ტესტი

ქუთაისში ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მხოლოდ შვილთან ჰქონდა კონტაქტი

26797
(განახლებულია 14:16 06.04.2020)
ექიმის ინფორმაციით, ქალი სახლიდან არ გასულა მას შემდეგ, რაც შეიტყო კორონავირუსის ინფექციის შესახებ და ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ შვილთან, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადაში მუშაობს.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სახლიდან არ გადიოდა და მხოლოდ შვილთან ჰქონდა კონტაქტი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მანამდე მსგავსი შემთხვევა მოხდა თბილისშიც.

პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე საათის წინ დაუდასტურდა, ქუთაისის ცხელების ცენტრიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე არ არის.

„პაციენტის მდგომარეობა, ერთი შეხედვით, არის საშუალო სიმძიმის, არის შესუსტებული სუნთქვა. აქვს გულის უკმარისობა და, რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობას ამძიმებს. გაუკეთდება ანალიზები, იქნება პასუხები და საჭირო მკურნალობა“, – განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა მარიამ ვარდანაშვილმა. 

ექიმის ინფორმაციით, ქალი სახლიდან არ გასულა მას შემდეგ, რაც შეიტყო კორონავირუსის ინფექციის შესახებ და ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ შვილთან, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადაში მუშაობს.

„სავარაუდოდ, ეს არის შიდა გადადების შემთხვევა. პასუხი დღეს დადასტურდა და შვილსაც, რა თქმა უნდა, გამოიკვლევენ. თუ მას არ დაუდასტურდა ვირუსი, გადადების წყარო იქნება გაურკვეველი“, – განაცხადა ვარდანაშვილმა.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი პაციენტია მოთავსებული.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 5056 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

 

26797
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
დაკეტილი კაფე მცხეთაში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/28 მაისი

78475
23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების და აკრძალვების ნაწილი ძალაში დატოვა. ეს შესაძლებელი გახდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“. ახლა მთავრობას მიენიჭა უფლება შემოიღოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ.

ცვლილებები 15 ივლისამდე იმოქმედებს.

მოქმედი ძირითადი შეზღუდვების ჩამონათვალი:

  • რესტორნები, სასტუმროები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები ივნისის დასაწყისიდან ეტაპობრივად გაიხსნება;

  • რესტორნებს აქვთ მხოლოდ კერძების მიწოდების სერვისით მუშაობის უფლება, აგრეთვე ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიებს შეუძლიათ ონლაინ ვაჭრობა;
  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე
  • აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;

მთავრობა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ტრანსპორტი

  • აკრძალულია საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა;
  • აკრძალულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები, ჩარტერულის გარდა, რომელიც ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით;
  • აკრძალულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა;
  • აკრძალულია საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
  • აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება.

საზოგადოებრივი ცხოვრება

  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • დასაშვებია უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად, მაგრამ რეკომენდაციების შესაბამისად;
  • კულტურული ღონისძიებები მხოლოდ დისტანციური ფორმით ჩატარდება;
  • აკრძალულია მასობრივი სპორტული ღონისძიებების, შეკრებების და შეჯიბრებების ჩატარება;

ეკონომიკური საქმიანობა

  • აკრძალულია რესტორნებში, ბარებში, კაფეებსა და სასადილოებში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
  • აკრძალულია ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიების მუშაობა;
  • აკრძალულია სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების მუშაობა, აგრარული ბაზრობების გარდა;
  • აკრძალულია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება და გამართვა;
  • აკრძალულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა;
  • აკრძალულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და პროცედურები.

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 735 ადამიანს შეადგენს, აქედან 557 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით აუცილებელია სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა შიდა გადაცემას უკავშირდება.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3076, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 250 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
78475
თემები:
COVID-19 საქართველოში
თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში ჯანმრთელ ადამიანებს კორონავირუსის ანტისხეულები აღმოუჩინეს

150
(განახლებულია 20:38 27.05.2020)
ათასი გამოკვლეული ჯანმრთელი ადამიანიდან ანტისხეულები აღმოაჩნდა ექვს ადამიანს, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი სეროპოზიტიურების ჯგუფს განეკუთვნებიან

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. თბილისში სპეციალისტებმა მცირე კვლევა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ათას ჯანმრთელ მოქალაქეს შორის ექვსს სისხლში აღმოაჩნდა კორონავირუსის ანტისხეულები, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ეს გამოკვლეულთა საერთო რაოდენობის 0,6%-ია. კვლევა ჩატარდა სწრაფი ტესტების მეშვეობით და არა პსრ-ტესტებით.

„ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ეს ექვსი კაცი არის ავადმყოფი, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან სეროპოზიტიურები, ანუ მათ აქვთ ანტისხეულები“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, მსგავსი კვლევა ჩატარდება მთელ მსოფლიოში, რათა დადგინდეს, რა შეფარდებაა ავადმყოფი ადამიანების რაოდენობასა და სეროპოზიტიური ადამიანების რაოდენობას შორის. კვლევა თბილისის ზრდასრულ მოსახლეობას შორის ჩატარდა.

ცერცვაძემ აღნიშნა ასევე, რომ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა გაზრდის რისკებს, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევა მოსახლეობა. მისი თქმით, საქართველომ შეძლო ბოლო კვირის განმავლობაში კარგი მდგომარეობის მიღწევა.

შეზღუდვების მოხსნა ორ სარისკო მომენტს შეიცავს - საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტურიზმს, - აღნიშნა ცერცვაძემ. რისკების ზრდა უკავშირდება იმას, როგორ მოიქცევა მოსახლეობა, როგორი თვითშეგნება ექნება და როგორ დაიცავს წესებს, რომლებიც კარანტინის პერიოდში გამოვიმუშავეთ - ესაა ხელების ხშირი დაბანა, პირბადეების ტარება, დისტანციის დაცვა.

„ტურისტი რომ შემოვა, ტურისტისგანაც საჭიროა დისტანცირება და ა.შ. როცა გაიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და, ჩემი აზრით, არ გაიხსნება სრული დატვირთვით, მოხდება შერჩეულ ადგილებზე მგზავრების დასხდომა, ანუ თუ ავტობუსში ჩვეულებრივ დროს მგზავრობდა 50-60 კაცი, ახლა იმგზავრებს ამის მესამედი. ასევე მეტროს სადგურებში“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, მთავრობამ და ექიმებმა უნდა მოიფიქრონ და დანერგონ ის სიახლეები, რომლებიც ტურიზმის გახსნის შემდეგ რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს. ეპიდემიოლოგს ეჭვი ეპარება, რომ შეზღუდვების გაუქმების შემდეგ ქვეყანა იმავე მდგომარეობას შეინარჩუნებს, როგორიც დღეს აქვს - დღეში ინფიცირების ერთი, მაქსიმუმ, სამი ახალი შემთხვევა.

კითხვას, ნაადრევი ხომ არ არის ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა, ცერცვაძემ მიუგო, რომ ეს აუცილებელია.

„შესაძლოა, ცოტა ნაადრევიც არის, მაგრამ აუცილებელია. ჩვენ ხომ შეზღუდვები მოვხსენით, რათა გავხსნათ ეკონომიკა და დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ ცხოვრებას, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე ვერ გავაკეთებთ“, - აღნიშნა მან.

მისი სიტყვებით, საფრანგეთი და გერმანია შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იძულებული იყვნენ, კვლავ დაბრუნებოდნენ ზოგიერთ აკრძალვას, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება კონკრეტულად საქართველოში.

საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზი 735 ადამიანს გამოუვლინდა, მათგან 557 (75,7%) გამოჯანმრთელდა. COVID-19-ს საქართველოში 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ამჟამად COVID-19-ის დიაგნოზით 166 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ქვეყანაში სამჯერ აღემატება ინფიცირებულთა რიცხვს.

კარანტინშია 3 076 ადამიანი, სტაციონარებში - 250. სამი მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდანაა ჩამოყვანილი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოში 29 მაისს ამუშავდება. რესტორნები, კაფე-ბარები - 8 ივნისიდან, ხოლო ღია სივრცეში რესტორნები - 1 ივნისიდან.

150
თემები:
COVID-19 საქართველოში