევე გათავისუფლდებიან 2020 წლის გადასახადისგან;

- სამი წლის განმავლობაში 1.2 მილიონ ჰექტრამდე მიწა სისტემურად დარეგისტრირდება.

სამოქმედო გეგმის პრაქტიკული რეალიზაცია სახელმწიფოს 3.5 მილიარდი ლარი დაუჯდება. ასეთია კრიზისული მენეჯმენტის სამთავრობო გეგმის ძირითადი პარამეტრები. მკითხველს შეუძლია დოკუმენტს დეტალურად გაეცნოს ვებ-გვერდზე: www.stopcov.ge

მმართველი პოლიტიკური გუნდის ლიდერების შეფასებით, მთავრობამ წარმოადგინა დივერსიფიცირებული პაკეტი, რომელიც სახელმწიფოს კრიზისულ ვითარებაში შესაძლებლობას აძლევს, მეტ-ნაკლებად ღირსეულად გაუმკლავდეს პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შოკებს, შეამციროს COVID-19-ის უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე და დააზღვიოს მოქალაქეთა სოციალური რისკები. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებისგან მოზიდულ თანხებს, მათი თქმით, სოლიდური დახმარება, რომელიც უკვე მიიღო ქვეყანამ, ხელისუფლების სწორი საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

რა თქმა უნდა, არ დააყოვნა ოპოზიციის შეფასებებმაც, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს. გასაკვირი ის იქნებოდა, ასე რომ არ ყოფილიყო. მმართველი გუნდის ოპონენტები სამთავრობო გეგმას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ წარმოდგენილი პაკეტი ქვეყნისა და მოქალაქეთა ეკონომიკურ საჭიროებებს ვერ პასუხობს. მათი შეფასებით, მთავრობის ხედვას არაფერი აქვს საერთო ანტიკრიზისულ გეგმასთან, ეს არის სოციალური პაკეტი, რომელიც ძალიან უსუსურად გამოიყურება. ოპოზიციის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბუნდოვანია, თუ საიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის რომელი კომპონენტების შემცირების ხარჯზე აპირებს მთავრობა თანხების მობილიზებას. მთავრობის მიერ მოყვანილი ციფრები კი რთულ ვითარებაზე მიანიშნებს და მთავრობა იძულებულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილს შეაგუოს. როგორც ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, საერთო დოკუმენტზე ხელისუფლება ოპოზიციასთან ერთად უნდა შეჯერებულიყო, რადგან სამთავრობო გეგმას აშკარად ეტყობა მომავალი საპარლამენტო არჩევნების გავლენა. მთავრობა, ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკური პროცესების გაჯანსაღებასა და მეწარმეობის სტიმულირებაზე ზრუნავდეს, ორიენტირებულია, მოქალაქეებს პირდაპირი ფინანსური დახმარება გაუწიოს. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს, საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა მოქალაქეებს უკან დაუბრუნოს. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მეოცნებე ოპონენტები ცდილობენ, მთავრობას გადაადგმევინონ ნაბიჯი, რომელიც მალევე გახდება საპენსიო რეფორმის დისკრედიტაციის საფუძველი. შეფასებებში რადიკალიზმით გამოირჩევიან პოლიტიკურ პანელზე რამდენიმე ნაწილად წარმოდგენილი ყოფილი სახელისუფლებო ელიტის წევრები. კაცმა რომ თქვას, არც გაემტყუნებათ, მათ ხომ კრიზისული მენეჯმენტის მდიდარი გამოცდილება აქვთ. გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტო.

აზრი გაიყო ანალიტიკურ წრეებშიც, თუმცა უმრავლესობა სამთავრობო ხედვას პოზიტიურად აფასებს, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი გეგმა შთამბეჭდავია, თანაც ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ეკონომიკური განვითარების დონე დაბალია, ამიტომ სრულფასოვანი სოციალური დახმარების მიცემა უბრალოდ შეუძლებელია. ანალიტიკოსთა მცირე ნაწილი კი კრიტიკულად არის განწყობილი, მიანიშნებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის ანტიკრიზისული გეგმა, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს. ეს სოციალური დახმარების პაკეტია და, სამწუხაროდ, სამთავრობო პროგრამაში არაფერია ნათქვამი ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე. აქვე უნდა ითქვას, რომ მრავალ შეფასებათა შორის ჩემი ყურადღება ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძის სიტყვებმა მიიქცია: „რამდენიც არ უნდა ვიდავოთ იმაზე, რომ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია არჩევნებზე იყო მორგებული, ფაქტია, რომ გიორგი გახარია დღეს „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლია“. სხვისი არ ვიცი, მე კი მგონია, რომ აქ არის ჭეშმარიტების მარცვალი...

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის გეგმაც წარმოადგინა და, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დაწესებული შეზღუდვების გაუქმება ორშაბათიდან დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდება. ეტაპებს შორის შუალედი ორი კვირა იქნება.

I ეტაპი, 27 აპრილი − 10 მაისი. შესაბამისი წესების დაცვით ნებადართული იქნება: მსუბუქი ავოტმობილებით შიდა გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; როგორც საბითუმო, ისე საცალო ონლაინ ვაჭრობა; მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირება. ამასთან, ორი დღის განმავლობაში 27 და 28 აპრილს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ჩაკეტილ ქალაქებს შორის გადაადგილდნენ და დაუბრუნდნენ საკუთარი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებს.

II ეტაპი, 11 მაისი − 24 მაისი. დასაშვები იქნება: მშენებლობა; სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; ავტოსამრეცხაოებისა და სერვისების ფუნქციონირება; კომპიუტერების, პირადი, საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტი;

III ეტაპი, 25 მაისი − 7 ივნისი. ფუნქციონირებას გააგრძელებს: საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ქუჩიდან (გარდა მოლებისა); ყველა ტიპის ღია ბაზარი; ყველა ტიპის წარმოება; საგამომცემლო საქმიანობა.

IV ეტაპი, 8 ივნისი − 21 ივნისი. მუშაობას დაიწყებს: სავაჭრო მოლები; ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით; სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები. განახლდება ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება;

V ეტაპი, 22 ივნისი − 5 ივლისი. გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ასევე ყველა ტიპის რესტორანი და კვების ობიექტი.

VI ეტაპი, 6 ივლისი − 20 ივლისი. განახლდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი, გასართობი, შემოქმედებითი საქმიანობა; აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი; სასტუმროების; საგანმანათლებლო დაწესებულებების; ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

არ არის გამორიცხული, წარმოდგენილ გრაფიკში შევიდეს ცვლილებები. გათვალისწინებული იქნება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ასე რომ, ყველამ მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები. აქ დავსვამ წერტილს. უახლოეს დღეებში კი საბანკო რეგულაციებში შეტანილი ცვლილებების საკითხს დავუბრუნდები.

1079
გზის გაწმენდა

ნაქერალას უღელტეხილზე უამინდობის გამო შეზღუდვა დაწესდა

70
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

შეზღუდვა ინტენსიური თოვის გამო დაწესდა.

ნაქერალას უღელტეხილზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

70
უნივერსიტეტის შესასვლელი

სტუდენტების დაბრუნება აუდიტორიებში ეპიდსიტუაციას არ გააუარესებს - განათლების სამინისტრო

81
(განახლებულია 23:52 28.02.2021)
15 მარტიდან დასწრებული სისტემის აღდგენის მეორე ეტაპია დაგეგმილი, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ლექციების დასწრებას გულისხმობს

თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები 1 მარტიდან ორ ეტაპად სრულად დაუბრუნდებიან სწავლის დასწრებულ ფორმატს, განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.

მინისტრის მოადგილემ გამოთქვა იმედი, რომ უმაღლესებში ისევე დაიცავენ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას, როგორც სკოლებში და უმაღლესი განათლების სფეროში რისკები მინიმალური იქნება.

„პირველი მარტიდან საგანმანათლებლო სივრცეში დაბრუნების შესაძლებლობა გვეძლევა. უნივერსიტეტებს ეძლევათ თავისუფალი არჩევანის საშუალება, პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური კომპონენტი ჩაატარონ აუდიტორიებსა და შესაბამის სივრცეებში. ამასთან ერთად, გამოცდები შეძლებისდაგვარად ჩატარდეს საუნივერსიტეტო სივრცეში“, - განაცხადა მიცკევიჩმა.

მისი თქმით, 15 მარტს დაგეგმილია მეორე ეტაპი, რომელიც ეხება თეორიულ კომპონენტს, სადაც ძირითადად იგულისხმება ლექციები. 

ორივე ეტაპზე უნივერსიტეტებისთვის არჩევანი ნებაყოფლობითი იქნება და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას ისინი სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად შეძლებენ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს წარმოადგინა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილების ეტაპობრივი გეგმა. 1 მარტიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში დაშვებულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება, ხოლო 15 მარტიდან სტუდენტები აუდიტორიებს დაუბრუნდებიან.

15 თებერვლიდან, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს მასშტაბით 1-12 კლასის მოსწავლეები თავიანთ მერხებს დაუბრუნდნენ. ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ. ბოლო კვირაში კორონავირუსის გამო და მშობლების თხოვნით დისტანციურ სწავლაზე 11 სკოლა და 109 კლასი გადავიდა.

 

81
აყვავებული რტო

ზოდიაქოს ხუთი რჩეული ნიშანი ვის გაუმართლებს ამ გაზაფხულზე

0
(განახლებულია 13:28 28.02.2021)
2021 წლის გაზაფხული ძალზე მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი იქნება. გაუმართლებს ზოდიაქოს ყველა ნიშანს, მაგრამ განსაკუთრებით ვერძებს, ტყუპებსა და კიდევ სამ ნიშანს

მარტი და აპრილი 2021 წლის ყველაზე ხელსაყრელი თვეებია იმის წყალობით, რომ 27 აპრილამდე არც ერთი პლანეტა არ იქნება რეტროგრადული. იდეალური დროა მოქმედებებისთვის. მთავარია, სამყაროსთვის მადლობის თქმა არ დაგავიწყდეთ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც დიდებისა და პოპულარობისთვის დაიბადნენ>>

ვერძი

ვერძები – ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ზედაპირზე ხართ, მოქმედებთ მაშინაც, როდესაც სხვები ფარ–ხმალს ყრიან. თქვენი გაასმაგებული ენერგია და ნებისყოფა საოცარ შედეგებს მოიტანს. ესაა არა მხოლოდ იღბლიანობის დრო, არამედ ტოტალური ცვლილებების დროც. მთავარია, განზე არ გადგეთ და იმოქმედოთ, ეადოთ, კომფორტის ზონიდან გახვიდეთ. ესაა შესანიშნავი პერიოდი ცხოვრების ყველა სფეროში – თქვენთვის ყველა კარი გახსნილია.

ტყუპი

ქარიზმისა და მომხიბვლელობის წყალობით ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ. მარტსა და აპრილში ნამდვილად იქნებით წარმატებული ადამიანები, რადგან ჩარჩოებში ვერავინ და ვერაფერი მოგაქცევთ. ირგვლივ ყველა იგრძნობს თქვენი ხასიათის ძალასა მეგობრულ დამოკიდებულებას. ყველაზე მეტი იღბალი სასიყვარულო სფეროში გელოდებათ. თუმცა, გამონაკლისი არც სამუშაო და ფინანსებია. მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ – ნებისმიერი ყინულის გალღობა სიკეთეს შეუძლია.

ლომი

გაზაფხულის იღბლიან ნიშანთა შორის თქვენც ხართ. ნამდვილი ტრიუმფი გელოდებათ. ეს პერიოდი ბედნიერებისა და იღბლის მომტანია. ექსპერტები აცხადებენ, რომ ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს შორის ყველაზე დიდი წარმატებები სწორედ ახლა გელოდებათ. რაც მთავარია, ამისთვის რამის მსხვერპლად გაღება არ დაგჭირდებათ. გელოდებათ საპასუხო სიყვარული, მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრა, კარიერული წინსვლა და სხვ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მიზნებს თავიანთი მომხიბვლელობით აღწევენ>>

ქალწული

მიწის სტიქიის წარმომადგენლებს შორის თქვენ ყველაზე იღბლიანი იქნებით ამ გაზაფხულზე. თქვენს ცხოვრებაში ახალი გზა იხსნება. დიდი ალბათობით, მიიღებთ საინტერესო წინადადებებს სამსახურთან დაკავშირებით. უარის თქმა ზოგიერთზე გაგიჭირდებათ, მაგრამ საჭიროა, რომ ობიექტურობა შეი8ნარჩუნოთ და სიფრთხილე გამოიჩინოთ. ძალზე ხელსაყრელი დროა ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად. ასტროლოგები გირჩევენ, დაფიქრებით გაანაწილოთ თქვენი ფინანსები. ზოგადად, კარგი თვეა შრომისმოყვარე ქალწულებისთვის, ხოლო ავანტიურა და რისკი კარგს არაფერს მოიტანს.

მერწყული

ამ გზაფხულზე ვარსკვლავები და პლანეტები არაჩვეულებრივი ინტუიციით დაგასაჩუქრებენ, რაც ყველაზე მწვავე პრობლემებისა და გაუგებრობების მოგვარებაში დაგეხმარებათ. მარტი და აპრილი დიდი გამარჯვებების თვეები იქნება როგორც სასიყვარულო, ისე ფინანსურ ასპარეზზე. შეძლებთ ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ახალი მოტივაციის შეძენას, ცნობიერების „გადატვირთვას“. უსიამოვნებები მალე გაივლის და თქვენს სულში კვალს არ დატოვებს. შესაძლოაშეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თვალს აგიხელენ ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე.

0