აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მუშაობა განაახლა

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადის ფარგლებში შეჩერდა ზოგიერთი სააღსრულებო პროცედურა.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით აღსრულების ეროვნული ბიურო დღეიდან ფუნქციონირების სრულად ელექტრონულ მეთოდზე გადადის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ექიმი - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა

უწყების ინფორმაციით, მომსახურების პროცესი გამარტივებულად და დისტანციურად განხორციელდება. ხოლო საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის ფარგლებში ზოგიერთ მომსახურებაზე განსხვავებული რეგულაციები ამოქმედდება.

„აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქის პორტალით my.gov.ge ან ელექტრონული ფოსტით info@nbe.gov.ge მიიღებს/დაარეგისტრირებს და დაიწყებს წარმოებას ნებისმიერი ტიპის მომსახურებაზე, მათ შორის: სააღსრულებო წარმოება; გამარტივებული წარმოება; გადახდისუუნარობის საქმისწარმოება და სხვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცვლილებების მიხედვით, საქმისწარმოება დაიწყება სააღსრულებო ფურცლის დედნის გარეშე. მისი წარმოდგენა კრედიტორს საგანგებო მდგომარეობის გასვლიდან 10 სამუშაო დღის ფარგლებში ევალება. დოკუმენტაციის სიყალბის შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება წარმომდგენ პირს.

ამას გარდა, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უძრავი ქონების შეფასება და აღწერა-დაყადაღება მოხდება დისტანციური დათვალიერებით და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების გამოყენებით. 

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი საკომენდანტო საათის დროს თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: რამდენმა ადამიანმა დაარღვია წესები

უწყების ცნობით, საგანგებო მდგომარეობის ვადის ფარგლებში შეჩერდა ზოგიერთი სააღსრულებო პროცედურა, მათ შორის:

- ფაქტების კონსტატაციის მიზნით დაწყებული წარმოებები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევით გამოწვეული აუცილებლობისა;

- სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეების (გამოსახლება) იძულებითი წესით აღსრულება;

- იმ მოძრავი ქონების აღწერა-დაყადაღება, რომელიც განთავსებულია მოვალის საცხოვრებელ ფართში ან შესანახად ჩაბარდა მოვალეს ან სხვა პირს.

-  გამოსახლების კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადა და მისი ათვლა დაიწყება/გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე;

- აღსრულების ქვემდებარე აქტით გათვალისწინებული მოძრავი ნივთის მოვალისთვის ჩამორთმევა და კრედიტორისთვის გადაცემა;

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ერთი თვის ვადით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 5056 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0