თბილისი, 5 აპრილი – Sputnk. თბილისი-ათენი-თბილისის 7 აპრილს დაგეგმილ რეისზე ბილეთების რეალიზაცია დროებით შეწყდა, მიზეზი კი მომხმარებელთა მაღალი ნაკადია, აღნიშნულია ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაში, რომელსაც „პირველი არხი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, მიმდინარე წლის 5 აპრილს, კომპანიამ, თბილისის დროით დილის 10:00 საათიდან დაიწყო ბილეთების ეტაპობრივი გამოტანა ონლაინ პლატფორმაზე. მათივე ცნობით, საიტზე ერთდროულად შევიდა 3278 მომხმარებელი და თავდაპირველად გატანილი 10 ბილეთის ყიდვას ერთად 552 მომხმარებელი შეეცადა.
„ჯორჯიან ეარვეისის“ ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბილეთების რეალიზაციის პროცესი ეტაპობრივად განახლდება.
საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყდა. ფრენებს ახორციელებს კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს.
საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გადის. კარანტინის რეჟიმში ამჟამად 5067 მოქალაქე იმყოფება.
როგორ დაბრუნდებიან სამშობლოში რუსეთის მოქალაქეები - ყველა ავიარეისი შეჩერებულია >>
საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელდა - 36, გარდაიცვალა ორი ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 330 ადამიანი იმყოფება.