დეზინფექცია

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა

59
(განახლებულია 18:32 26.03.2020)
ავტობუსში ასვლა-ჩამოსვლისას მგზავრებს ხელების სადეზინფექციო საშუალებით დამუშავების საშუალება მიეცათ. ამას გარდა, მუნიციპალურ ტრანსპორტს ყოველდღიურად უტარდება დეზინფექცია.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

26 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 77 ადამიანს მიაღწია, აქედან 7 პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. სულ გამოჯანმრთელდა 10. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4346, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 პაციენტია.

სადეზინფექციო სითხის დისპენსერები ბათუმში მოქმედ 120-ვე ავტობუსში დამონტაჟდა და ავტობუსში ასვლა-ჩამოსვლისას მგზავრებს ხელების სადეზინფექციო საშუალებით დამუშავების საშუალება მიეცათ. ამასთან, მუნიციპალურ ტრანსპორტს ყოველდღიურად უტარდება დეზინფექცია.

ბათუმის მერიამ, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტაქსებით გადაადგილების წესებიც შემოიღო, ხოლო ავტობუსების წინა ნაწილი, სადაც მძღოლები იმყოფებიან, გადაკეტა. 

გარდა ამისა, დღეს, 23:00 საათიდან ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება. პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ასევე აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო აჭარა განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს პარალელურად საეჭვო სიმპტომების მქონე პირების მისაღებად მზადდება „მედალფას" კლინიკა და ქობულეთში „ევექსის" რეგიონული ჰოსპიტალი.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კარანტინში 2000-მდე პირია მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

59
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)
ყვავილებით ვაჭრობა

თაიგული სარვამარტოდ - ქსელური მაღაზიები და პატარა ჯიხურები დღესასწაულის მოლოდინში

52
(განახლებულია 19:45 07.03.2021)
ქალთა საერთაშორისო დღისთვის ყვავილების გამყიდვლები განსაკუთრებით ემზადებიან, ასორტიმენტი ისეთია, რომ ადამიანი დაიბნევა, მაგრამ გინდა არ გინდა თვალი ფასებისკენაც გაგირბის, - რას „მოერევა“ ოჯახის ბიუჯეტი - იების მოკრძალებულ კონას თუ მდიდრული ვარდების თაიგულს

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ტიტების მომცრო თაიგული ან ძვირფასი ვარდების დიდი კალათა - ყვავილები დიდი ხანია 8 მარტის განუყოფელ ატრიბუტად იქცა.

რვა შვილის დედა და მისი „სხვა შვილები“... >>

ქალთა საერთაშორისო დღისთვის ყვავილებზე მოთხოვნა რამდენჯერმე იზრდება, მოთხოვნასთან ერთად იზრდება ფასებიც.

„წელს 8 მარტისთვის განსაკუთრებული მოთხოვნაა წითელ ვარდებზე და წინწკალებზე. არის შეკვეთები, სადაც ეგზოტიკური თაიგულების გაკეთებას ან იშვიათად ლურჯ ვარდებს ითხოვენ. საშუალოდ, ერთ ვარდს 5 ლარად შეიძენთ, საშუალო სადა თაიგული მომხმარებელს 80 ლარი დაუჯდება“, - უამბეს Sputnik-საქართველოს თბილისის ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიაში.

არსებობს მდიდრული თაიგულებიც, რომელთა შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. ასეთი თაიგულების ფასი იწყება 60 ლარიდან და 900 ლარს აღწევს. შროშანების დიდი კოლოფი 330 ლარი დაჯდება.  

კონსულტანტის თქმით, საქართველოსთვის მაღალი ფასების მიუხედავად, მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მაღალი ხარისხის პროდუქციას, ლამაზი შეფუთვით მიიღებს. ამაში ისინი ხედავენ თავიანთ უპირატესობას ქუჩაში მდგომ ყვავილებით მოვაჭრეებთან შედარებით.

ბუნებრივია, სპეციალიზებულ მაღაზიაში ყვავილების შესაძენად ძირითადად შეძლებული მოქალაქეები შედიან, რომლებსაც ადრესატის გაკვირვება ეგზოტიკური და იშვიათი თაიგულებით სურთ.

ხოლო ვინც ყვავილებს ბაზარში ან მეტროსთან შეიძენს, მას ვარდების საშუალო თაიგული 15-20 ლარი დაუჯდება. მოკრძალებული ბიუჯეტის შემთხვევაში შეიძლება 3-4 ლარად იების ან ყოჩივარდების პატარა თაიგულის შეძენა.

ბოლო წლებში მოდური გახდა ქოთნის ყვავილების ჩუქება. თუმცა ისინიც წყლის ლარნაკში ჩადებულ ყვავილებთან შედარებით არც ისე დიდ ხანს ძლებენ. ასეთი საჩუქრის ფასი 5-10 ლარიდან იწყება.

52
მუსიკოსები რესტორანში

როდის აღდგება რესტორნების შიდა სივრცეებში ცოცხალი მუსიკის შესრულება

42
საქართველოს ხელისუფლება ეტაპობრივად ამსუბუქებს შეზღუდვებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა

 თბილისი, 7 მარტი - Sputnik. 1 აპრილამდე საზოგადოებრივი კვების ობიექტების შიდა სივრცეებში ცოცხალი მუსიკის შესრულება კვლავ შეზღუდული იქნება. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ორშაბათიდან, 8 მარტიდან კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება, რომლებიც გასული წლის ნოემბერში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო დაწესდა. კერძოდ, ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით რესტორნები მუშაობას შიდა სივრცეებში განაახლებენ (შაბათ-კვირის გარდა).

გარდა ცოცხალი მუსიკის შესრულების შეზღუდვისა, კვლავ აკრძალული იქნება სოციალური ღონისძიებების გამართვაც.

ხვალიდან აგრეთვე სამთო კურორტებზე გაიხსნება საბაგიროები, სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც განაახლებენ მუშაობას.

საქართველოში 1 მარტს გაიხსნა მუზეუმები და ბიბლიოთეკები, ბათუმის რესტორნებში მუშაობა შიდა სივრცეებში განახლდა (გარდა შაბათ-კვირისა), ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება, ფუნქციონირება დაიწყეს საბავშვო ბაღებმა, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება.

ქვეყანაში 25 თებერვლიდან აღდგა სასტუმროების მუშაობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვები, რომლებიც 25 თებერვლიდან  შემსუბუქდება - სრული ჩამონათვალი >>

ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა უქმე დღეებშიც.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. ის ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან.

42
ნინო ბურჯანაძე

თალაკვაძე ღარიბაშვილის ნაცვლად: ბურჯანაძემ „ოცნებიდან“ მომლაპარაკებლის ვინაობა დაასახელა

0
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოლაპარაკებებზე მთავარ საკითხს წარმოადგენს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მოლაპარაკებათა მაგიდასთან პრემიერის ნაცვლად პარლამენტის სპიკერი უნდა იჯდეს

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. სულ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია წინააღმდეგია, რომ მმართველი პარტიიდან მოლაპარაკებებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდეს.

„ქართული ოცნება“ ბერა ივანიშვილის მონაწილეობით აუდიოჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს >>

როგორც ჟურნალისტებს „ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა, მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ჩაანაცვლოს პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, სრულიად გაუგებარი იყო, რატომ ესწრებოდა მმართველი პარტიის სახელით ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრას.

„საქმე საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ბევრად ლოგიკური და ადეკვატურია ამ ტიპის შეხვედრას ესწრებოდეს პარლამენტის თავმჯდომარე და არა პრემიერ-მინისტრი. მოლაპარაკება და ბრიუსელი კი არა, არა მგონია ღარიბაშვილი საერთოდაც გამოჩნდეს, რადგან 24 საათზე მეტი გავიდა რაც ამ ჩანაწერების შესახებ პირველი ინფორმაცია გავრცელდა და ღარიბაშვილს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ამიტომაც, წესით ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილი სასწრაფოდ უნდა გადადგეს და უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ქუჩაში „გამოვარდება“ და სიტუაცია ქვეყანაში უმართავი გახდება, რაც არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას არ აწყობს.

საქართველოში ცნობილ პირთა მონაწილეობით ფარული აუდიოჩანაწერების სკანდალი აგორდა >>

როგორც მხარეებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, მარტის შუა რიცხვებში ბრიუსელში საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საკითხზე საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ. მან იმედი გამოთქვა, რომ იმ დროისათვის მხარეები გარკვეულ კონსენსუსს მიაღწევენ და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს იპოვიან.

0