სამხედროები ბლოკპოსტზე

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 9 აპრილისთვის

61456
(განახლებულია 13:19 09.04.2020)
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 31 მარტიდან ამოქმედდა კარანტინის რეჟიმი, ასევე საკომენდანტო საათი.

რა უნდა ვიცოდეთ საყოველთაო კარანტინის რეჟიმის შესახებ:

  • კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე;
  • დაიკეტა მსხვილი ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ვანი. შესასვლელებში მოეწყო საკონტროლო-გამშვები პუნქტები, შესაძლებელია გადაადგილება პირადი ტრანსპორტით – საპასპორტო და სამედიცინო შემოწმების შემდეგ;
  • მუშაობას წყვეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, თბილისში გაჩერდა მეტრო;
  • დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება არაუმეტეს სამი ადამიანი, მათ შორის ორი – უკანა სავარძელზე;
  • იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს ორმეტრიანი სოციალური დისტანცია;
  • ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში;
  • სახლიდან გასვლა ნებადართულია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში.

ამასთან ერთად ამოქმედდა ჯარიმები: საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება. ხელისუფლება ცდილობს შეაკავოს კორონავირუსის გავრცელება და სოციალური იზოლაციის ხელშეწყობისათვის პერიოდულად ახალ-ახალ შეზღუდვებს აწესებს. სოციალურ ქსელებში აქტიურია მოძრაობა „დარჩი სახლში“.

ქვეყანაში, გარდა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, გაუქმებულია საქალაქთაშორისო ავტობუსებით და რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა, ასევე შიდა ავიარეისები.

მანამდე მკაცრი კარანტინის რეჟიმი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაწესდა.

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 211 ადამიანს შეადგენს, აქედან 50 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ დაავადებულთა რიცხვი გაიზრდება. ახლა მთავარი ამოცანაა – არ მოხდეს მასობრივი გავრცელება. ამისათვის საჭიროა სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააფრთხილა მოსახლეობა – მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა შეიძლება გეომეტრიული პროგრესიით მოხდეს – ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადაცემა დაიწყო.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა უკვე შიდა გადაცემას უკავშირდება.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4559, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 353 ადამიანია.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად გატარებულია შემდეგი ზომები (სია დღითი დღე ივსება):

სამუშაოს ორგანიზაცია

24 მარტიდან შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა, საქალაქთაშორისო ავტობუსებით მგზავრობა, ასევე შიდა ავიამიმოსვლა, ხოლო А პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილება მხოლოდ პირადი ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.

31 მარტიდან გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თბილისში მეტროც არ მუშაობს.

20 მარტიდან საქართველოში დროებით დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი. მუშაობენ აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, ზოომაღაზიები, საწყობები, ცხოველთა ბაზრები, სასუქის მაღაზიები, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, ასევე ბენზინგასამართი სადგურები. გარდა ამისა, მუშაობს საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები, სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი სხვა საწარმოები, სამაცივრე მეურნეობები, ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები და დისტრიბუტორები, ვეტერინარული კლინიკები, ვეტაფთიაქები, ცხოველთა ფერმები, ლაბორატორიები. 

თბილისში და სხვა ქალაქებში დროებით დაიკეტა აგრარული ბაზრები. ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

საქართველოში დროებით აიკრძალა ალკოჰოლური პროდუქციისა და ღვინის მაღაზიების მუშაობა.

აკრძალულია მიწოდების სერვისი სურსათის, საკვების და სამედიცინო საშუალებების გარდა. ონლაინ-მიწოდებისთვის ბიზნესმა გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს. 

კვების ობიექტებში – კაფეებსა და რესტორნებში მხოლოდ მიტანის სერვისი მუშაობს.

მოქალაქეებს მოუწოდებენ დროებით თავი შეიკავონ ლისის ტბისა და ბათუმის ბულვარის სტუმრობისგან – ერთდროულად ბევრი ადამიანის თავშეყრის გამო. ამავე მიზეზით დროებით დაიკეტა კუს ტბისკენ მიმავალი გზა.

დაკეტილია აბანოები, სპორტდარბაზები და ა.შ., გაუქმდა სამარშრუტო ტაქსების მუშაობა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო აიკრძალა ქელეხების, ქორწილების და სხვა მსგავსი ღონისძიებების გამართვა.

ყველა გეგმური ოპერაცია ოთხი თვით გადატანილია, გადაწყვეტილება არ ეხება გადაუდებელ ოპერაციებს. პრაქტიკულად მთელი მედპერსონალი COVID-19-თან საბრძოლველად არის მობილიზებული.

საქართველოში 31 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

მუშაობა შეაჩერა თითქმის ყველა იუსტიციის სახლმა, საზოგადოებრივმა ცენტრმა, საჯარო რეესტრის ცენტრმა და სანოტარო ბიურომ. მუშაობს მხოლოდ მათი მცირე ნაწილი. სადაც ეს შესაძლებელია, საჯარო სერვისების მიწოდება დისტანციურად ხორციელდება.

თბილისის მერიის რაიონული მომსახურების ცენტრებმა ასევე დროებით შეაჩერეს მუშაობა. 

პურის მწარმოებლებს მიეცათ რეკომენდაცია, პური მაღაზიებს მხოლოდ შეფუთული სახით მიაწოდონ. 

ქვეყანაში დაიკეტა ბაზრობები და ამ ბაზრობებზე არსებული სავაჭრო ობიექტები. დაკეტილია აგრარული ბაზრები, მათი გახსნის ნებართვის მისაღებად მათ ადმინისტრაციებს მკაცრი პირობების შესრულება მოუწევთ.

შექმნილია უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. 

სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა უმეტესი ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ასეთივე რეკომენდაციები გაიცა კერძო კომპანიებისთვისაც. 

მთავრობის გაფრთხილება: დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს კარანტინის პერიოდი, რომელიც ბიულეტენთან არის გათანაბრებული.

მოქალაქეები, რომლებიც თვითიზოლაციის პირობებს არღვევენ, კარანტინში პოლიციის გამოყენებით იძულებით გადაჰყავთ. პრეცედენტები ხშირია და დარღვევა დაჯარიმებას იწვევს.

კარანტინიდან გაქცეულები
კარანტინიდან გაქცეულები

ხელისუფლებამ გამოაცხადა ეკონომიკის სტიმულირების საგანგებო გეგმის შემუშავების შესახებ, რომელიც ტურისტული სექტორისთვის ზარალს შეამცირებს. მთავრობამ გააკეთა განცხადება ბიუჯეტიდან 2 მლრდ ლარის გამოყოფის შესახებ, რითიც მოსახლეობას და ბიზნესს დაეხმარება.

21 მარტიდან ყველა სამხედრო მოსამსახურე ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა.

საზღვარი და გადაადგილება

21 მარტიდან საქართველომ სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა. ფრენები სრულდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და მხოლოდ საქართველოს ავიახაზების მიერ. უცხოეთიდან ჩამოსული ყველა მოქალაქე სავალდებულო ორკვირიან კარანტინში თავსდება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ ახორციელებს უცხოეთიდან გარდაცვლილი თანამემამულეების ცხედრების გადმოსვენების პროცედურას. ჯანმოს ეს მოთხოვნა ყველა ქვეყანას ეხება.

18 მარტიდან საქართველომ ორი კვირით დაკეტა საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

რაც შეეხება სახმელეთო საზღვარს, 14 მარტიდან დაიკეტა საზღვარი სომხეთთან და აზერბაიჯანთან. 15 მარტიდან კი მუშაობა შეაჩერა „სარფის" საკონტროლო-გამშვებმა პუნქტმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე. 

საკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ მუშაობს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე – საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ.

16 მარტიდან ასევე დროებით შეწყვეტილია მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოსა და რუსეთს შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება საქართველოს და რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ და ასევე არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.

ტვირთების გადაზიდვა განხორციელდება 24-საათიან რეჟიმში ქვეყანაში არსებული ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, ხოლო ქვეყანაში დაბრუნების მსურველი მოქალაქეებისათვის იმოქმედებს გრაფიკი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, თითოეულ საზღვარზე, აზერბაიჯანის გარდა, თითო გამშვები პუნქტი იმუშავებს.

5 აპრილიდან 20 აპრილამდე საკონტროლო-გამშვები პუნქტები „წითელი ხიდი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „მტკვარი“ დაიხურება ფიზიკური პირებისთვის და მსუბუქი ავტომობილებისთვის. შეზღუდვა ეხება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც.

კულტურა და სპორტი

საქართველოს მთავრობამ სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი ვადაზე ადრე დახურა.

რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიების გაუქმების შესახებ.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადაიდო სპორტული, კულტურული და სხვა მასობრივი ღონისძიებები.

დაიკეტა ყველა თეატრი და მუზეუმი. 

მუშაობა შეწყვიტა დედაქალაქის ღამის კლუბებმა. 

დაიკეტა ყველა სპორტული დარბაზი და სპა-ცენტრი. 

შეწყდა საქართველოს ფეხბურთის, ხელბურთის, კალათბურთისა და რაგბის ჩემპიონატები.

გაურკვეველი ვადით გადაიდო ძიუდოში თბილისის გრან–პრის გამართვა.

14 მარტს საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩი გადაიდო.

ასევე გადაიდო 26 მარტს დაგეგმილი საქართველო–ბელარუსის საფეხბურთო მატჩი.

სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, საბავშვო ბაღები

ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო. 30 მარტიდან ქვეყანაში ამოქმედდა პროგრამა „ტელესკოლა“ – სხვადასხვა საგნებში გაკვეთილები ტელეეთერით გადაიცემა.

დაიკეტა საბავშვო ბაღები.

ფინანსები

საქართველოს ეროვნული ბანკი 14-დღიან კარანტინში მოათავსებს მიმოქცევიდან ბანკში შესულ ფულის ბანკნოტებს კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირების საფრთხის გამო. 

საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის წარმომადგენელთათვის ორი თვით აჩერებს ლიცენზიების გაცემას და რეგისტრაციას.

პენიტენციური სისტემა

პრობაციონერებს უფლება აქვთ, პრობაციის ბიუროში სავალდებულო რეგისტრაციისთვის 14 აპრილამდე არ გამოცხადდნენ.

კოლონიებსა და საპატიმროებში აიკრძალა პაემნები, სანაცვლოდ გაიზარდა სატელეფონო საუბრებზე ლიმიტი.

ციხეებში, რომლებშიც ახალი დაკავებულები გადაჰყავთ (ქალთა №5 ციხე, გლდანის №8 ციხე, ქუთაისის №2 ციხე), ბრალდებულთა სამედიცინო გამოკვლევა შენობის ფარგლებს გარეთ, სპეციალურ სამედიცინო პუნქტში მიმდინარეობს.

აიკრძალა პატიმრების გაყვანა სასამართლოებში, ყველა სასამართლო პროცესი ონლაინ-რეჟიმში ტარდება. პენიტენციური სისტემის მომსახურე 780 თანამშრომელი საპატიმროების ტერიტორიაზე არსებულ შენობებში იცხოვრებს.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კომენდანტის საათის და კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

61456
თემები:
COVID-19 საქართველოში (96)