კარანტინი მარნეულში

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 28 მარტისთვის

44778
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შეზღუდვებისა და აკრძალვების სია სულ უფრო ივსება. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ გავიდნენ ქუჩაში უკიდურესი აუცილებლობის გარდა.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველო თანდათან ეგუება ცხოვრებას საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რომელიც 21 მარტს გამოცხადდა. ხელისუფლება ცდილობს შეაკავოს კორონავირუსის გავრცელება და სოციალური იზოლაციის ხელშეწყობისათვის პერიოდულად ახალ-ახალ შეზღუდვებს აწესებს. სოციალურ ქსელებში ძალას იკრებს მოძრაობა „დარჩი სახლში“, თბილისის მერიამ ონლაინ-კონცერტების ჩატარება დაიწყო.

ქვეყანაში გაუქმებულია საქალაქთაშორისო ავტობუსებით და რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა, ასევე შიდა ავიარეისები.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი დაწესდა. აღნიშნული ზომები უკავშირდება კორონავირუსის ერთ-ერთ გამოვლენილ შემთხვევას – მარნეულში ინფექცია 62 წლის ქალს აღმოაჩნდა. დაინფიცირების წყარო პრაქტიკულად უკვე აღმოჩენილია. ეს მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრია, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. 

 

საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება. საკომენდანტო საათი და კარანტინი ჯერჯერობით არსად არ გამოცხადებულა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების გარდა, სადაც კარანტინის გამო ამ რაიონებში შესვლა და გამოსვლა მკაცრად კონტროლდება.

ქვეყანაში აიკრძალა 10 კაცზე მეტი პირის შეკრება, ტრანსპორტის, სამედიცინო და საჯარო დაწესებულებების გარდა.

კორონავირუსის აპოკალიფსი: ჩინეთში “ქალაქი-მოჩვენებების“ რაოდენობა იზრდება – ფოტო >>

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 83 ადამიანს შეადგენს, აქედან 14 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ დაავადებულთა რიცხვი გაიზრდება. ახლა მთავარი ამოცანაა – არ მოხდეს მასობრივი გავრცელება. ამისათვის საჭიროა სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააფრთხილა მოსახლეობა – მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა შეიძლება გეომეტრიული პროგრესიით მოხდეს – ქვეყანაში დაიწყოს კორონავირუსის შიდა გადაცემა.

სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, 26 მარტისთვის, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4641, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 ადამიანია.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად გატარებულია შემდეგი ზომები (სია დღითი დღე ივსება):

სამუშაოს ორგანიზაცია

24 მარტიდან შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა, საქალაქთაშორისო ავტობუსებით მგზავრობა, ასევე შიდა ავიამიმოსვლა, ხოლო А პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილება მხოლოდ პირადი ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.

მსხვილ ქალაქებში აგრძელებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თბილისში მეტროც მუშაობს.

20 მარტიდან საქართველოში დროებით დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი. მუშაობენ აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, ზოომაღაზიები, საწყობები, აგრარული ბაზრები, ცხოველთა ბაზრები, სასუქის მაღაზიები, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, ასევე ბენზინგასამართი სადგურები. გარდა ამისა, მუშაობს საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები, სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი სხვა საწარმოები, სამაცივრე მეურნეობები, ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები და დისტრიბუტორები, ვეტერინარული კლინიკები, ვეტაფთიაქები, ცხოველთა ფერმები, ლაბორატორიები.

აიკრძალა კაფეებისა და რესტორნების მუშაობა, დაკეტილია აბანოები, სპორტდარბაზები და ა.შ., გაუქმდა სამარშრუტო ტაქსების მუშაობა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო აიკრძალა ქელეხების, ქორწილების და სხვა მსგავსი ღონისძიებების გამართვა.

ყველა გეგმური ოპერაცია ოთხი თვით გადატანილია, გადაწყვეტილება არ ეხება გადაუდებელ ოპერაციებს. პრაქტიკულად მთელი მედპერსონალი COVID-19-თან საბრძოლველად არის მობილიზებული.

საზოგადოებრივი კვების ობიექტები მუშაობენ, თუმცა დაშვებულია მხოლოდ მიწოდების სერვისი. თუმცა ობიექტების უმრავლესობა მაინც დაიკეტა.

მოქალაქეებს მოუწოდეს, დროებით თავი შეიკავონ ლისის ტბისა და ბათუმის ბულვარის სტუმრობისგან. ხოლო თბილისში კუს ტბისკენ მისასვლელი გზა დროებით ჩაიკეტა.

18 მარტიდან თბილისის ყველა ავტობუსში მძღოლი იზოლირებულია მგზავრებისგან. მოქალაქეები სარგებლობენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში არ არიან. ასევე დროებით შეჩერდა თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა.

იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, საჯარო რეესტრის ცენტრებში ვიზიტორთა შესვლა მაქსიმალურად შეზღუდულია.

თბილისის მერიის რაიონული მომსახურების ცენტრებმა ასევე დროებით შეაჩერეს მუშაობა. 

პურის მწარმოებლებს მიეცათ რეკომენდაცია, პური მაღაზიებს მხოლოდ შეფუთული სახით მიაწოდონ. 

აჭარაში 1 აპრილამდე დაიკეტა ბაზრობები და ამ ბაზრობებზე არსებული სავაჭრო ობიექტები.

შექმნილია უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. 

სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ასეთივე რეკომენდაციები გაიცა კერძო კომპანიებისთვისაც. 

მთავრობის გაფრთხილება: დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს კარანტინის პერიოდი, რომელიც ბიულეტენთან არის გათანაბრებული.

მოქალაქეები, რომლებიც თვითიზოლაციის პირობებს არღვევენ, კარანტინში პოლიციის გამოყენებით იძულებით გადაჰყავთ. მსგავსი პრეცედენტები საკმაოდ ხშირია.

კარანტინიდან გაქცეულები
კარანტინიდან გაქცეულები

ხელისუფლებამ გამოაცხადა ეკონომიკის სტიმულირების საგანგებო გეგმის შემუშავების შესახებ, რომელიც ტურისტული სექტორისთვის ზარალს შეამცირებს.

21 მარტიდან ყველა სამხედრო მოსამსახურე ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა.

საზღვარი და გადაადგილება

21 მარტიდან საქართველომ სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა. ფრენები შესრულდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და მხოლოდ „საქართველოს ავიახაზების“ მიერ. უცხოეთიდან ჩამოსული ყველა მოქალაქე სავალდებულო ორკვირიან კარანტინში მოთავსდება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ ახორციელებს უცხოეთიდან გარდაცვლილი თანამემამულეების ცხედრების გადმოსვენების პროცედურას. ჯანმოს ეს მოთხოვნა ყველა ქვეყანას ეხება.

18 მარტიდან საქართველომ ორი კვირით დაკეტა საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

რაც შეეხება სახმელეთო საზღვარს, 14 მარტიდან დაიკეტა საზღვარი სომხეთთან და აზერბაიჯანთან. 15 მარტიდან კი მუშაობა შეაჩერა „სარფის" საკონტროლო-გამშვებმა პუნქტმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე. 

საკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ მუშაობს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე – საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ.

16 მარტიდან ასევე დროებით შეწყვეტილია მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოსა და რუსეთს შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება საქართველოს და რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ და ასევე არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.

ტვირთების გადაზიდვა განხორციელდება 24-საათიან რეჟიმში ქვეყანაში არსებული ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, ხოლო ქვეყანაში დაბრუნების მსურველი მოქალაქეებისათვის იმოქმედებს გრაფიკი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, თითოეულ საზღვარზე თითო გამშვები პუნქტი იმუშავებს..

მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ უცხოეთში გამგზავრებისგან.

ავტომატურ შემოწმებასა და სავალდებულო ორკვირიან კარანტინში ყოფნას ექვემდებარებიან პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია. უცხოელები იმ შემთხვევაში დააღწევენ თავს კარანტინს, თუ წარმოადგენენ PCR-ის ცნობას.

კულტურა და სპორტი

საქართველოს მთავრობამ სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი ვადაზე ადრე დახურა.

რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიების გაუქმების შესახებ.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადაიდო სპორტული, კულტურული და სხვა მასობრივი ღონისძიებები.

დაიკეტა ყველა თეატრი და მუზეუმი. 

მუშაობა შეწყვიტა დედაქალაქის ღამის კლუბებმა. 

დაიკეტა ყველა სპორტული დარბაზი და სპა-ცენტრი. 

შეწყდა საქართველოს ფეხბურთის, ხელბურთის, კალათბურთისა და რაგბის ჩემპიონატები.

გაურკვეველი ვადით გადაიდო ძიუდოში თბილისის გრან–პრის გამართვა.

14 მარტს საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩი გადაიდო.

ასევე გადადებულია 26 მარტს დაგეგმილი საქართველო–ბელარუსის საფეხბურთო მატჩი.

სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, საბავშვო ბაღები

ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო. 30 მარტიდან ქვეყანაში ტელესკოლა ამოქედდება.

დაიკეტა საბავშვო ბაღები.

ფინანსები

საქართველოს ეროვნული ბანკი 14-დღიან კარანტინში მოათავსებს მიმოქცევიდან ბანკში შესულ ფულის ბანკნოტებს კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირების საფრთხის გამო. 

საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის წარმომადგენელთათვის ორი თვით აჩერებს ლიცენზიების გაცემას და რეგისტრაციას.

პენიტენციური სისტემა

პრობაციონერებს უფლება აქვთ, პრობაციის ბიუროში სავალდებულო რეგისტრაციისთვის 14 აპრილამდე არ გამოცხადდნენ.

კოლონიებსა და საპატიმროებში აიკრძალა პაემნები, სანაცვლოდ გაიზარდა სატელეფონო საუბრებზე ლიმიტი.

ციხეებში, რომლებშიც ახალი დაკავებულები გადაჰყავთ (ქალთა №5 ციხე, გლდანის №8 ციხე, ქუთაისის №2 ციხე), ბრალდებულთა სამედიცინო გამოკვლევა შენობის ფარგლებს გარეთ, სპეციალურ სამედიცინო პუნქტში მიმდინარეობს.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

44778
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (619)